"ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი "კლოუნის“ მორიგი განცხადება" - გიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი "კლოუნის“ მორიგი განცხადება" - გიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებაზე

ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი "კლოუნის“ მორიგი განცხადება, რომელმაც მაგალითად, 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისას ხუთჯერ შეცვალა პოზიცია, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად "ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს.

ბოკერიას განმარტებით, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში. ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ საჭიროა სამოქალაქო პროტესტის გაგრძელება.

"ხომ გახსოვთ ამბობდნენ, "არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა და წერტილი“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს, რადგან მომავალში ქვეყნისთვის სხვა გზა არ არსებობს.

"ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი "კლოუნის“ მორიგი განცხადება, რომელმაც მაგალითად, 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისას ხუთჯერ შეცვალა პოზიცია. ჯერ იძახდა, რომ პროპორციული დიდი მონაპოვარიაო. მერე, როცა ივანიშვილმა საზოგადოების მთლიანად გადაგდება სცადა იძახდა, რომ ეს საერთოდ ქვეყანას დაანგრევს და ამიტომ, სწორია, რომ ჩავაგდეთო და მერე, ისევ შეცვალა. ასე რომ მისი სიტყვა არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ მომენტში ივანიშვილს ჯერ არ აქვს შეგნებული, რომ ასე გაგრძელებას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამას ვერ შეეგუება საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ჩვენი ქვეყნის და ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის მთავარი წესი არის - მთავრობაში შეიძლება იყოს ის, ვისაც აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"