"მე არ მიმაჩნია ეს ძალა ოპოზიციად, მათ რიგებში საქმიან ხალხს ვერ ვხედავ" - კვირის პალიტრა

"მე არ მიმაჩნია ეს ძალა ოპოზიციად, მათ რიგებში საქმიან ხალხს ვერ ვხედავ"

"ახალი ძალა პოლიტიკურმა ცხოვრებამ უნდა მოიტანოს"

მსახიობ ბიძინა მახარაძეს თავისი განუმეორებელი, ხალასი იუმორით იცნობენ. დღეს ცნობილ იუმორისტს მისთვის უჩვეულო ამპლუაში წარმოგიდგენთ - ის ჩვენს სამშობლოში არსებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე გვესაუბრება.

- არჩევნებს ოპოზიციის მიტინგები მოჰყვა, როგორ შეაფასებთ ამ პროტესტს?

- ჩვენ ემოციურობა გვახასიათებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მე არ მიმაჩნია ეს ძალა ოპოზიციად. რატომ? - მათ რიგებში საქმიან ხალხს ვერ ვხედავ.

მათი მშფოთვარე გამოსვლებისა და ოპონენტების ლანძღვის უკან არანაირი პროგრამა არ დგას. ყველა ამტკიცებს, ის, რაც დღეს გვაქვს, არ ვარგაო, მაგრამ არ ამბობენ, თვითონ რომ მოვლენ, რის გაკეთებას აპირებენ... ნაცნობი სცენარია, რომელიც უკვე ათასჯერ გვაქვს ნანახი.

- რატომ? "ლელოს" აქვს ძალიან საინტერესო ეკონომიკური პროგრამა... - "ლელოსგან" მეტს ველოდი. მეგონა, მეტ ხმას მიიღებდა, მაგრამ არჩევნების წინ ყველას ქმედება ემოციებზე იყო აწყობილი, ამას კი უკეთესი შედეგი არ მოაქვს. რატომ? - ემოცია სხვაა, გონიერება - სხვა. ოპოზიციაში არავისგან მომისმენია საქმიანი მსჯელობა...

- ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, არჩევნები გაგვიყალბესო... - მარტო სიტყვით ვერავინ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გააყალბეს. ეს სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

- ხალხში კოალიციური მთავრობის იდეა პოპულარულია. თქვენ რას ფიქრობთ? - კოალიციურ მთავრობას თავისი კულტურა სჭირდება. თუ მთავრობის წევრებს ერთმანეთთან სულ ძიძგილაობა ექნებათ, ასეთი პარლამენტი მნიშვნელოვან კანონებს ვეღარ მიიღებს. ამასთან, კოალიციური მთავრობის წევრებს სხვადასხვა აზრი უნდა ჰქონდეთ, მე კი ოპოზიციაში განსხვავებულ მოსაზრებებს ვერ ვხედავ. თითქოს ყველა ერთი მიზნით არის გაერთიანებული: ყველას სურს მმართველ ძალას აჯობოს და სათავეში მოექცეს.

- ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა 8 ნოემბრის აქციას, რომელიც წყლის ჭავლით დაშალეს. ამას როგორ შეაფასებთ? - იცით, რა მიკვირს? - მოვლენები ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით რატომ ვითარდება: იმ დღესაც ცესკოსთან მივიდნენ, დაიწყეს ქვების სროლა და ღობის მორღვევა. ხომ იცოდნენ, ამას რა მოჰყვებოდა? მედალს ორი მხარე აქვს და მარტო ერთი მხარის საქციელით ხომ არ უნდა ვიმსჯელოთ? მერე ამტკიცებდნენ, მშვიდობიანი აქცია იყოო. მე რაც ვნახე, მშვიდობიანს ნამდვილად არ ჰგავდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს წინსვლასთან ამ მოვლენებს კავშირი არა აქვს. ადამიანი საპროტესტო აქციას პირველად უყურებს, მეორედ, მესამედ და მერე ეს ფარსს ემსგავსება, რომელსაც სერიოზულად ვეღარც აღიქვამ. ამას არც ერთი გონიერი ადამიანი არ წამოეგება... ჟვანიას გადადგომა ვერაფერს შეცვლის. ჟვანია არ იქნება? იქნება ბჟვანია და რა შეიცვლება?! თანაც, ვითარება დამუხტული არ არის და რა უნდა განიმუხტოს?

- ჩვენი მოსახლეობის ნაწილის აზრით, საჭიროა ახალი ძალა, რომელსაც სუფთა წარსული და მიზნები ექნება. - კი ბატონო, მაგრამ რომ არ ჩანს? ახალი ძალა პოლიტიკურმა ცხოვრებამ უნდა მოიტანოს. სენეკა ამბობდა, მთავარი ის კი არ არის, რას ამბობენ, მთავარია, ვინ ამბობსო.

ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ასპროცენტიან სიმართლეს რომ ამბობდეს, როცა გაიხსენებ, რა აქვს გაკეთებული, მისი სიტყვები ძალას კარგავს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ, რადგან ქუჩაში ვერაფერს მიაღწევენ. არჩევნებს ხელახლა არავინ ჩაატარებს და არც ქუჩაში გამოსვლა მოიტანს შედეგს. პარლამენტიდან უნდა სცადონ რაღაცის შეცვლა, მაგრამ პარლამენტშიც რომ არ არის საქმიანი დიალოგი? იქაც ერთმანეთს ამუნათებენ, 9 წელიწადს ამას აშავებდით, 8 წელიწადს - იმასო. აქციები და დაძაბულობა ყოველთვის იქნება, სანამ ქვეყანა წელში არ გაიმართება... იცით, ყველაზე ცუდი რა არის? ქვეყანაში ისეთი ძალა არ ჩანს, რომელსაც ხალხი გაჰყვება, ამიტომაც გვაქვს ის რეალობა, რაც გვაქვს.

- აისახება თუ არა მიმდინარე მოვლენები თქვენს შემოქმედებაზე? - მე სატირა ნაკლებად მიტაცებს და ამას მიზეზი აქვს: საკმარისია, ერთი მხარე გააკრიტიკო, მეორე მხარე მტრად შეგრაცხავს, ამიტომ მირჩევნია ჩემი ხალხი უწყინარი, ხალასი იუმორით გავახალისო. ყველაფერზე მაქვს აზრი, მაგრამ პოლიტიკაში ჩარევა არ მომწონს - ჩემი საქმე არ არის.

ხათუნა ჩიგოგიძე