"ელვარდს ცოლ-შვილიც აქციაზე ჰყოლია და ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, სხვაგან გადაუსვამს" - რას ჰყვებიან საზარელ ავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
"გამწარებული ბიჭი ბღაოდა, მამა მომიკლესო"
გორთან მომხდარი ავტოავარიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და უკვე დაკავებულია ტრაილერის თურქი მძღოლი, რომელიც გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავარიის დროს დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს გორთან ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილია ყოფილი ძალოვანი, როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია, ჩხოროწყუში მცხოვრები 26 წლის გოგა ჯალაღონია, ყოფილი ძალოვანი, ჩხოროწყუელი ბაკურ შენგელია, ასევე, ყოფილი ძალოვანი, ვიცეპოლკოვნიკი, სოხუმიდან დევნილი ოთარ ჯიქია და ზუგდიდელები: ბაჩანა როგავა და ილია (ირაკლი) გაწერელია.
სამარშრუტო მანქანას მართავდა ბაჩანა როგავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ის ზუგდიდელია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაჩანა ახალი დაქორწინებული იყო.
ავარიის დროს გარდაცვლილი ორი მამაკაცი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. ერთ-ერთი ახალგაზრდა 26 წლის გოგა ჯალაღონიაა. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. გოგა თბილისში, აქციაზე იმყოფებოდა და თავის "ფეისბუკის" გვერდზე აქციიდან რამდენიმე "ლაივიც" ჩართო. ადგილობრივების თქმით, გოგა ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, მას ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი. როგორც ირკვევა, ის ამ მიკროავტობუსში მისმა მეზობელმა ლაშა ჯალაღონიამ ჩასვა. ლაშა ყოფილი ძალოვანია და ეტყობა, მეგობრებთან ერთად მგზავრობდა.
გარდაცვლილებს შორის არის ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მცხოვრები ბაკურ შენგელია. ბაკურიც ყოფილი ძალოვანია, თუმცა სისტემიდან წლების წინ წამოვიდა, ამჟამად ფოთში მუშაობდა და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. "ძალიან განვიცდი მომხდარს. 6 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ორი ჩხოროწყუს მაცხოვრებელია. ბაკურ შენგელიას წლებია, ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყოფილი პოლიციელია, ფოთში ფიზიკურად შრომობდა, მუშაობდა. ბაკური ძველ მეგობრებთან ერთად იყო იმ მიკროავტობუსში.ზუგდიდის აქციაზე რომ ვიყავით, მაშინ ცხონებული ბაჩუკი ჩხოროწყუდან ჩვენ გამოგვყვა. დიდი ხანია, ჩხოროწყუში არ მინახავს. ზუგდიდში ეტყობა ძველმა მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ თბილისში ერთად წასულიყვნენ. ილია გაწერელიაც კარგი ახალგაზრდა კაცი იყო.
სენაკში, სოფელ ნოსირთან ვიყავით კოლონები გაჩერებული და იმ დილით ველაპარაკე ბაკურს. არც ის ვიცოდი, რომ გოგა ჯალაღონია ზუგდიდის “მარშრუტკაში“ იყო გადასული. ლაშა ჯალაღონია ყოფილი ძალოვანია და ეტყობა, იმასთან გადავიდა. მეზობლები და ნათესავები არიან. ადამიანად არ ვარგივარ, ისე ვარ განადგურებული ამ ტრაგედიის გამო. ბაკური შენგელიას ბავშვობიდან ვიცნობ, წესიერი, პატიოსანი ადამიანი იყო. როგორც ვიცი, მძიმეა ლაშა ჯალაღონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის თბილისში გადაიყვანეს. მეც მყავდა რაიონიდან ჩვენი მხარდამჭერები წამოყვანილი და იმათ მანქანას მოვყვებოდი. ზესტაფონში ვიყავით, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგეთ. ვიზიარებ ამ ოჯახების ტკივილს, ეს მთელი ერის ტრაგედიაა. იმედია, დაშავებულების გადარჩენა მოხერხდება. ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი ლაშა ჯალაღონიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - გვითხრა ჩხოროწყუს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რამაზ გულუამ.
26 წლის გოგა ჯალაღონია უკვე მიასვენეს სოფელში.
მერის წარმომადგენელი სოფელ კირცხში, ინგა ასათიანი უთანაგრძნობს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს: "გოგა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. ჰყავს ძმა. ძალიან დასანანია მომხდარი და ყველანი განვიცდით. ლაშა ჯალაღონია მძიმედ არის, ლაშას ჰყავს ცოლ-შვილი და მშობლები. ისიც კარგი ახალგაზრდაა. უმძიმესი ტრაგედიაა, რაც მოხდა. იმედია, ლაშა გადარჩება".
