"შევარდნაძე ლამის შეეწირა მილსადენების პროექტების განხორციელებას, მაშინ, როცა ივანიშვილმა..." - რუსეთი და ქართული პოლიტიკის საბედისწერო შეცდომები
მეხუთე კოლონა და რუსეთის აგენტი - ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები საარჩევნო პერიოდში ყველაზე ხშირად იყენებენ ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის. ამომრჩეველს ყოველ ჯერზე ესმის, თუ როგორ ადანაშაულებენ ჩინოვნიკები ერთმანეთს პრორუსულობაში და როგორ იჩემებენ პროდასავლურობას, თუმცა არასდროს არაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს, რეალურად ვინ მოქმედებს უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოების მნიშვნელოვანის ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ვერ მივიღეთ ლუსტრაციის კანონი. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ რუსული აგენტურა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მიჩუმათებული იყო, თუმცა მათ 2012 წლიდან თვითლუსტრაცია თავად მოახდინეს. "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს იმდენად გააშლევინა ფრთები ჩვენს ქვეყანაში, რომ მეხუთე კოლონას დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა და თავისი რეალური სახის დამალვას საჭიროდაც აღარ მიიჩნევდა", - ამბობს ექსპერტი. საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რუსული აგენტურის გავლენასა და მათი მუშაობის მეთოდებზე ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
- რუსეთმა ურჩი სახელმწიფოების დასჯისთვის თადარიგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნის ადრეულ წლებში დაიჭირა და წევრ ქვეყნებში ნელი მოქმედების ნაღმის სახით შექმნა ავტონომიები. ამასთან, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში აამუშავა რუსული აგენტურა.
უკვე კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამხობა რუსული რევანში იყო. ისიც ცხადია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტში დიდი წვლილი მიუძღვით როგორც ეთნიკურად ოს და აფხაზ რუსეთის აგენტებს, ასევე ქართულ ინტელიგენციასა თუ პოლიტელიტაში ჩანერგილ რუსულ აგენტურას.
სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვაჩოქა, როცა დსთ-ში იძულებით შევედით. თუმცა შემდეგ შევარდნაძემ დაიწყო ძალიან ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯების გადადგმა რუსული გავლენებისგან გასათავისუფლებლად. ამ გზაზე მნიშვნელოვანი იყო 1995 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერი დაწესდა. ამით საკანონმდებლო ორგანოსკენ გზა გადაუკეტა რუსეთისგან მართულ პატარ-პატარა პარტიებსა თუ გავლენის ჯგუფებს.
რუსეთმა შევარდნაძე აიძულა, ძალოვან მინისტრებად რუსეთის სპეცსამსახურებისა და თავდაცვის უწყებების პირდაპირი ნომენკლატურა დაენიშნა. მოგვიანებით შევარდნაძემ მათი ნაბიჯ-ნაბიჯ მოშორება დაიწყო, მაგრამ მათგან ბოლომდე გათავისუფლება ვერ შეძლო. საქართველოს საკადრო პოლიტიკაზე რუსეთის პირდაპირი გავლენა მხოლოდ სააკაშვილის დროს შეწყდა.

- ამბობთ, რომ გამსახურდიას დამხობა რუსული რევანში იყო, რომ შევარდნაძე ცდილობდა ქვეყანა რუსული გავლენისგან გაეთავისუფლებინა. თუმცა გამსახურდიას დამხობის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხომ სწორედ შევარდნაძე იყო? - მეტსაც გეტყვით, სოხუმის დაცემა სწორედ იმ ხელშეკრულების შედეგია, რომელიც აფხაზეთიდან ქართული ჯარის გაყვანას ითვალისწინებდა და რომელსაც ხელი შევარდნაძემ მოაწერა. საინტერესოა, ადამიანმა, რომელიც საბჭოთა სახელმწიფო ელიტაში იმხანად ყველაზე წარმატებული ქართველი იყო და პარტიული ნომენკლატურის ყველა საფეხური გაიარა, როგორ ვერ გათვალა რუსეთის მზაკვრობა და რატომ გამოიყვანა ჯარი აფხაზეთიდან?! იქნებ გათვალა კიდეც, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, იცოდა, რომ აფხაზეთის ბედი გადაწყვეტილი იყო და ამას შეეგუა?!
ფაქტია, აფხაზეთში ჯარის ჯერ შეყვანა და შემდგომ გამოყვანა რუსული კვალისა და შევარდნაძის მმართველობის ყველაზე შავბნელი პერიოდია. თუმცა შევარდნაძემ ძალიან მალე აუღო ალღო მსოფლიო ტენდენციებს და მიხვდა, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის შანსი ეძლეოდა.
შევარდნაძე-ალიევი-დემირელის ტრიუმვირატმა რეგიონს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქცია შესძინა და ევროპის ენერგომომარაგებისთვის რუსეთის ალტერნატიული ხაზი გაჭრა. ამით რუსეთის საზღვრებთან ბუფერული ზონაც შექმნეს.
