"არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა
ინტერვიუ "კვირის პალიტრის" 2020 წლის არქივიდან (2020-11-15)
რას ჰყვება ფეხბურთელის მამა
საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერ-ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2019-20 წ.) - ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ მას. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს შედგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქტომბერს კი ერთა ლიგაზე, მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და... სოციალური ქსელები კვარაცხელიას გვარმა და გახარებული გულშემატკივრების ოვაციებმა ააჭრელა...
ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს, ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...
ბადრი კვარაცხელია:
- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად, სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.
- ალბათ, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ფეხბურთელობას სერიოზულად უნდა მიჰყოლოდა და ეს მისთვის სტიმულიც იყო, არა?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან მოწადინებული იყო, მისი ამოცანა სწორედ ის გახლდათ, რომ ფეხბურთი ეთამაშა და ახლაც ეს მიზანი აქვს, მეტს მიაღწიოს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ, რა გამოგვივა.
- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით.
- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა, ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.
- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?
- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის, ეს კარგია და მეც ვეთანხმები, მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.
- ბავშვობისას, თქვენს თამაშს რომ უყურებდა, რას გეუბნებოდათ? რა მოსწონდა? მისთვის ერთგვარი მოტივაცია ესეც იყო, რომ ფეხბურთი ეთამაშა?
- მართალია, ბავშვი მამას რომ უყურებს მოედანზე, მერე, თვითონაც ფეხბურთელობა უნდა. სახლში რომ მოვდიოდი, სხვათა შორის, თვითონაც მეუბნებოდა, ეს ასე უნდა გაგეკეთებინაო, დავსხდებოდით და განვიხილავდით. მე დიდი ფეხბურთი არ მითამაშია, მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში, თუმცა, ბავშვისთვის სტიმული იყო.
- სპორტსმენის ცხოვრება, ყოველდღიური რეჟიმი საკმაოდ რთულია, ბევრი რამის შეზღუდვა და უარის თქმა უწევს, თუნდაც, კვების მხრივ, მეგობრებთან ერთად წვეულებებზე სიარული და ა.შ.
- ხვიჩას იმდენად უნდა, ფეხბურთი კარგად ითამაშოს, რომ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს და ძალიან დისციპლინირებულია. თუმცა, ყველაფერზე არ ამბობს უარს და თავის სამეგობროსთან ერთად, მაინც ახერხებს სიარულს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. სათამაშო დისციპლინას, რეჟიმს არ დაარღვევს, გამორიცხულია!
- როგორი მოსწავლე იყო? ფეხბურთი სწავლაში ხელს ხომ არ უშლიდა?
- არა, ნიჭიერი ბავშვი იყო და სწავლობდა კიდეც, კარგი მოსწავლე გახლდათ, შენიშვნებს არ იღებდა და მასწავლებლებთან პრობლემები არასდროს ჰქონია. - ფეხბურთელობის გარდა, რაიმე სხვა პროფესიის არჩევაზე ოდესმე უფიქრია?
- არა, მისი არჩევანი ყოველთვის ეს იყო - ფეხბურთი და ფეხბურთი! გაკვეთილების სწავლას როგორც კი მორჩებოდა, ვარჯიში თუ არ ჰქონდა, ეზოში ფეხბურთს თამაშობდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზეც ფიქრობს, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა, რადგან დრო არ ჰქონდა - მოგეხსენებათ, როგორია სპორტსმენის ცხოვრება. რუსეთში რომ ჩააბაროს, რუსული ენა არ იცის ასე კარგად, ვნახოთ, რას გადაწყვეტს მერე. არა მგონია, რუსეთში დარჩეს.
- რამდენწლიანი კონტრაქტი აქვს?
- კონტრაქტი ხუთწლიანია, მაგრამ თუ სხვა გუნდიდანაც იქნება დაინტერესება, ხელს არ შეუშლიან. ჯერჯერობით არ ფიქრობს სხვაგან გადასვლაზე.
- ინტერნეტის საშუალებით ალბათ, ხშირად ესაუბრებით...
- კი, სულ კონტაქტზე ვართ. ცოტა ხნის წინაც ვესაუბრე, კარგი თამაში ჰქონდათ და მივულოცე.
- რა ენატრება ყველაზე მეტად, როცა საქართველოში არ არის?
- ოჯახი! 19 წლისაა, ჯერ მაინც პატარაა და თავის ოჯახთან უნდა. ყველაზე მეტად, თავისი 10 წლის ძმა ენატრება, სულ მას კითხულობს, ურეკავს და დიდხანს ლაპარაკობენ. თბილისში რომ ჩამოდის, როცა ნაკრების თამაშია, შვილს მაშინაც კი ვერ ვნახულობ ნორმალურად. რას ვიზამთ... ამ პანდემიამ კიდევ უფრო შეგვიშალა ხელი და ყველაფერში შეგვაფერხა. საქართველოში რომ იყო ხვიჩა, ვერ ვნახულობდით. თამაში რომ მორჩა, ნახევარი საათით მაშინ ვნახეთ და მერე გავაცილეთ. ველოდებით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი...
თამთა დადეშელი ჟურნალი გზა