"სურს თუ არა, მმართველ გუნდს მოუწევს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება" - კვირის პალიტრა

"სურს თუ არა, მმართველ გუნდს მოუწევს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება"

"პომპეო ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის სტრატეგიული ინტერესი"

ოპოზიციონერი ლიდერები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სანამ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დახურულია, მეორე ტური არ ჩატარდება. თუმცა მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარს არ ამბობენ.

მოლაპარაკებას უალტერნატივოდ მიიჩნევს მმართველი გუნდიც. "მოლაპარაკება გრძელდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდი, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, თუ დაპირისპირებული მხარეები პოზიციას შეიცვლიან, რა რესურსი აქვს ოპოზიციას აქციების გასაგრძელებლად და რატომ მიაჩნია არაეფექტურად ბრძოლის საპარლამენტო ტრიბუნიდან გაგრძელება, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებას ელჩების ფართო წარმომადგენლობა ესწრებოდა, მეტყველებს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, რაც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა გამოიწვია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და არაფრის დათმობას არ აპირებს. დათმობაში არ ვგულისხმობ ჩვენს სასარგებლოდ რაიმეს შეცვლას, ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე. ხელისუფლების არჩეული გზა არსაით არ მიდის.

სურს თუ არა, მმართველ გუნდს მოუწევს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება - ახალი ცესკოს დაკომპლექტება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. რა რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ მმართველ გუნდს პოზიცია შეაცვლევინოთ? - ალბათ, გახსოვთ, შარშან ანალოგიური სიტუაცია იყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ისიც გეხსომებათ, როგორ მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ხალხი, საერთაშორისო საზოგადოებრიობა, როგორ დაგვიპირა გადაგდება და თავდაპირველად, რა შეუვალ პოზიციაზე იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწია დათმობამ. ლაპარაკია ფუნდამენტურ საკითხზე, ჩვენ უნდა გავერკვიოთ, გვსურს თუ არა სიყალბეში ცხოვრება. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას ან ოპოზიციას. ეს ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ყალბ ფუნდამენტზე ღირებულს ვერაფერს დააშენებ. ამიტომ ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ის სიყალბე, რომელშიც პოსტსაბჭოთა საქართველო 30 წელია ცხოვრობს. ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანია.

იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებების მქონე პარტიები შევთანხმდით, რაც მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (არჩევნებში ხომ ოპოზიციამ საერთო ჯამში 52% აიღო) უარს ამბობს "ქართული ოცნების" შემოთავაზებულ რეალობაზე.

- სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებაზე მეტი ხმა მიიღო, პოლიტიკური პროცესის ქუჩიდან პარლამენტში გადატანა უფრო მართებული ხომ არ არის? ლიდერებს ანალიტიკოსებიც ურჩევენ, ოპოზიციამ არჩევნები არ აღიაროს, მაგრამ აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და პარლამენტში შევიდეს იმ დათქმით, რომ საგამოძიებო კომისია არჩევნების ყველა გარემოებას შეისწავლის. - მე არ მიმაჩნია, რომ ისინი, ვინც არჩევნები გააყალბა, პირობას შეასრულებენ და საგამოძიებო კომისიის მუშაობით რაიმეს შეცვლიან. გამორიცხულია! ეს კინო უკვე ვნახეთ.

ჩვენ გვყავს მატყუარა ხელისუფლება, ტყუილი ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. შესაბამისად, ერთადერთი, რაზეც მასთან შეიძლება შეთანხმება, არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა და ხელახალი არჩევნების ჩატარება.

- თქვენ ოპოზიციის ერთიანობაზე გააკეთეთ აქცენტი, თუმცა დროდადრო ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ისეთი განცხადებები გაისმის, რომ ერთიანობის შთაბეჭდილებას არ ქმნის. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე რომ არაფერი ვთქვათ, თქვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებამაც გააჩინა კითხვის ნიშნები. "გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს - დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება", - ასეთი იყო უსუფაშვილის განცხადება. - გამოვრიცხავ, რომ დღეს ერთიან პლატფორმაზე მყოფი ოპოზიციიდან ვინმემ აზრი შეიცვალოს. რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესზე უამრავი აზრი გამოითქვა და განსხვავებული პოზიციაც დაფიქსირდა, თუმცა საბოლოოდ არავის უთქვამს, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში.

დავით უსუფაშვილისა და პარტია "ლელოს" პოზიცია აბსოლუტურად იდენტურია. მან, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა, თქვა, რომ საჭიროა გამოსავლის გამონახვა. ახლა სწორედ ეს ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან.

დავითი თავის განცხადებაში მინიშნებას ალტერნატიულ გზაზე აკეთებდა, ალტერნატიული გზა კი დიალოგია, რისთვისაც ოპოზიცია ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას. თქვენ ხომ იცით, რომ წინასაარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" არა მარტო დიალოგზე თქვა უარი, დებატებშიც არ მიიღო მონაწილეობა, საარჩევნო პროგრამაც არ გააცნო ამომრჩეველს, მხოლოდ თავისი სატელიტი ტელევიზიების საშუალებით გამართა მონოლოგი.

შედგა დიალოგი, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ პრობლემა აღიარა. როცა მაგიდასთან საკითხის განსახილველად ჯდები, ესე იგი, პრობლემაა და ამაზე აპირებ საუბარს. ხელისუფლება ასე რომ არ ფიქრობდეს, არჩილ თალაკვაძე არ მოვიდოდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში.

- ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ასე შეთანხმებულად რატომ გადაწყვიტეთ შეხვედრების დეტალების გასაიდუმლოება? - ჯერ საწყისი შეხვედრა იყო. ეს იმდენად სერიოზული მოლაპარაკებაა, რომ საკითხების წინასწარ ინტერპრეტირება სწორი არ იქნება.

- მალე ჩვენი ქვეყანა მაიკ პომპეოს უმასპინძლებს. ვიცით, რომ მისი ვიზიტის უმთავრესი მიზანი კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობაა, თუმცა საუბარი იქნება დემოკრატიის განვითარებაზეც და, სავარაუდოდ, ანაკლიის პროექტზეც. - თქვენ ხომ იცით, რომ პომპეო ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის სტრატეგიული ინტერესი. ანაკლიის კონსორციუმსა და ამერიკელ ოპერატორთან "ესესეი მარინთან" ხელშეკრულების გაფორმებას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა. ანაკლიის პროექტი ჩვეულებრივი პორტის მშენებლობას ხომ არ ითვალისწინებდა? ეს იყო ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობა, გავმხდარიყავით სრულუფლებიანი სატრანზიტო ქვეყანა, გვემართა შუა დერეფანი; გვეძლეოდა შესაძლებლობა გაგვეძლიერებინა სამეგრელო, დიალოგი დაგვეწყო აფხაზებთან; უზრუნველგვეყო ქვეყნის უსაფრთხოება, მოგვეზიდა უცხოური, მათ შორის ამერიკული ინვესტიციები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა იქნება მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტისას.

- თუმცა ითქვა, რომ პომპეო ოპოზიციასთან შეხვედრას არ აპირებს. - ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, არჩევნების თემა და ანაკლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

ხათუნა ბახტურიძე