დმიტრი ტრენინი: "მოსკოვი აღარ არის დომინანტი აქტორი სამხრეთ კავკასიაში" - კვირის პალიტრა

დმიტრი ტრენინი: "მოსკოვი აღარ არის დომინანტი აქტორი სამხრეთ კავკასიაში"

"რუსი სამხედროები ერთი საათის სამანქანო გზის მანძილზე დგანან თბილისიდან - ეს, ფაქტობრივად, საფეთქელთან მიტანილ იარაღს უდრის"

როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი რეგიონში და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე? - გვესაუბრება მოსკოვის "კარნეგის ცენტრის" ერთ-ერთი ავტორიტეტული მკვლევარი დმიტრი ტრენინი.

- რას მოასწავებს ახალი სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის?

- ეს ნიშნავს ძალთა ახალ გადანაწილებას, ახალ რეგიონულ დღის წესრიგს, რომელიც დგას ორ მთავარ მოთამაშეზე: რუსეთსა და თურქეთზე. ეს ზავი მეტწილად თურქეთის, როგორც თანასწორუფლებიანი დიდი მოთამაშის სტატუსის ლეგიტიმაციას ნიშნავს. თურქეთი აღზევდა, რუსეთმა კი საკუთარი ფუნქციების რეკონფიგურაცია ჩაატარა რეგიონში და მოგვევლინა ერთადერთ ძალად, რომელსაც შეუძლია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულება. თურქეთი ამას ვერ შეძლებს. ისიც გავიაზროთ, რომ მოსკოვი აღარ არის დომინანტი აქტორი სამხრეთ კავკასიაში, მეტიც, არა მგონია, ოდესმე ეს უპირობო დომინანტის სტატუსი დაიბრუნოს. აზერბაიჯანი თურქეთთან დარჩება, სომხეთში კითხვები გაუჩნდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება ერთადერთ ძალად, რომელსაც იღებენ ბაქოშიც და ერევანშიც, და ეს მოსკოვს ძლიერ ბერკეტს აძლევს.

- რატომ იყო რუსეთი ასეთი პასიური? დრო დასჭირდა ორ მხარეს შორის ზავის მისაღწევად, თუ ეს "ლოდინის თამაში" იყო? - ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი "ლოდინის თამაშს" თამაშობდა და ზავის მიღწევას განზრახ აჯანჯლებდა. მან სცადა მხარეების დაზავება ერთი თვის წინ, როცა სიტუაცია ბევრად განსხვავებული იყო, და ვერავინ იტყვის, რომ ეს ფორმალური ცდა იყო.

- აზერბაიჯანის სტრატეგიული მოთმინებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა 20 წელზე მეტს ითვლის და მინიმუმ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მას სომხეთთან აშკარა სამხედრო უპირატესობა ჰქონდა. რატომ გადაწყვიტა ბაქომ მაინცდამაინც ახლა მოქმედება? - რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს: პირველი - თურქული ფაქტორი. თურქეთი მზად იყო ადრინდელზე აქტიურად ჩართულიყო კონფლიქტში და ბაქოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო დახმარება გაუწია; მეორე - შეერთებული შტატები არჩევნებით იყო გართული და ამ რეგიონისთვის არ ეცალა; მესამე - ალიევმა იხეირა რუსეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის მიმართ არსებული ნეგატიური განწყობით. ნახეთ, რას ამბობდა ის რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში: "სომხეთს ჰყავს სოროსის დანიშნული პრემიერი, რომელიც თქვენი მეგობარი არ არის". ერთი სიტყვით, ეს ხელსაყრელი მომენტი იყო ალიევისთვის.

- რუსი მშვიდობისმყოფელები ლაჩინის დერეფანს გააკონტროლებენ. რუსეთი ამას გამოიყენებს, რათა სომხეთს საჭიროების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, წიხლი დააჭიროს? - რა თქმა უნდა. რუსეთი ეძებს მოკავშირეებს და ამჟამად მოსკოვში არის ასეთი მიდგომა: "თუ ვინმეს სურს ჩვენ დავიცვათ, ისინი კარგი მოკავშირეები უნდა იყვნენ, ჩვენ გვერდში უნდა იდგნენ და ამის გამო არ უნდა რცხვენოდეთ. არ გქონდეთ იმის იმედი, რუსეთი მოვა და დაგიხსნით, თუ დასავლეთს დაუწყებთ პრანჭვას და დემონსტრირებას, თუ როგორი პროდასავლურები ხართ. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ". რუსეთს აქვს ბერკეტები, მაგრამ თუ სომხეთს ეს არ აწყობს, შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურს - ის დამოუკიდებელი ქვეყანაა. სომხეთის პროდასავლელმა მოსახლეობამ, ალბათ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ არ გააკეთა მეტი აშშ-მ მათ დასახმარებლად. თუ იმის ფუფუნება არა გაქვთ, რომ თქვენი პროტექტორი შტატები იყოს, მოგწონთ თუ არა, მოგიწევთ რუსეთის კარგი და ერთგული მოკავშირე გახდეთ.