ბაკურ შენგელიას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. მართალია, ის ფოთში ცხოვრობდა, მაგრამ ცხედარი სოფელ ხაბუმეში მიასვენეს, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. "ბაკურის მშობლები ცხოვრობენ ხაბუმეში, თვითონ ფოთში მუშაობდა და ცოლ-შვილთან ერთად იქ იყო ძირითადად. ხანდახან დადიოდა სოფელში. ბაკური მეგობრული და კარგი გულის ადმაიანი იყო. ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონდა",- ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ხაბუმეში ნესტან ქარჩავა.
უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის არის როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაია. მისი ოჯახი ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს. ელვარდი, თურმე, უცხოეთში იყო და საარჩევნოდ საგანგებოდ ჩამოვიდა საქართველოში.
ია ჯიშკარიანი, ხობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი:
- ელვარდ ახალაია სოფელ საჯიჯაოდან არის, ბატონი როლანდის ძმისშვილია. უზომოდ წესიერი, ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი. გული მტკივა და სული მეწვის, სიტყვები არ მყოფნის, რომ ეს არაჩვეულებრივი და საამაყო პიროვნება ცოცხალი აღარ არის. სამი შვილის მამაა. ელვარდი 2012 წლამდე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, შემდეგ თვითონ წამოვიდა სისტემიდან. იმდენად წესიერი ადამიანი იყო, მის წინააღმდეგ საქმეს ვერ აღძრავდნენ. ახლა ევროპაში იყო და საარჩევნოდ ჩამოვიდა. როგორც ჩანს, მეგობრები შეიკრიბნენ, ყოფილი ძალოვნები, ზუგდიდში და ერთად წავიდნენ იქიდან, თორემ ჩვენი რაიონელია. ელვარდს დედა 5 წლის წინ გარდაეცვალა, ახლა სახლში მისი მოხუცი მამა ცხოვრობს და არ ვიცი, ის ამხელა ტრაგედიას როგორ გადაიტანს. მითუმეტეს, მას კიდევ ერთი შვილი, ელვარდის ძმა ჰყავს გარდაცვლილი და ეს ტკივილი არ ჰქონდა განელებული. ახლა ახალი ტრაგედია დაატყდა თავს. ელვარდი აქციაზე ცოლ- შვილთან ერთად იყო წასული. მეუღლე და ერთი შვილი იქ ჰყავდა. თურმე, ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ისინი სხვა მიკროავტობუსში გადასვა და ცოტა ხანში ეს ტრაგედიაც მოხდა. ბედისწერაა ეს ყველაფერი".
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის ასევე ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია, რომელიც აქციაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მისი ვაჟი გადაურჩა სიკვდილს, იგი ამ საშინელი ტრაგედიის თვითმხილველია, ხელში ჩააკვდა მამა. ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ჯიქია სოხუმელი იყო. ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა.
დარეჯან ცქვიტარია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფოთიდან:
- მამა-შვილი ჯიქიები იმ "მარშრუტკას" წამოჰყოლია. ოთარ ჯიქია ყოფილი ძალოვანი იყო. გარდაცვლილებიდან კარგად ვიცნობდი ირაკლი გაწერელიას და ახლა მისი სამძიმრიდან მოვდივარ. უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ოთარ ჯიქიას შვილი გადარჩა, ის გარეთ ყოფილა და სიგარეტს ეწეოდა, როცა ტრაილერი დაეჯახა მიკროავტობუსს. ეს მიკროავტობუსი ბიჭებს გაჩერებული ჰყავდათ გზაზე და სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ჩასულები. ორი მამაკაცი, მანქანიდან ჩამოსული გაიტანა ამ ტრაილერმა და ისინი ადგილზე დაიღუპნენ, ამის შემდეგ დაეჯახა გაჩერებულ მიკროავტობუსს და ათრია 150-200 მეტრის მანძილზე. როგორც ამბობენ, იმ თურქ მძღოლს ჩაეძინა, თორემ ასეთი საშინელი ავარია წარმოუდგენელია, მომხდარიყო. ოთარ ჯიქიას შვილი უვნებლად გადარჩა. ის ამბობს, რომ მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ჩამოსულები და მამა თვალწინ მოუკლეს. ძალიან განვიცდი, მთელი ღამე ვტიროდი. მეც ვიყავი აქციაზე, ქუთაისში არ ვიყავით შესულები, გარდაცვლილი ოთარის შვილმა რომ დარეკა. მე მისი ნათესავის მანქანით მოვდიოდი თბილისიდან. გამწარებული ბიჭი ბღაოდა, მამა მომიკლეს, ხელში ჩამაკვდაო.
"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ახლობლებს.
(სპეციალურად საიტისთვის)