"გოგონამ სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში..." - კვირის პალიტრა

"გოგონამ სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში..."

"ე.წ ნარკობიზნესში დასაქმებული ვიყავი და თვეში ამ გზით საშუალოდ 2000 ლარამდე თანხა გამომდიოდა. პირადად არ ვიცნობდი რეალიზატორებს, ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, მანამდე შეხება არ მქონია არასოდეს წამალთან. მან მითხრა, რომ ჩართული იყო თბილისის მასშტაბით ნარკოტიკის გასაღებაში, საიდანაც გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. შემომთავაზა მასთან ერთად მემუშავა, მითხრა რომ გადამიხდიდა 2 კვირაში 1000 ლარს. იმის გამო რომ მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვიჭირდა და მინდოდა თანხა ბინის საგირავებლად, შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდი და დავიწყე მასთან ერთად მუშაობა, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს, მაძლევდა მისამართებს და იმ ადგილებზე ვალაგებდი. ასე ვიმუშავე რამდენიმე თვე და მერე პოლიციამ დამაკავა",- ეს გახლავთ ფრაგმენტი ერთ-ერთი გამსაღებლის ჩვენებიდან. საქმე ძალიან გახმაურებული იყო და მაშინ სამართალდამცავებმა მასთან ერთად რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ოჯახის 4 წევრი იყო და სწორედ მათ ედავებოდნენ ძალოვნები დიდი ოდენობით ნივთიერების შეძენა-შენახვა გასაღებას. სქემაც გაიშიფრა და მტკიცებულებებიც საქმეში იდო. ჩვენი ინფორმაციით, ყველა მათგანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

მსგავსი სქემით არაერთი ჯგუფი მოქმედებს თბილისში და სხვა ქალაქებში. ისიც ცნობილია, გამსაღებლები ყველაზე აქტიურად სოციალურ ქსელ "ტელეგრამს" იყენებენ და ძალოვნებმა ასეთი რამდენიმე ჯგუფი გამოავლინეს კიდეც. მაგრამ ამით არ სრულდება პრობლემა, ერთის გამოვლენის შემთხვევაში სხვა ახალი ჯგუფი იქმნება და პოლიციას მუდმივად უწევს მათი დევნა და დაკავება. ასევე ისიც ცნობილია, რომ არსებობს სხვადასხვა ონლაინ მაღაზია, სადაც თავისუფლად იყიდება დღეს ნარკოტიკი.

ადვოკატ ნინო ლალიაშვილს არაერთი პირი დაუცავს, რომელსაც გამოძიება მსგავსი სქემით მოქმედებას ედავებოდა. ამიტომ კარგად იცის ის სქემაც, როგორ მიდის ინტერნეტით ნარკოტიკის ვაჭრობა. მას ვთხოვეთ ჩვენთან ამ დეტალებზე და პრობლემაზე ესაუბრა.

- სოციალური ქსელით, ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება სერიოზული პრობლემაა. პირადად მეც მომსვლია მსგავსი არაერთი შეტყობინება. თითქმის ყველა სახის ნარკოტიკს გთავაზობენ და ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი ანალოგიური გზით ცეცხლსასროლი იარაღების შეძენაც. ასეთი შემოთავაზებებიც კი ხდება დღეს. ძირითადად ეს ტექსტები რუსულენოვანია და თუ გამოეხმაურები, მაშინვე მოგდის მათგან პასუხი.

ყველაზე გახმაურებული და სკანდალური დაკავებები 2018 წელს იყო. ალბათ გახსოვთ ე.წ. ბასიანის საქმედ წოდებული საქმე, როცა ერთდროულად ბევრი ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერების, როგორიც არის მდმ, ექსტაზის გამსაღებლები. დაკავებულები ძირითადად ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის გამსაღებლები იყვნენ. ფაქტობრივად კადრები დადო გამოძიებამ და ვაჭრობა ხდებოდა კლუბის გარეთ, რამდენიმე მეტრში. გასაღებაში მოიაზრება როგორც ფულადი თანხით, ასევე ჩვეულებრივ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემაც. საქმის გამოძიების დროს ისიც გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საქმეში მოქმედებდნენ აგენტ-პროვოკატორები. კრიმინალური პოლიციის ეგრეთწოდებული აგენტები, ანუ ისინი, რომლებიც მანამდე ჰყავდათ დაკავებული პოლიციის თანამშრომლებს მსგავსი ქმედებისთვის და შემდეგ მათ ამუშავებდნენ და იყენებდნენ სხვა პირების გამოსავლენად და დასაკავებლად.

- როგორც მახსოვს, თქვენ იცავდით მამაკაცს, რომელმაც სხვას მიყიდა ნარკოტიკი.

- ჩვენს შემთხვევაში ვითარება ასეთი იყო. უცხოელმა გოგონამ პროვოცირება გაუკეთა თავის მეგობარ ბიჭს. მე ვიცავდი ამ ბიჭს. ის გოგონას იცნობდა და გოგონამ სთხოვა დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში, რადგან უცხოელი იყო და არ იცოდა ქართული და რუსული. როგორც გითხარით, კომუნიკაცია ძირითადად ინტერნეტით რუსულად ხდება და უთხრა გამოეწერა მისთვის ნარკოტიკული საშუალება ინტერნეტით, თანხა გადაეხადა და შემდეგ როცა შეხვდებოდა მას კლუბთან, თანხას იქ მისცემდა და ნარკოტიკს წაიღებდა. გააგრძელეთ კითხვა