"დროზე დაბრუნდი, შვილო, შენს ოჯახში შენზე ნერვიულობით ლამის დაიხოცონ" - სად გაუჩინარდა 22 წლის გიორგი ნონაშვილი, რომელსაც უკვე მეექვსე დღეა ეძებენ - კვირის პალიტრა

"დროზე დაბრუნდი, შვილო, შენს ოჯახში შენზე ნერვიულობით ლამის დაიხოცონ" - სად გაუჩინარდა 22 წლის გიორგი ნონაშვილი, რომელსაც უკვე მეექვსე დღეა ეძებენ

ქალაქ გორში მცხოვრები ნონაშვილების ოჯახი გაუჩინარებულ უფროს ვაჟს, 22 წლის გიორგის მეექვსე დღეა, ეძებს. გიორგი ნონაშვილი 11 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე გავიდა შინიდან, რის შემდეგაც აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა პოლიციას გიორგის გაუჩინარებისთანავე მიმართა, თუმცა დღემდე მის შესახებ არაფერი ისმის. მოწესრიგებული და გულისხმიერი ახალგაზრდის გაუჩინარებით გიორგის ახლობელები გაოგნებული და შეშფოთებულები არიან.

თაკო ჯავახიშვილი, გიო ნონაშვილის ახლობელი:

- არ ვიცი, რა ხდება და ძალიან ვღელავ. გიო ისეთი თბილი, მეგობრული და უკონფლიქტო ადამიანია, ვერც კი წარმომიდგენია, ვინმესთან რამე არასასიამოვნო აკავშირებდეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ კომპანიაში და იქ ყველას შეაყვარა თავი. მისი სიყვარული ჩვეულებრივი ამბავია, მის გვერდით დისკომფორტს ვერასოდეს იგრძნობ. საოცრად თბილი აურა აქვს, თავისუფალ დროს ეკლესია-მონასტრების მოსალოცადაც დადის. შემდეგ გიორგი ჩვენი სამსახურიდან ქალაქის ერთ-ერთ მსხვილ - "დეილი მარკეტში" გადავიდა სამუშაოდ და, როგორც ვიცი, იქაც ყველას დაუმეგობრდა.

ვერ ამიხსნია, რა უნდა მომხდარიყო, ამდენი ხნით სად უნდა გაუჩინარებულიყო. როგორც მისმა ახლობლებმა მითხრეს, იმ დილით, როდესაც გაუჩინარდა, ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. გიოს მანქანა არ ჰყავს, ფეხით გადაადგილდებოდა და სად უნდა წასულიყო ისეთ ადგილას, ამდენ ხანს რომ არ ჩანს?! ლამის მთელი ქალაქი ნერვიულობს მასზე და სხვებთან ერთად, მეც ძალიან ვღელავ. მის გამოჩენას მოუთმენლად ველი...

ლია ხმიადაშვილი ნონაშვილების ოჯახის ახლობელი:

- არ მიკვირს, გიორგის გამო რომ ამდენი ადამიანი ღელავს. მეც, მათ შორის, ძალიან ცუდად ვარ ამ ამბის გამო. ამჟამად ემიგრაციაში ვიმყოფები და როდესაც აქ გიორგის გაუჩინარების ამბავი გავიგე, მოსვენება დავკარგე. გიორგი და მისი ძმა ჩემს თვალწინ გაიზარდნენ, იმდენად თბილ და მოსიყვარულე ოჯახში, რომ უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, ეს ბავშვები რამე უსიამოვნებებთან ყოფილიყვნენ დაკავშირებული. ამ ოჯახში მშობლები მუდამ შვილებზე არიან ორიენტირებულები. სხვა აღარც კი ვიცი, რა ვთქვა... მხოლოდ ვნერვიულობ და ყოველ წამს ველი გიოს გამოჩენას...

ი. ხ. ოჯახის ახლობელი:

- ჩემთვის გიო იმდენად უკონფლიქტო, მოწესრიგებული და დადებითი პიროვნებაა, რომ უკეთესი იშვიათად მეგულება. მართლაც საოცრად მოსიყვარულე და თბილ ოჯახში გაიზარდა და თავადაც ღირსეული და ზრდილობიანი ახალგაზრდაა. მუდამ მზად არის რომ ადამიანს გვერდით დაგიდგეს. გაოგნებული და დამძიმებული ვარ მისი გაუჩინარებით. ერთადერთი, უფალს ვავედრებ, რომ მალე დაბრუნდეს. თითქოს, თავად გიორგისაც ყოველ წამს ვესაუბრები გულში - დროზე დაბრუნდი, შვილო, შენს ოჯახში შენზე ნერვიულობით ლამის დაიხოცონ-მეთქი.

პ.ს. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ნონაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საქმე 143 -ე მუხლის I ნაწილით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

(სპეციალურად საიტისთვის)