უფრთხილდით ბოტებს! - კვირის პალიტრა

უფრთხილდით ბოტებს!

"დაფიქრდი, სანამ გააზიარებ"!

როგორია საარჩევნო პერიოდის დროს ონლაინსივრცეში დეზინფორმაციის არსებული თუ შესაძლო რისკები და მათი შემცირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, ვინ დგას დეზინფორმაციის უკან, რა ზიანს აყენებს ის დემოკრატიულ პროცესებს და როგორ უნდა ამოვიცნოთ ყალბი ამბები სოცმედიაში, ამის შესახებ არის საუბარი კვლევაში, რომელზეც იურისტმა და საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა ლელა ტალიურმა და დეზინფორმაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მკვლევრებმა მარიამ ჯაფარიძემ და ხატია ლაღიძემ იმუშავეს.

როგორ უმკლავდება დეზინფორმაციას ევროპა

ლელა ტალიური: - ევროკომისია დეზინფორმაციას განმარტავს როგორც დაზუსტებით ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც შექმნილია, წარმოდგენილია ან ვრცელდება ეკონომიკური მოგებისთვის ან განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ზიანი. დეზინფორმაციის გავრცელება გავლენას ახდენს პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ, ხელს უწყობს ნეგატიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას, აღვივებს აგრესიას და ზრდის პოლარიზების რისკებს. დეზინფორმაციის შემქმნელები მიზანში იღებენ საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს, იყენებენ საზოგადოების შიშებსა და განწყობებს, იპარავენ და ამჟღავნებენ პერსონალურ ინფორმაციას, დაქირავებული ტროლების მეშვეობით შეურაცხყოფენ ან თავს ესხმიან მიზანში ამოღებულ პირებს. დეზინფორმაციის კამპანიები ფარული ოპერაციებია. ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი დაფინანსების წყაროს განსაზღვრა - პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციის კამპანიები შეიძლება წამოიწყონ სახელმწიფომ, მისმა წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ჯგუფებმა ან ცალკეულმა ინდივიდებმა.

ახლა გაგაცნობთ, როგორია ამ მხრივ გამოცდილება და რეკომენდაციები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე.

გერმანია. 2017 წლის არჩევნებამდე 1 წლით ადრე გერმანიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში. ამბავი უკავშირდებოდა 13 წლის რუს-გერმანელ გოგონა ლიზას, რომელიც თითქოს 2016 წლის იანვარში დაიკარგა. რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, ლიზა არაბმა მიგრანტებმა გააუპატიურეს და მოკლეს... რუსულმა დიასპორამ გერმანიაში "ფეისბუკით" მოუწოდა ხალხს დემონსტრაციებისკენ, საქმე გადატანილ იქნა დიპლომატიურ დონეზეც: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა სათანადო გამოძიება... საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი იყო და ამ დეზინფორმაციის შემდეგ გერმანიაში ინფორმაციით მანიპულაციის რისკები ფართოდ განიხილეს... 2017 წლის არჩევნების წინ პარტიები შეთანხმდნენ, რომ არ გამოიყენებდნენ ბოტებს, თუმცა რადიკალური მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მაინც აქტიურად იყენებდა. 2017 წლის არჩევნების წინ "ფეისბუკმა" წაშალა ათასობით ყალბი ანგარიში. 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს გერმანიამ მიიღო ქსელის აღსრულების აქტი, რომელიც ცნობილია როგორც "ფეისბუკის აქტი". დაწესდა ჯარიმები სოცმედიის კომპანიებისთვის, თუ 24 საათში არ ამოიღებდნენ ყალბ, სიძულვილის მაპროვოცირებელ ან დანაშაულებრივ ინფორმაციას, 5 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდნენ, რომელიც შეიძლება 50 მილიონამდეც კი გაზრდილიყო... კანონი ძალაში შევიდა 2018 წლის იანვრიდან.

იტალია. იტალიელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ გამოააშკარავეს რუსული გავლენები იტალიის საარჩევნო კამპანიაში. ფაქტების შემმოწმებელმა ვებგვერდმა აღმოაჩინა, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ამბების ნახევარი გაყალბებული იყო.

