"თუ საჭიროა, სიცოცხლესაც დავთმობ!" - რა გახდა სობჩაკსა და კადიროვს შორის დაპირისპირების მიზეზი?
ბოლო პერიოდში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის გაკეთებულმა განცხადებებმა და ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწესთან, ქსენია სობჩაკთან სოციალურ ქსელებში გამართულმა კამათმა, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს ეხებოდა, როგორც ამბობენ, კადიროვს იმიჯი საკმაოდ შეულახა.
როგორც ცნობილია, 27 ოქტომბერს ქსენია სობჩაკმა რამზან კადიროვთან სიტყვის თავისუფლების რაობაზე პოლემიკა წამოიწყო. ამ პოლემიკაში სობჩაკმა კადიროვი დაადანაშაულა, რომ მას "შუასაუკუნეების აღქმა აქვს" იმაზე, თუ რას ნიშნავს "ღირებულებების შეურაცხყოფა".
გმირი პრეზიდენტი
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის გამო, რომელიც ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ ჩაიდინა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და გაემიჯნა "მუსლიმანურ ექსტრემიზმს". მაკრონის განცხადებით, "საფრანგეთი უარს არ იტყვის მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნებაზე". რამზან კადიროვმა კი საფრანგეთის პრეზიდენტი "ექსტრემისტული იდეების გავრცელებაში" დაადანაშაულა.
ამის შემდეგ ქსენია სობჩაკმა პრეზიდენტი მაკრონი საკუთარ გმირად გამოაცხადა, რასაც სოციალურ ქსელში სობჩაკისა და მისი გუნდის მისამართით უამრავი მუქარა მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი მუქარის ავტორი წერდა:
"ქსენია სობჩაკს სამუელ პატის ბედი ეწევა, თუ ის იმ პუბლიკაციას არ გააუქმებს, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ გამოაქვეყნა".
"მოქალაქეთა დახმარების" კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა განუშკინამ ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ მუქარები, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ქსენია სობჩაკის მიმართ ვრცელდება, ძალიან დამაზიანებელია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელისთვის და იგი აუცილებალდ უნდა გაემიჯნოს ასეთ განცხადებებსა და ადამიანებს".
როგორც განუშკინა ამბობს, მიუხედავად კადიროვის შეხედულებებისა, მართებული არ იქნება, იგი სობჩაკის მისამართით გავრცელებულ მუქარებში დაადანაშაულონ:
"თუ გავითვალისწინებთ ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ნაცნობობას სობჩაკის ოჯახთან, ეჭვი მეპარება, რომ კადიროვი სობჩაკისადმი მუქარას გაბედავს. არ არის გამორიცხული, რომ კადიროვის რომელიმე ფსიქოპატი გულშემატკივარი ამგვარად ცდილობდეს ამ უკანასკნელის გულის მოგებასა და ერთგულების დამტკიცებას".
კადიროვის იმიჯი
კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი - იგორ კალიაპინი აცხადებს, რომ "კადიროვის გარემოცვაში მყოფი ყველა ცნობილი პირი, რომელიც სობჩაკსა და მის გარემოცვას დაემუქრა, საკუთარ კულტურულ დონეს ამჟღავნებს. ისინი ამბობენ, რომ ამ გზით ისლამს იცავენ, თუმცა ასეთი სიტყვებითა და ქმედებით ისინი ისლამს ვერ დაიცავენ".
უფლებადამცველის აზრით, მსგავსი ქმედებით ისინი ავნებენ ისლამსაც და რამზან კადიროვის იმიჯსაც.
"მას (კადიროვს) სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, ხალხის რომელი კატეგორია უჭერს მხარს. გამოუვიდა კიდეც. მან მთელ მსოფლიოს და მინიმუმ რუსულ საზოგადოებას ნათლად აჩვენა, თუ რა ტიპის ადამიანები უდგას გვერდით და ვინ არიან მისი მხარდამჭერები".
როგორც ცნობილია, კადიროვმა სოციალურ ქსელებში არ გააპროტესტა და საერთოდ არ გააკეთა კომენტარი, როდესაც მის პირად გვერდზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მხარდამჭერები სობჩაკსა და მის გუნდს საჯაროდ ემუქრებოდნენ. დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ღიად გააკრიტიკა კადიროვი, როცა ჩეჩენი პოლიტიკოსი ემანუელ მაკრონს გმობდა. ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ კადიროვმა მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, თავად კადიროვმა კი ჟირინოვსკის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც და განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელები მსგავს საგარეო საკითხებში არ უნდა ერთვებოდნენ, თავად კადიროვმა კი განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა და ასე დაიცვას საკუთარი პოზიცია.
"გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ემანუელ მაკრონის მიმართ განცხადება გავაკეთე, როგორც მუსლიმანმა და არა - როგორც პოლიტიკოსმა. დავეთანხმებოდი დიმიტრი პესკოვს, თუ იგი ჩემს სიტყვებს შეაფასებდა, როგორც მუსლიმანის განაცხადს. ამ პოზიციის გამო, თუ საჭიროა, მე დავტოვებ თანამდებობას და, თუ საჭიროა, სიცოცხლესაც დავთმობ! მაგრამ ჩუმად, უსიტყვოდ დავაკვირდე, უღმერთოები როგორ დასცინიან ჩემს რელიგიას, ვერც შევძლებ და არც ვაპირებ!" - განაცხადა კადიროვმა პესკოვის საპასუხოდ. (წყარო)