"ოპოზიციას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, პარლამენტში არავინ შევა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, პარლამენტში არავინ შევა"

"ტყუილად აქვთ იმედი, რომ გაგვტეხენ, მოგვისყიდიან ან სხვა ფორმით შეგვათრევენ პარლამენტში"

"ევროპული საქართველოს" ლიდერების აზრით, ხელისუფლება ქართველ ხალხს ისე ექცევა, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველს. "ჩვენი ქვეყნისთვის თავს მოხვეული ივანიშვილის თამაში ძალიან სახიფათო და კატასტროფის ტოლფასია. აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე. თუმცა ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ფასილიტატორი ელჩების ჩარევის შედეგად ხელისუფლება გონივრულ წინადადებას შესთავაზებს. "კვირის პალიტრას" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ესაუბრა

- ახლა ბურთი და მოედანი ხელისუფლების ხელშია, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გასაგრძელებლად. ჩვენ რას ველოდებით? შესრულდეს ჩვენი მოთხოვნები და გაუქმდეს გაყალბებული არჩევნების შედეგები.

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს რაციონალური და ოპოზიციას გონივრული წინადადებები შემოგთავაზოთ. თავად თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მოთხოვნებს ხელისუფლება გონივრულად მიიჩნევს? - რას არ მიიჩნევს გონივრულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას თუ გაყალბებული არჩევნების გაუქმებას და თავიდან ჩატარებას?

- მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ ეს მოთხოვნები არარეალურია და განხილვას არ ექვემდებარება. რაში ხედავთ გამოსავალს? - ასეთ შემთხვევაში გამოსავალს ვერ ვხედავთ - მივიღებთ ერთპარტიულ და არალეგიტიმურ პარლამენტს.

- ეს თქვენ რა ხელს გაძლევთ? - ეს ჩვენ არ გვაძლევს ხელს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ ვაპირებთ ჩვენი მოთხოვნების შეცვლას და იმ თემებზე აქცენტის გადატანას, რაც ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები. არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები? გაგრძელდება აქციები, სანამ არ მივაღწევთ ქართველი ხალხის ნების ამსახველი არჩევნების დანიშვნას.

- საკმაოდ გრძელვადიან ბრძოლას აანონსებთ. - დიახ, ჩვენი ბრძოლა ნამდვილად არ იქნება მარტივი და მოკლევადიანი. ჩვენ გავმართავთ მარათონულ ბრძოლას, სანამ შედეგს არ მივაღწევთ.

ხელისუფლებას ახლა აქვს შანსი, გამოასწოროს შეცდომა და დანიშნოს ახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია კი არა, თავად გახდებიან მარგინალები.

ეპიდემია ჩვენთვის დაბრკოლება ვერ გახდება, პირბადეებს ვატარებთ, ყველა წესს ვიცავთ და ისე ვაპროტესტებთ ხელისუფლების თავგასულობას. ტყუილად აქვთ იმედი, რომ გაგვტეხენ, მოგვისყიდიან ან სხვა ფორმით შეგვათრევენ პარლამენტში.

- თუმცა ასეთი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. - რას გულისხმობთ?

- გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. - ეს ამბავი "ნაციონალებმა" თავად გამოასწორეს და პარტიამ საბოლოოდ ის პოზიცია დააფიქსირა, რაზეც ყველანი ვიყავით შეთანხმებული.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციაში არც ისეთი ერთსულოვნებაა, როგორც ჩანს. - არა, ყველას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, პარლამენტში არავინ შევა.