"დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, თუ ყველას არა, ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, თუ ყველას არა, ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ"

"იმ საკითხებზე, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან განვიხილეთ, ჯერ საჯაროდ არ ვისაუბრებთ"

ცოცხალი ჯაჭვი, დედაქალაქის მთავარ პროსპექტებზე სტიკერი წარწერით "გაყალბებულია" და მდუმარე აქცია - ასეთია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. ლიდერების თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს ყველა მათგანი მიესალმება და მდუმარე პროტესტს აჩვენებენ. "დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება "გაყალბებულია". ცენტრალური პროსპექტები ასეთი სტიკერებით იქნება მოფენილი. დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ! ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება სიყალბეს, არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე გადასვლას ურჩევს. "სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. თუმცა ყველა განცხადება, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გააკეთეს და იმავდროულად, არის სახელმწიფოებრივი და ჯდება ქვეყნის ინტერესებში, მიუთითებს, რომ ოპოზიცია რადიკალური მოთხოვნებიდან და რადიკალური, დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში. ეს იქნება პასუხისმგებლიანი საქციელი, რათა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაიზარდოს და ამაზე შესაბამისი რეაგირება და შეფასება ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმაც გააკეთონ", - განაცხადა მდინარაძემ. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ფასილიტატორების გარეშე ოპოზიციასთან მოლაპარაკებას, როგორი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის შემდგომი ნაბიჯი, რას სთავაზობენ ოპოზიციას და როგორ აპირებენ კრიზისული ვითარების განმუხტვას, ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი გვესაუბრება:

- ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დისკუსიისთვის, როცა ამის საჭიროებას ვხედავთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მზადყოფნას ვერ ვხედავთ. ამიტომაც ვსარგებლობთ პარტნიორების ფასილიტატორობით.

- საქმეში ფასილიტატორების ჩართვამდე ხელისუფლებამ კონსტრუქციული რა გააკეთა და რა უარყო ოპოზიციამ? - ოპოზიცია პოზიციას ულტიმატუმებით გამოხატავს, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. როგორც კი დავინახეთ მათი მზაობა, ჩვენ მაშინვე მივუსხედით მოლაპარაკების მაგიდას.

- რა შეიძლება შესთავაზოს ხელსუფლებამ ოპოზიციას?

- შეთანხმებიდან გამომდინარე, იმ საკითხებზე, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან განვიხილეთ, ჯერ საჯაროდ არ ვისაუბრებთ.

- ოპოზიციის მოთხოვნები საიდუმლო არ არის: ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა, ხელახალი არჩევნები... რა არის ის, რასაც პრინციპულად არ განიხილავთ? - არჩევნების შედეგები საერთაშორისო დამკვირვებლებმა და დასავლელმა პარტნიორებმა ლეგიტიმურად აღიარეს. ამ არჩევნებში დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე მონაწილეობდა. ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს მათ, ხალხის არჩევანი რევიზიას არ ექვემდებარება.

- 2 მილიონიდან დიდმა ნაწილმა ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა. იქნება თუ არა მათი ნება უგულებელყოფილი, თუ ოპოზიციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ? - ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გამოტანას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, თუ ყველას არა, ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? - ოპოზიციასაც ხომ აქვს ვალდებულება თავის ამომრჩეველთან? ხალხის ხმები იმისთვის მიიღეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიიღონ?

- ოპოზიციის ერთიანობის არ გჯერათ? - მაქვს ინფორმაცია, რომ მათ გუნდში არიან განსხვავებული პოზიციების მქონე პირები. არაერთი მათგანი ფიქრობს, რომ უნდა ისარგებლოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატით. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში, ეს მათ მარგინალიზაციას გამოიწვევს.

- ისინი იმასაც ამბობენ, რომ პროცესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ხელისუფლების თურქმენიზაციასაც გამოიწვევს. - ხელისუფლებასთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარად გვაქვს საქმე. ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს ხალხის ნებას.

- სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია დავობს, ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება. - როცა ეპიდაფეთქების საფრთხეა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხალხმრავალი აქციები დიდ რისკს ქმნის. ეს ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს. ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისთვის პირადი პოლიტიკური ამბიციები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

- ეპიდემიოლოგები ლოკდაუნის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ხომ არ იკავებს თავს ასეთი გადაწყვეტილებისგან? - არა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა არაფერ შუაშია, ლოკდაუნს, მკაცრ შეზღუდვებს ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

ხათუნა ბახტურიძე