"ეს ომი ტყვიამფრქვევების წინააღმდეგ კავალერიის ომს ჰგავდა...საქართველო შეიძლება იყოს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის თანაცხოვრების მოდელი" - კვირის პალიტრა

"ეს ომი ტყვიამფრქვევების წინააღმდეგ კავალერიის ომს ჰგავდა...საქართველო შეიძლება იყოს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის თანაცხოვრების მოდელი"

"ეს ომი ტყვიამფრქვევების წინააღმდეგ კავალერიის ომს ჰგავდა"

მაშინ, როცა ექსპერტები და ანალიტიკოსები იმის განსაზღვრას ცდილობენ, ვინ რა მოიგო და წააგო ყარაბაღის მეორე ომში, პროფესორი ჰანს გუთბროდი ყარაბაღში ზავის მიღწევის შემდეგ მშვიდობის პერსპექტივებზე საუბრობს.

- როგორ ცვლის ახალი სამშვიდობო შეთანხმება რეგიონში ძალთა ბალანსს?

- ჯერჯერობით მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა მივიღეთ. ყარაბაღის საკითხი დამოკლეს მახვილივით ეკიდა კავკასიას. ახლა ეს მახვილი, როგორც იქნა, ჩამოვარდა, რასაც მტკივნეული დანაკარგი მოჰყვა და ჯერ კიდევ მწუხარების ჟამია. მაგრამ ამის მიუხედავად, თუ მოვახერხებთ და აღარ ჩამოვკიდებთ კიდევ ერთ დამოკლეს მახვილს, ეს დიდი მიღწევა იქნება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება გადაწყდეს ასიათასობით დევნილი აზერბაიჯანელის დაბრუნების საკითხი. თუ მოლაპარაკება სომხეთს ღირსეულ კონსენსუსს მისცემს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გრძელვადიან სტაბილურობას. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი ფაქტორი - რუსი ანალიტიკოსების აზრით, სირიაში რუსეთის ჩართულობა შეიძლება შეფასდეს როგორც სატესტო რეჟიმი შუა აზიისთვის: როგორ შევინარჩუნოთ სტაბილურობა მინიმალური სამხედრო ჩართულობით ისეთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი ავტორიტარული ლიდერის არცთუ ისე კომპეტენტური შვილია. სულაც არ არის აუცილებელი რუსებს მიაჩნდეთ, რომ ეს ავტორიტარული ლიდერები დიადები არიან, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ სტაბილურობის სხვა, რეალურ ალტერნატივებს.

თუ ამ ინტერპრეტაციას მივყვებით, კრემლმა სირიაში დაინახა, რომ შეეძლო მოქმედება თურქეთთან შეთანხმებით მაშინაც კი, თუ თურქეთი მეორე მხარეს იყო: ორივე მხარემ დასავლეთი გათიშა და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა; ადგილობრივი მოსახლეობა მოკავშირედ აქციეს და შეზღუდეს რადიკალი ისლამისტების მოძრაობის არეალი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ როგორც რუსეთისთვის, ასევე თურქეთისთვის. შესაბამისად, რუსეთმა იგრძნო, რომ მაშინაც კი, როცა ისინი მეტოქეები არიან, თურქეთი თამაშის იმავე წესებით თამაშობს. ამიტომაც კმაყოფილია რეგიონში მისი ყოფნით. რუსეთს არ სურს ჩინეთის გავლენის გაძლიერება, რაც ცენტრალურ აზიაში პრობლემას შეუქმნის. ყარაბაღი ამ ბევრად ფართო სურათის ნაწილია.

- რუსი სამშვიდობო ძალების განთავსებას ყარაბაღში რა გავლენა ექნება? - ეს მცირე კონტინგენტია და უფრო აზერბაიჯანისთვის იმის დემონსტრირების საშუალებაა, თუ რატომ არ იღებს სტეფანაკერტს, რაც, რა თქმა უნდა, ხალხის მოთხოვნა იყო, მაგრამ არსებით პრობლემებს შექმნიდა, დაწყებული შესაძლო ეთნიკური წმენდით და დამთავრებული უკმაყოფილო სომეხი უმცირესობის ყოლით. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ახლა აზერბაიჯანში ნავთობთან დაკავშირებულ კომპანიებთან მუშაობს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანს "საერთაშორისო პარიის სტატუსი" ექნებოდა, თუ ეთნიკურ წმენდას დაიწყებდა.