ამ პროექტების ჩასაშლელად რუსებმა შევარდნაძე ორჯერ ააფეთქეს. რეალურად საქართველომ ამ პერიოდიდან დაიწყო რუსული გავლენის სფეროდან გამოსვლა.
შემდეგ მოდის სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და რუსეთის კადრის ოფიცრებს თანდათან ებლოკებათ გზა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პოსტებზე, რასაც რუსეთის დიდი აგრესია მოჰყვა.
- სააკაშვილის ოპონენტები აუცილებლად შეგახსენებდნენ, რომ ის КГБ-ს ჯარში მსახურობდა, მისი ბიძა კი КГБ-ს ოფიცერი იყო. - ხომ გახსოვთ, "ვარდების რევოლუციის" დროს ივანოვის ჩამოსვლა? ეს იმას მოწმობდა, რომ რუსეთი დაეთანხმა შევარდნაძის ხელისუფლების ახლით ჩანაცვლებას. ბუნებრივია, რუსეთს ერჩივნა ამ პროცესიდან განზე არ გამდგარიყო და ახალი ხელისუფლების გული მოეგო, თუმცა ამას "ვარდების რევოლუციით" მოსულთათვის ხელი არ შეუშლია პროდასავლური პოლიტიკის გატარებაში.
- თქვენ ეჭვობდით, რომ შევარდნაძემ აფხაზეთიდან ქართული ჯარის გაყვანას ხელი მოაწერა. მსგავსი ეჭვი თუ გაქვთ სააკაშვილზეც, როცა მან კოდორსა და ახალგორს სახელწოდებები შეუცვალა, რის შედეგადაც ეს რეგიონები ძალიან მალე დავკარგეთ? - კოდორისა და ახალგორისთვის სახელების შეცვლის მოტივი აფხაზი და ოსი მოსახლეობის საქართველოსთან ინტეგრირება იყო. ამიტომ შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარალელური ადმინისტრაცია. მაშინდელ ხელისუფლებას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა პრორუსულ მისწრაფებებში ერთიანი არ არის და მისი ნაწილი საქართველოსკენაც იხრება. დაიწყო მასტიმულირებელი პროექტები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივაც, მაგრამ მე კოდორის ზემო აფხაზეთად გამოცხადებას საბედისწერო შეცდომად მივიჩნევ. თუმცა 2008 წელს ნატოსთან ინტეგრაციაზე უარი რომ არ მიგვეღო, პროცესები შესაძლოა საქართველოსთვის სასიკეთოდ წარმართულიყო. ამ უართან ერთად კოსოვოს პრეცედენტმა აგვისტოს ომი თითქმის გარდაუვალი გახადა. რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს დასაჩოქებლად ხელ-ფეხი გაეხსნა და უნდა მოესწრო. ხომ გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ პუტინმა და მედვედევმა განაცხადეს, რომ საქართველოში აგრესიით დასავლეთი დასაჯეს და განაცხადეს, რომ რუსეთი არ შეეგუებოდა ნატოს შემდგომ გაფართოებას შავ ზღვაზე და რუსეთის საზღვრებთან.
- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის რუსულ ვექტორზე ის პოლიტიკური ძალებიც ლაპარაკობენ, რომლებმაც 2012 წელს ნდობა გამოუცხადეს, თუმცა მაშინაც იცოდნენ, რომ ივანიშვილს ფული რუსეთში ჰქონდა ნაშოვნი. - კრემლი ვერაფერს აღწევს "მოსწორებულ ნიადაგზე", შესაბამისად, იმ პრობლემებს იყენებს, რომლებიც მის სამიზნე ქვეყნებში უკვე არის - ე.ი. "მტკივნეულ წერტილებს" აჯდება. თუ ქვეყანაში ეთნიკური შუღლი მიძინებულია, გააღვივებს. ამის მაგალითებია აქეთ ცხინვალი და აფხაზეთი, იქით - ყარაბაღი და დნესტრისპირეთი. რელიგიურ ფაქტორებსაც იყენებს იქ, სადაც ამისთვის ნოყიერი ნიადაგია.
ბოლო დროს ამერიკაში მკვეთრი მემარცხენე-სოციალისტური და ფსევდორასობრივი ჩაგვრის ნიადაგზე მოძრაობების უკან აშკარად იკითხება რუსული კვალი. ნახეთ, ჩვენთან რას ჩაეჭიდა: ხელისუფლების მიმართ იმ შიშს, რომელიც 2012 წლისთვის საზოგადოებაში უკვე მყარად იყო გამჯდარი. სააკაშვილის ხელისუფლების მიღწევების პარალელურად, როცა მან თავისი მმართველობის პირველ ეტაპზე ქვეყანა რუსული ვექტორიდან გამოიყვანა, ძალოვანი სტრუქტურები რუსეთის აგენტებისგან გაათავისუფლა, კრიმინალს ომი გამოუცხადა, ქვეყანა დასავლურ რელსებზე დააყენა, განათლების, პოლიციის, საგადასახადო სისტემის რეფორმები გაატარა, საზოგადოებაში ქვეყნის მიღწევებში თანამონაწილეობის განცდა გააჩინა და პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმატებული განვითარების პრეცედენტი შექმნა, ადამიანის უფლებების ხელყოფამ მასობრივი ხასიათი მიიღო, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება ბიზნესის ტერორში გადაიზარდა, რეფორმირებული ძალოვანი სტრუქტურები კი დაუსჯელობის ხიბლში ჩაცვივდნენ...