2017 წლის თებერვალში სენატორების ჯგუფმა სხვადასხვა პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკანონოდ ცნობდა ფეიკნიუსების შექმნასა და გავრცელებას, თუმცა კანონად ვერ იქცა. ამ კანონპროექტის თანახმად, პირს, რომელიც გაავრცელებდა ყალბ, გაზვიადებულ თუ მიკერძოებულ ამბებს, დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა 5.000 ევროს ოდენობით. კანონპროექტი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ისეთი ამბების გავრცელების შემთხვევაში, რომელთაც შესაძლოა გამოეწვია დანაშაული ან ძალადობა. თუ ყალბი ამბავი ზიანის მომტანი იქნებოდა საზოგადოებრივი სიკეთისთვის, სასჯელის ზომა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუ ძირს უთხრიდა დემოკრატიას იტალიაში ან იყო ინდივიდის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის ნაწილი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10.000 ევრომდე ეკისრებოდა.

2018 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე იტალიის პოლიციის კიბერდანაშაულის განყოფილებამ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც დეზინფორმაციისგან მოქალაქეების დაცვას ისახავდა მიზნად. მათ შორის იყო ე.წ. წითელი ღილაკის მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემდა მოქალაქეებს პირდაპირ პოლიციისთვის ეცნობებინათ ცრუამბების გავრცელების ფაქტები. ხელისუფლებამ შექმნა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ შეტყობინება გაუგზავნონ პოლიციას, თუ ისინი ნახავენ დეზინფორმაციას სოცმედიაში. მოქალაქეებმა პოლიციას უნდა აცნობონ საკუთარი მეილის მისამართი და იმ ინფორმაციის ლინკი, რომელსაც დეზინფორმაციად მიიჩნევენ. საკითხს შეისწავლის იტალიის პოლიციის კიბერდანაშაულის განყოფილება.

საფრანგეთი. არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი 2017 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერეოდა. სავარაუდო ჩარევის მცდელობა მოიცავდა იმანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიიდან მოპარულ ძალიან ბევრ დაჰაკერებულ იმეილს, მათ შორის, ყალბსაც. ჰაკერების მიზანს კანდიდატის პირადი ინფორმაციის მოპოვება და მასზე ჭორების აგორება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ამგვარ ჩარევას არ მოუხდენია არსებითი გავლენა საარჩევნო შედეგებზე. როგორც იცით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მარი ლე პენმა, რომელსაც რუსეთი და რუსული მედია უჭერდნენ მხარს, მეორე ადგილი დაიკავა. დეზინფორმაციული კამპანიის ჩავარდნა საფრანგეთში რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. კერძოდ, დეზინფორმაციის ინტერნეტში გავრცელების საპასუხოდ 2018 წელს საფრანგეთმა კანონი მიიღო. მას წინ უძღოდა ათთვიანი დებატები კანონის ამოქმედების შემდეგ კომუნიკაციის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკების თაობაზე. ოპოზიციამ, 50-ზე მეტმა სენატორმა, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მან კანონი ძალაში დატოვა და პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა.

როგორ ამოვიცნოთ ფეიკნიუსები სოცმედიაში

მარიამ ჯაფარიძე: - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთი საქართველოს მოსახლეობის მართვასა და მანიპულირებას ახერხებს ინფორმაციული ომით, რომლის მიზანია რწმენისა და ღირებულებით სისტემაზე ზეგავლენა, ანტიდასავლური განწყობის გაღვივება, საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შერყევა, საზოგადოებაში უნდობლობისა და ნიჰილიზმის დათესვა.

2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში არაოფიციალურ, ანონიმურ ფეისბუკგვერდებზე ინტენსიურად მიმდინარეობდა პოლიტიკური დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანიები. იგივე შეიძლება ითქვას 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე, რომელიც განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა ონლაინდეზინფორმაციის გავრცელებით - გაიზარდა კოორდინირებული ტროლების აქტივობები. სოციალურ მედიაში სხვადასხვა გვერდისა და ყალბი ანგარიშების მეშვეობით ჩნდებოდა კონკრეტული საკითხის ან პოლიტიკური ფიგურის მადისკრედიტირებელი თუ მხარდამჭერი პოსტები და კომენტარები, რომლებიც მიმართული იყო როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ.

პრორუსულმა აქტორებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყეს, როცა რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა. 2019 წელსვე გააქტიურდა რუსული პროპაგანდა საზოგადოებაში თურქეთისადმი ნეგატიური განწყობის შექმნითა და თურქეთის, როგორც მტრისა და ოკუპანტის წარმოჩენის მიზნით.