- ვინ არის გამარჯვებული და ვინ დამარცხებული? - უპირველესად დამარცხებულია ყველა ის ოჯახი, რომლებმაც შვილი, მამა, ძმა ან ბიძა დაკარგეს. ჯერ კიდევ გაუგებარია, ვინ არის გამარჯვებული, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ კონფლიქტი, მაგრამ მაინც წააგოთ მშვიდობა. სავარაუდოდ, ეს მოხდა სომხეთის შემთხვევაში, რომელმაც 1994 წელს მოიგო, მაგრამ ვერ შეძლო ამის გრძელვადიან მშვიდობად გადაქცევა და ამ დახურული საზღვრებისა და შეიარაღებული ფრონტის ხაზების გახრწნილ სამყაროში სამი ათწლეულის განმავლობაში ვცხოვრობთ. ახლა გამოწვევა ისეთი რამის პოვნაა, რაც რეალურად გახსნის რეგიონს და შესაძლებლობას მოგვცემს ავაშენოთ ის, რაც ამ საშინელი წარსულის უკან დატოვების პერსპექტივას შექმნის.

- ის, რომ აზერბაიჯანმა სტრატეგიული მოთმინებისა და მილიტარიზაციის გზით მიაღწია მიზანს, მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის? - სხვადასხვა ქვეყანა ამას დააკვირდება, რათა გაარკვიონ, რა გაკვეთილი უნდა გამოიტანონ. ეს ომი ცოტათი ტყვიამფრქვევების წინააღმდეგ კავალერიის ომს ჰგავდა. აზერბაიჯანს ისრაელური და თურქული იარაღი და თურქი ოფიცრები ჰყავდა, რაც სომხეთთან შედარებით უფრო დიდი აქტივია, სომხეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა კი გადაწყვიტა, ინტერესი არ გამოეჩინა. ეს იშვიათი თანხვედრაა და არა ვარ დარწმუნებული, რომ ვთქვათ, უკრაინას შეუძლია ბევრი რამის სწავლა, როდესაც საქმე ეხება მის სეპარატისტულ ტერიტორიებს.

- რა მომავალი აქვს თავად ყარაბაღსა და მის სტატუსს? - ვფიქრობ, ეს აშკარა გახდება მოლაპარაკებებზე. თუ აზერბაიჯანი და თურქეთი ამას კარგად გაითამაშებენ, შესაძლებელია მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც სომხებისთვის მისაღები იქნება - საზღვრები გაიხსნება, ვაჭრობა დაიწყება, ხალხს შეეძლება მიმოსვლა. მთავარია, გამონახონ გამოსავალი, რომლითაც ორივე მხარე ღირსეულად იცხოვრებს.

- შეიძლება დასავლეთისთვის გაკვეთილი იყოს, თუ როგორ თამაშობენ პოლიტიკურ თამაშებს ამ რეგიონში? - დასავლეთს კარგად გამოსდის კონკრეტული ტიპის პოლიტიკა: ინსტიტუტების განვითარება, მოქალაქეების პატივისცემა, სოციალური ინფრასტრუქტურის აშენება... ის ხალხი, ვინც ხშირად უარყოფითად ლაპარაკობს დასავლეთზე, ყიდულობს ძვირად ღირებულ ბინებს ჩელსიში ან მანჰეტენში და შვილებს შვეიცარიის სკოლებში გზავნის... იმავდროულად, დასავლეთს არ გამოსდის გორდიას კვანძის გაჭრა. დასავლეთი შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ სხვა სიბრტყეში. მის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ექნება მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარებისთვის, ბაზრების რეგიონული ინტეგრაცისთვის, კარგი განათლების მისაღებად.

- რას უნდა ელოდოს საქართველო? - აყვავებისა და განვითარებისთვის საქართველოს მშვიდობიან კავკასიაში ცხოვრება სჭირდება. ალბათ, უნდა დავაფასოთ, რომ საქართველოში როგორც აზერბაიჯანელმა, ასევე სომეხმა უმცირესობამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება ამ რთულ პერიოდში. ვფიქრობ, საქართველო შეიძლება იყოს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის თანაცხოვრების მოდელი.

- ნახჭევანის პოტენციური დერეფანი და საზღვარი თურქეთთან ემუქრება თუ არა საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს? - პოტენციური დერეფანი ამცირებს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ეს შეიძლება ცუდი არც იყოს. ასობით სატვირთო მანქანა, რომლებიც ყოველდღე გადიან საქართველოზე, არა მგონია, დიდ შემოსავალს იძლეოდნენ. აზრი აქვს ყურადღების გამახვილებას განვითარების სხვა სფეროებზე, მათ შორის მაღალშემოსავლიან ტურიზმზე, საექსპორტო სოფლის მეურნეობასა და წარმოებაზე...

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში