"იმდენს იძახებს მიშა ჩამოვალო, რომ საბოლოოდ გახლეჩს ოპოზიციას" - კვირის პალიტრა

"იმდენს იძახებს მიშა ჩამოვალო, რომ საბოლოოდ გახლეჩს ოპოზიციას"

"დიდი იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ინტერესი დადგება პარტიულზე მაღლა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რაც დღეს რეგიონშია. იმედია, მხარეები მიხვდებიან, რომ თუ გვსურს ქვეყნის წინსვლა, ორივე მხარემ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს" - "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- საქართველოში რთული ვითარებაა, ოპოზიცია კვლავ აქციებს მართავს, პარალელურად ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები იმართება. - დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმდებიან. როცა პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადადის, ეს მოწმობს, რომ დემოკრატიული მექანიზმები და სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია. თავის მხრივ, ეს აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. ცუდია, რომ კვლავაც ვერ მოვახერხეთ შუამავლის გარეშე ერთმანეთთან დალაპარაკება, მაგრამ კარგია, რომ გვყავს კარგი მეგობრები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად. თავისთავად ცხადია, ერთბაშად ბევრ რამეს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის, რომ მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, უკვე კარგია. იმედია, ეს პროცესი გაგრძელდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო პრობლემის კოსმეტიკურ მოგვარებაზე, არამედ სიღრმისეულადაც ჩავიხედოთ იმ საკითხებში, რომლებიც პრობლემას უქმნის სახელმწიფოს და მის დემოკრატიულად განვითარებას.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი არჩევნები, როცა ცესკომ მაღალი სტანდარტებით ვერ იმუშავა. საერთო-ეროვნული ინტერესის საგანი უნდა იყოს, რომ მივაღწიოთ ისეთ სტანდარტს, როცა აღარასდროს დაგვებადება კითხვები არჩევნების გაყალბების შესახებ. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც, ინტერესიც და უმნიშვნელოვანესი წინა პირობა ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. არჩევნებს იგებს ამომრჩეველი და არა ის, ვინც ხმებს ითვლის! ამის საწინააღმდეგო კლიშედან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ.

- როცა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელიც გაყალბებაშია ხელგაწაფული, ეს რამდენად შესაძლებელია?

- ძნელია, არ დაგეთანხმოთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ინტერესი დადგება პარტიულზე მაღლა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რაც დღეს რეგიონშია. იმედია, მხარეები მიხვდებიან, რომ თუ გვსურს ქვეყნის წინსვლა, ორივე მხარემ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს.

- უცხოელი დიპლომატების ინიციატივით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ორი შეხვედრა უკვე გაიმართა. კახა კალაძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა, რაც გამორიცხავდა სპეკულაციებს "კარუსელებზე", თუმცა ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს და ისინი რიგგარეშე არჩევნებს უპირობოდ მოითხოვენ.

- თუ ხმები თავიდან გადაითვალეს, ეს უნდა იყოს ღია პროცესი. უნდა ესმოდეს ყველას, რომ გადათვლა სჭირდება არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ ქვეყანას.

თუ ხელისუფლება თავს პატივს სცემს, ოპოზიციის მოთხოვნის გარეშეც უნდა შეისწავლოს, რატომ არ ესადაგება ერთმანეთს ოქმებში ციფრები. ამ თემის დახურვა ღირსების საკითხია.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ინიციატივა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ - პოლიტიკური სიმწიფე, რომ ყველა საკითხის გადაწყვეტაზე ყოფილიყო ორიენტირებული, ძალიან გვაკლია. ისევ რადიკალიზაციისკენ მიდრეკილება ჩანს. ეს ის ბარიერია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ.

ჩვენ ამ ვითარებიდან გამოვალთ ან როგორც გაძლიერებული დემოკრატიული სახელმწიფო, ან წავალთ იმავე წრეზე, რომელზეც ამდენი ხანია ვტრიალებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი მომავლისთვის. ხელის გადაგრეხა, კარის ჩაკეტვა და ა.შ., არ არის ის გზა, რაც მოლაპარაკებაში უნდა გამოიყენებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკლები ულტიმატუმი და მეტი ორიენტაცია სახელმწიფო ინტერესებზე. თუ ამას მიაღწევენ, ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და მათი პოლიტიკური მომავლისთვისაც.

- 14 ნოემბერს გამართულ აქციაზე პირველად გამოჩნდა ძალიან ბევრი პლაკატი წარწერით "მიშა, ჩამოდი!", არადა, ეს თემა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. გარდა ამისა, გარკვეული წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დაძაბულობის პიკის მიღწევას 23 ნოემბრისთვის შეეცდება.

- ეს ორპოლუსიანი პარადიგმა არაფრით არ ემსახურება საქვეყნო ინტერესებს. მიშას ჩამოსვლის თემის გააქტიურება, პოლიტიკურ პროცესში მისი აქტიურობა სწორედ ორპოლუსიანობის გაძლიერებაა. არადა, ეს არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს! ისე, იმდენს იძახებს მიშა ჩამოვალო, რომ საბოლოოდ გახლეჩს ოპოზიციას. იხილეთ სრულად