19 მარტიდან 2012-მდე
ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ყველანი უფრო მშვიდად ვიქნებოდით. მაგალითად, 19 მარტს ზოგიერთი თბილისელი სოფელში არ გაიქცეოდა, ზოგი კი ღამეს ქუჩაში არ გაათევდა. ვინც სახლში დარჩა, ალბათ, იმასაც თითოეულ ჭრაჭუნზე ელეთმელეთი მოსდიოდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შტერნბერგის სახელობის ასტროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ვლადიმირ სურდინმა 11 მარტს ერთ-ერთ მეათეხარისხოვან რუსულ საიტს განუცხადა, რომ 2011 წლის 19 მარტს მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მიუახლოვდება და შესაბამისად, დედამიწა მაქსიმალურად განიცდის მთვარისა და მზის "მოქცევას". ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ გეოფიზიკოსებმა მთვარის მოძრაობასა და მიწისძვრას შორის მცირე კავშირი შეამჩნიეს, შესაძლოა, 19 მარტს "მიწისძვრის სიხშირეები გაძლიერდესო".
რუსულმა ყვითელმა პრესამ და საიტებმა სურდინის "ლაითი" პროგნოზი აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებად აქციეს. პანიკა სახელწოდებით "19 მარტი" საქართველოშიც შემოძვრა. საბოლოოდ, იმ რუსი რიგითი მეცნიერ-თანამშრომელის სახელი ყველას დაავიწყდა და ასეთი სურათი მივიღეთ - თურმე, ვიღაც "მაგარმა" რუსმა მეცნიერმა 19 მარტს კატაკლიზმები ივარაუდა! შემდეგ საიდანღაც გაჩნდა ნიუსი, რომ ამ მეცნიერს ამერიკელებიც დაეთახმნენ და... დავიწყეთ მზადება 19 მარტისთვის!
11-19 მარტს მომავალ "კატასტროფაზე" ლამის ყველა პროფესიის ადამიანის კომენტარი გამოქვეყნდა - დაწყებული სეისმოლოგით და დამთავდებული მკითხავ-ასტროლოგით. ყველა ამტკიცებდა, რომ 19 მარტი იქნებოდა ისეთივე ჩვეულებრივი დღე, როგორც მაგალითად, 15 ან 18 მარტი. მაგრამ ადამიანი ეჭვიანი არსებაა - რაც უფრო მეტი კონტრკომენტარი ქვეყნებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, რომ "რაღაც მოხდებოდა" - სპეციალურად გვამშვიდებენ, გვატყუებენ, რომ პანიკა არ დაიწყოსო.
ანეკდოტური ის არის, რომ არავინ იცის, საიდან მოტანილმა დაანონსებულმა კატასტროფამ, რომლის არც პირველწყარო ვიცოდით და არც წარმომავლობა, პანიკაში ჩაგვაგდო. სამაგიეროდ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მიწისძვრებია მოსალოდნელი, გავბრაზდით - როგორ შეიძლება მსგავსი პროგნოზების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაო.
19 მარტმა გადაიარა და ნელ-ნელა ყველანი დამშვიდდით. თუმცა უკვე აქედან ყველანი უნდა მოვემზადოთ 2012 წლის 21 დეკემბრისთვის. ალბათ იცით, რომ მაიას ტომის პროგნოზით, 21.12.2012-ში კაცობრიობა არსებობას შეწყვეტს!!!
პანიკიორებს ერთ არგუმენტს მივაშველებთ - აგერ, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ბარაქ ობამამ 2012 წლის არჩევნებზე მაინც რომ გაიმარჯვოს, მე სახელმწიფო მდივანი აღარ ვიქნებიო. აი, თუ არ არის მართალი. მეორე არგუმენტი - "ზოგიერთი" ამბობს, 2013 წელს პრეზიდენტი აღარ ვიქნებიო.
ისე, რუსეთი პროგნოზებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მექსიკა კი - კომერციულისთვის, მექსიკის ტურიზმის მინისტრმა ტურისტებს მოუწოდა - 2012 წელს ჩავიდნენ მექსიკაში და იქ შეხვდნენ "მეორედ მოსვლას".
ტურიზმი ჩვენთვისაც პრიორიტეტია. ჰოდა, რა გვიშლის ხელს, რომ იმ გამოქვაბულში, სადაც ზეზვა და მზია ვიპოვეთ, "აღმოვაჩინოთ" რაიმე "უძველესი" წარწერა, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს დედამიწას მეტეორი დაეცემა. ოღონდ, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ მხოლოდ საქართველო გადარჩება, თორემ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ამბავი დაიწყება, რომ შესაძლოა, 2012 წლის 21 დეკემბრამდე ვერც მივაღწიოთ.
ასეთი "აღმოჩენების" ტექნოლოგიები კი შეგვიძლია ჩვენი სამხრეთელი მეზობლებისგან ვისესხოთ, ერევნის შემოგარენში "ადიდასის" ყველაზე ძველი ფეხსაცმელი რომ აღმოაჩინეს და ეს იქ არავის რომ არ უკვირს.
(სპეციალურად საიტისთვის)