"ხომ გადავეჩვიეთ გადაკოცნას, ხომ გადაგვაჩვია პანდემიამ, ისევ და ისევ გთხოვთ..." - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს - კვირის პალიტრა

"ხომ გადავეჩვიეთ გადაკოცნას, ხომ გადაგვაჩვია პანდემიამ, ისევ და ისევ გთხოვთ..." - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ძალიან კარგად მივდიოდით დაახლოებით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე, შემდეგ სამწუხაროდ, ჩვენ ხელიდან გავუშვით ეგრეთ წოდებული აღვირი, - ამის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების კომენტირებისას განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ თავშეყრებისგან და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დიდი ეპიდაფეთქების წყარო სწორედ მრავალრიცხოვანი თავშეყრები გახდა.

"ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ ამ პანდემიიდან. იცით, რომ ძალიან კარგად მივდიოდით დაახლოებით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე, შემდეგ სამწუხაროდ, ჩვენ ხელიდან გავუშვით ეგრეთ წოდებული აღვირი. რატომ და როგორ ამას შემდეგ გავაანალიზებთ. ისევ და ისევ დავიჯერეთ ივლისში, აგვისტოში, რომ თითქოს დავამარცხეთ პანდემია. აგვისტოს ბოლოს ერთ-ერთ ქალაქში ცხრა 400- კაციანი ქორწილი იყო, საიდანაც პირველი დიდი ეპიდაფეთქება წამოვიდა, რომელიც გავრცელდა. ხომ გადავეჩვიეთ გადაკოცნას, ხომ გადაგვაჩვია პანდემიამ, ისევ და ისევ გთხოვთ, ერთი წელიწადი თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. თბილისში აიკრძალა რესტორნები, მცხეთაში გადაინაცვლეს. მესმის, ძალიან კარგია, მაგრამ თავშეკავება გმართებს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"