"ხელისუფლებას დიდი არჩევანი არა აქვს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას დიდი არჩევანი არა აქვს"

"როგორი სასიამოვნოა, როცა უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელექტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენ გარშემო, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო", -ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ფასილიტატორების ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა და პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა. გვესაუბრება სალომე სამადაშვილი:

- თვითიზოლაციაში ვარ და აღარ ვესწრები შეხვედრებს. როგორც ვიცი, პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ ოპოზიციის აზრი ერთსულოვანია.

- გრიგოლ ვაშაძის განცხადება რატომ აღიქვეს თქვენმა გუნდმა და მოკავშირეებმა სხვადასხვაგვარად? ზოგიერთმა მას მატყუარაც უწოდა. - ზუსტად ვიცი, გრიგოლ ვაშაძემ სიმართლე თქვა. ის გულისხმობდა, რომ ესაუბრება ჩვენი უცხოელი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელ ელჩებს თბილისში. არ ვიცი, ტყუილის თქმა რატომ დააბრალეს.

- ბევრისთვის სრულიად გაუგებარი იყო "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის შემადგენლობა და რიგითობა. - პარტიული სიების ფორმირება რთული პროცესია ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში. როცა ივანიშვილი არჩევნებს გვპარავს, უფრო მეტიც, საერთოდ გვიუქმებს, საარჩევნო სიებზე საუბარს აზრი ეკარგება. ახლა მთავარია, ხალხს არჩევნის უფლება დავუბრუნოთ.

- როგორ აპირებს ოპოზიცია, ქუჩაში დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა? - არჩევნები რომ გაყალბდა, ეს უკვე დამტკიცებულია. სურს თუ არა ამის დანახვა ვინმეს, ეს სხვა საკითხია.

- თქვენს არგუმენტებს ხელისუფლება საფუძვლიანად არ მიიჩნევს. - ხელისუფლება გაითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნებს: შეცვლის ცესკოს შემადგენლობას, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესს, გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და დანიშნავს განმეორებითი არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს მარტო დარჩენა.

ეს კი უკიდურესად გაურთულებს როგორც შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ასევე ურთიერთობებს საგარეო ფრონტზე. ასე რომ, ხელისუფლებას დიდი არჩევანი არა აქვს.

ხათუნა ბახტურიძე