"ნაცმოძრაობამ" საზოგადოების ნაწილში შიში გააღვივა. სწორედ ამ შიშმა შექმნა ნოყიერი ნიადაგი ივანიშვილის მოსვლისთვის. მაშინ ივანიშვილის სახით ბევრი ვერ ხედავდა რუსულ საფრთხეს, რადგან რუსეთში ნაშოვნი ფული ან კარიერა აპრიორი პრორუსულობას არ ნიშნავს. ამის მაგალითია თუნდაც შევარდნაძე თავისი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტებით და კახა ბენდუქიძე, ქართული ეკონომიკის რეფორმის ავტორი.
შევარდნაძე ლამის შეეწირა ბაქო-სუფსა, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენების პროექტების განხორციელებას, მაშინ, როცა ივანიშვილმა უსიტყვოდ ჩააბარა რუსეთს ანაკლიის პროექტი. არადა, რუსეთში ნაშოვნი ფულის მიუხედავად, მასაც ჰქონდა შანსი, შევარდნაძისა და სააკაშვილის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო წინ წაეწია დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე.
- ისეთ ამბიციურ ადამიანს, როგორიც ივანიშვილია, რატომ არ უნდა გასჩენოდა ამ შანსის გამოყენების სურვილი?
- ივანიშვილმა ფული ისეთი ველური კაპიტალიზმის ეპოქაში იშოვა, სადაც დემოკრატიისთვის ადგილი უბრალოდ არ იყო. იფიქრა, რომ სახელმწიფოც ასეთი მეთოდებით უნდა ემართა - ვერტიკალზე დამორჩილებულთა მეშვეობით. ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ სააკაშვილი მისი შექმნილი იყო, მან კი უგანა. იმის შიშით, რომ სხვებსაც იგივე არ გაებედათ, საკუთარი პარტიის ყველა ის ლიდერი გაანეიტრალა, ვისაც კი რაიმე ტიპის ელექტორალური რესურსი ჰქონდა. როგორც კი კვირიკაშვილმა პოლიტიკური წონის შეძენა დაიწყო და თან ამერიკაშიც ააწყო კონტაქტები, მაშინვე მოიშორა. იგივე ბედი გაიზიარა მამუკა ბახტაძემაც მაიკ პომპეოსთან შეხვედრისთანავე. ივანიშვილს ეგონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსით ძალაუფლებას გაიმყარებდა: ერთი მხრივ, დეკლარირებული ექნებოდა დასავლური კურსი და მეორე მხრივ, საქართველოში რუსეთისთვის ღია კარის პოლიტიკას გაატარებდა.
შეგახსენებთ დუგინის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას, 2008 წელს თბილისში ტანკები რომ შეგვეყვანა, იმაზე მეტის მიღწევას არც ვგეგმავდით, რასაც ახლა "ქართული ოცნების" პირობებში რუსული გავლენის ზრდით მივაღწიეთო. რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოს არ ჰქონდეს რეგიონში ლიდერის ფუნქცია. "ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველო მსოფლიო პოლიტიკის სოფლის ორღობედ გამოაცხადა და გვითხრა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში მონაწილეობის ამბიცია არ უნდა გვქონდეს. ქვეყნის განვითარება შეჩერდა. ამასთან, საინფორმაციო სივრცე დაეთმო რუსეთს ქართველი ხალხის წინააღმდეგ საინფორმაციო-დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად და საზოგადოებაში ღრმად მოიკიდა ფეხი არასრულფასოვნების კომპლექსმა, უიმედობამ და ნიჰილიზმმა. ყოველივე ეს რუსული სცენარის ნაწილია.
ივანიშვილი იმედოვნებდა, რომ ქართველი ხალხი ძალიან დიდხანს იქნებოდა მისი მადლიერი მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობისგან" გაათავისუფლა და ყველაფერს აპატიებდა. მას დაავიწყდა მთავარი, რომ ქართველი ერი ცოცხალი ორგანიზმია და ჭაობში დიდხანს ვერ აცხოვრებ.
ჩვენ გვინდა განვითარება, უკეთესი ეკონომიკა, განათლება, სასამართლო, მართლმსაჯულება და უნიკალური ადგილის დამკვიდრება მსოფლიო პროცესებში.
ხათუნა ბახტურიძე