"სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ზღვის­პი­რა რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ - კვირის პალიტრა

"სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ზღვის­პი­რა რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ

მარიამი 23 წლისაა. რუსთავში, ერთ ლამაზ, ქართული ტრადიციების დამფასებელ მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მუსიკისადმი ინტერესი ღრმა ბავშვობიდანვე ჰქონოდა?! ამბობს, - პირველად, 5 წლის ასაკში დავდექი რუსთავის თეატრის სცენაზე, მზის როლს ვასრულებდი, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ინტერესების ჩამოყალიბებაშიო. ამგვარმა დასაწყისმა ჩანს, მართლაც მზესავით გაუნათა ცხოვრება, რადგან ბავშვობიდან რატომღაც საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა და დღეს უკვე იტალიაში სწავლობს და მღერის. რატომ გადაწყვიტა რუსთაველმა მარიამ ტყემალაძემ სწავლის გაგრძელება სწორედ იტალიაში, საოპერო მუსიკის მექაში და რამ მისცა საამისოდ სტიმული, ვინ შეაგულიანა ან ვინ გაუკვალა გზა? - მარიამს იტალიაში დავუკავშირდით და ვთხოვეთ იტალიამდე გავლილ გზასა და საოპერო თუ მის მიღმა ცხოვრებაზე მოეთხრო.

- ძალიან მიხარია, ჩემი საოპერო ცხოვრებით რომ დაინტერესდით. მუსიკალური განათლება რუსთავში მივიღე - ჯერ მუსიკალური ექვსწლედი დავამთავრე (რ. ლაღიძის მე-3 სამუსიკო სკოლა) და შემდეგ თბილისში, ზ. ფალიაშვილის სახ. ნიჭიერთა ათწლედის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე განვაგრძე სწავლა. პარალელურად, უამრავ მუსიკალურ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ, როგორც გითხარით, ოპერა მიტაცებდა და სწორედ ამიტომ 16 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ვოკალურ განყოფილებაზე მყავდა გამორჩეული პედაგოგი დოდო დიასამიძე, რომელმაც არაერთი ქართველი ვარსკვლავი აღზარდა. მეც ნელ-ნელა ვიზრდებოდი მის ხელში, ამასობაში სკოლაც დავამთავრე და საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამავე პერიოდში მეგობრისგან იტალიაში არსებული საოპერო აკადემიის შესახებ შევიტყვე. დავინტერესდი და მათ ჩემი ჩანაწერი გავუგზავნე. მალევე მიპასუხეს და მათ აკადაემიაში სწავლა შემომთავაზეს. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, რადგან საქართველოს კონსერვატორიაში ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ ოჯახმა მირჩია და მხარიც დამიჭირა, სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა.

- იტალიური იცოდით?

- საქმეც ეგაა, რომ ჩემი გადაწყვეტილება საკმაოდ რთული იყო - მივდიოდი სრულიად უცხო ქვეყანაში და არ ვიცოდი იტალიური ენა. მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, მოსმენიდან 2 თვეში ჩავედი იტალიის ქალაქ პეზაროში და სწავლაც დავიწყე. აკადემიაში საკმაოდ დატვირთული ვიყავი, უამრავი კონცერტი, მასტერკლასი და ღონისძიება გვქონდა. ნელ-ნელა გამოცდილება და თავდაჯერებულობაც მემატებოდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიჭირდა, უცხო ქვეყანაში ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე. მინდა, დედაჩემს მადლობა გადავუხადო, რადგან ამ რთულ მომენტებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მან გამიწია. მოკლედ, აკადემიაში 6-თვიანი სწავლის შემდეგ გადავწყვიტე, თავი გამომეცადა და იმავე ქალაქში Gioachino Rossini-ის კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე გავედი. წარმოიდგინეთ, უმაღლესი შეფასება ავიღე და ჩავირიცხე ორ ფაკულტეტზე, მათ შორის კი რენესანსისა და ბაროკოს ფაკულტეტი ავირჩიე. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან იქ შევხვდი ძალიან კარგ მასწავლებელს - რომინა ბასოს, რომელმაც შემასწავლა ბაროკოს საფუძვლები და დამეხმარა, კარგად ჩავწვდომოდი იტალიურ სასწავლო სისტემას. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების რთული მეორე ეტაპი, რადგან მიწევდა მუსიკისი ისტორიის იტალიურ ენაზე სწავლა და პარალელურად - თავად იტალიური ენის სწავლაც.

ამ ყველაფერს ემატებოდა საცხოვრებლისა საბუთების განახლების პრობლემა და ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ, ჩემს ოჯახში დავბრუნებულიყავი. მაგრამ აქაც ჩემი მიღწეული წარმატებები და ოჯახის მხარდაჭერა მამხნევებდა.

დროდადრო, ახალ წლამდე ან სააღდგომოდ, კონცერტის მეორე დღეს ვახერხებდი საქართველოში გამომგზავრებას და 1 თვის ოჯახთან გატარებას, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდი და ვაგრძელებდი სწავლას, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, სასტუმროებში ან ზღვისპირა რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი. რამდენჯერმე სტიპენდიის მოპოვებაც მოვახერხე. სირთულეების პარალელურად, კვლავ გამიმართლა, რადგან კიდევ ერთ უნიჭიერეს მასწავლებელს შევხვდი - ნაირა აგასარიანს, რომელიც დიდი სიფრთხილითა და მოთმინებით მუშაობდა ჩემთან. სწორედ მისი რჩევითა და მხარდაჭერით გავედი ქალაქ ფერმოს Giovanni Battista Pergolesis-ის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სამაგისტრო გამოცდებზე და ჩავირიცხე კიდეც ვოკალურ კამერულ ფაკულტეტზე. იხილეთ სრულად