2020 წლის აგვისტოში აღნიშნული გზავნილი თავიანთ ოფიციალურ საარჩევნო ბანერზე პარტია "პატრიოტთა ალიანსმაც" განათავსა. ეს პარტია, როგორც რუსეთთან დიალოგის მომხრე და საქართველოში დასავლური ღირებულებების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, წინასაარჩევნო სარეკლამო ბანერით დეზინფორმაციას ავრცელებდა და აჭარის რეგიონზე ირიბად მიანიშნებდა, რომ ის თითქოს თურქეთისგან დაცვას საჭიროებდა.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე მოხდა კიბერთავდასხმა, რომელიც, სუს-ის განცხადებით, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. 2019-დან 2020 წლის არჩევნების ჩათვლით "ფეისბუკმა" არაერთხელ დაბლოკა კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები, რომელთა აქტივობების უკან მოქმედი პირები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, მართავდნენ გვერდებს და ავრცელებდნენ მანიპულაციურ ინფორმაციას არჩევნების, სამთავრობო პოლიტიკის, საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესახებ.

უნდა გვახსოვდეს მიდგომა: "დაფიქრდი, სანამ გააზიარებ"! ევროკავშირის აღმოსავლეთსტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის რჩევით, თუ არ გვსურს დეზინფორმაციის მსხვერპლი გავხდეთ, უნდა შევამოწმოთ ვებგვერდის მისამართი - ის შესაძლოა ვიზუალურად ჰგავდეს კარგად ცნობილ რეალურ ვებგვერდს, თუმცა იყოს ყალბი. ამისთვის უნდა ჩავინიშნოთ სანდო წყაროები ან შევიყვანოთ ახალი ამბების ვებსაიტის დასახელება საძიებო სისტემაში. შევამოწმოთ შინაარსი - ახალი ამბები ხშირად მშრალია, თუმცა, თუ მას ახლავს სენსაციურობა და შთამბეჭდაობა, სავარაუდოდ, რეალობას არის აცდენილი. თუ წყაროები უცნობია, გადავამოწმოთ იგივე ამბები პროფესიული სტანდარტების მიხედვით აღიარებულ გამოცემებში ან სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე. არ უნდა მოვტყუვდეთ სოცმედიის ანგარიშის გამომწერთა რაოდენობით. ბევრი გამომწერი არ ნიშნავს წყაროს სანდოობას და კიდევ, უნდა შემოწმდეს პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღიც.

არ მოვტყუვდეთ - ტექსტმა, რომელშიც გაცხადებულია, რომ რაღაც მოვლენის უკან დგას მავნე განზრახვის მქონე საიდუმლო ჯგუფი, მაშინვე უნდა დაგვაეჭვოს. სანდო, პროფესიული მედია არ იყენებს კონსპირაციის თეორიებს. ასეთი მედიის გაცნობისას გადავამოწმოთ მის შესახებ ინფორმაცია და კონტაქტები, ვინ მუშაობს ამ მედიაში, როგორ ფინანსდება და ა.შ.. სტატიას უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი წყარო და მასში განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მოსაზრებები. შევამოწმოთ ავტორი, გავეცნოთ მის პროფესიულ მიღწევებს და ავტორთან დაკავშირებულ საკითხებს ფაქტების შემმოწმებელ ვებსაიტებზე (ე.წ. ფაქტჩეკერები). შევამოწმოთ წყაროები და ფოტოები, ექსპერტებისა და ანალიტიკური ინსტიტუტების კომპეტენცია. თუ წყარო ანონიმურია, მას სიფრთხილით უნდა გავეცნოთ. დეზინფორმაციის გავრცელებისას შესაძლოა ფოტოებით მანიპულირება და მათი განსხვავებულ კონტექსტში გამოყენება. ფოტოების შემოწმება კი შესაძლებელია Google Reverse Image Search an TinEye-ზე.

დასასრულ, ჯერ გაეცანით ინფორმაციას და არა მარტო სათაურს. თუ მის სანდოობაში ეჭვი არ გეპარებათ, მხოლოდ ამის შემდეგ გააზიარეთ; უფრთხილდით ბოტებს! გახსოვდეთ, ბევრჯერ გაზიარებული ინფორმაცია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის სწორია; თუ ინფორმაცია ემოციებზე, გრძნობებზე, შიშებსა და სხვა უარყოფით ემოციებზე თამაშობს და აპელირებს, სავარაუდოდ, ყალბია.

ნინო ჯავახიშვილი