- მოკავშირე თუ ვასალი?

- დღევანდელ ანალიტიკურ ლექსიკონში მსგავსი სიტყვების ადგილი აღარ არის. ასე პუტინიც უწოდებს ევროპულ ქვეყნებს "ამერიკის ვასალებს". ზემოთ ნახსენები მიდგომა გულისხმობს, რომ მათ მოუწევთ რეალურად მეგობრულად იყვნენ რუსეთთან და გულწრფელი ალიანსი შექმნან. ეს ქორწინებას ჰგავს: თუ ვინმეზე დაქორწინდებით, ეს არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანის ვასალი ხდებით, მაგრამ ნიშნავს, რომ რაღაც წესები უნდა დაიცვათ, თუ გსურთ ქორწინების შენარჩუნება. თუ არ გსურთ, შეგიძლიათ განქორწინდეთ და ახალი პარტნიორი იპოვოთ. ეს თქვენი თავისუფალი არჩევანია.

- სექსისტური იარლიყია, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსგავს ქორწინებაში რუსეთს მუდმივად "ქმრის" როლის თამაში სურს. - დიახ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- აზერბაიჯანმა ყარაბაღში მიზნის მიღწევა მხოლოდ სამხედრო გზით შეძლო, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ამაოდ ელოდა დიპლომატიურ გამოსავალს. არის თუ არა ეს სიგნალი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომელთაც გაყინული კონფლიქტები აქვთ? - ყველა გაყინული კონფლიქტი შეიძლება გალღვეს და ამის შესახებ რუს აუდიტორიას დიდი ხანია, ვაფრთხილებ: დაუკვირდით ყარაბაღს და გამოიტანეთ დასკვნა - სხვა კონფლიქტებიც შეიძლება გალღვეს...

- არც ისეთი შემთხვევებია იშვიათი, როცა მოსკოვი თავად ალღობს "გაყინულ კონფლიქტს". არის თუ არა საფრთხე საქართველოში კონფლიქტების გალღობის? - ვფიქრობ, რუსეთი დღეს კმაყოფილია იმით, რომ აფხაზეთი და ოსეთი სამხედრო ბაზებად აქვს. სურს მეტი? არა მგონია. 2008 წელს შეეძლო თბილისიც აეღო, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან ამას უარყოფითი მეტი მოჰყვებოდა და არა იმიტომ, რომ საფრანგეთმა ან დასავლეთმა აიძულა შეჩერება. ანალოგიური სიტუაცია იყო 2014 წელს უკრაინაშიც. იმავეს ვხედავთ დღეს ბელარუსშიც.

- თქვენი აზრით, რამ შეაჩერა რუსეთი? - რუსეთს მთლიანად საქართველო არ სჭირდება. მას სჭირდება აფხაზეთი, რათა დაიცვას სოჭი, რომელიც რუსეთის დე ფაქტო მესამე დედაქალაქია. საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს შანსი, ამერიკამ აქ ბაზა განათავსოს, რუსეთს სურს ამ მხრიდან დაცული იყოს. ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსი სამხედროები თბილისამდე ერთი საათის სამანქანო გზის მანძილზე ჰყავს ჩაყენებული - ეს, ფაქტობრივად, საფეთქელთან მიტანილ იარაღს უდრის. რუსეთს მეტი არ სჭირდება. რატომ? საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ანტირუსული განწყობა აქვს, რა უნდა უყოს მას კრემლმა? ამას გარდა, ეს მოითხოვდა მასშტაბურ ფინანსურ დონაციებს, რუსეთს კი იმდენი ფული არა აქვს, რომ საქართველოზე დაახარჯოს, აფხაზეთსა და ოსეთზეც კი თავს იფხანენ უკვე. იმპერიას ჰქონდა ამის ფუფუნება, მაგრამ იმპერია ისტორიად იქცა.

- ნახჭევანის პოტენციური დერეფანი და საზღვარი თურქეთთან ემუქრება თუ არა საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს? - არა მგონია, ამან დიდი როლი ითამაშოს. კი, გეყოლებათ კონკურენტი, მაგრამ არა მგონია, აზერბაიჯანმა საკუთარი ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებს ჩაუდოს ხელში, დერეფანს კი სწორედ რუსი პატრული გააკონტროლებს. ასე რომ, არა მგონია, საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის სტატუსს, საფრთხე შეექმნას.

მოამზადა ვაჟა თავბერიძემ