"მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი"

სიტყვა "დათმობაზე" ჩვენ საუბარი არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ კრიზისიდან გამოსავალზე და კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სრული თანხვედრა აქვთ ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე.

"ის, რომ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ ეს არჩევნები იყო შესანიშნავად ჩატარებული და ასახავს ხალხის ნებას, სამწუხაროდ, არის რეალობას აცდენილი და აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებასთან. შენი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა არის ძალიან სარისკო და მე ვფიქრობ, რომ გააცნობიერებს "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ "ლელო" 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ "სირცხვილის კორიდორებში" მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას "სირცხვილის კორიდორებში". ყველა პარტიას აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, რა ტიპის აქციას ჩაატარებს მეორე ტურების დღეს; ასე რომ, ჩვენ სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, თუ რატომ დატოვეს "ლელოს" წარმომადგენლებმა გუშინ ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების გაპროტესტებისთვის გამართული აქცია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნაში გადაიზარდა და სწორედ ეს გახდა აქციის დატოვების მიზეზი.

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სრული უფლება ჰქონდეს თავისი პირადი მოთხოვნები და ამისთვის გამართონ აქციები. ჩვენ ვმონაწილეობთ ერთობლივ აქციებში და ჩვენ მივიღებთ ისეთ აქციებში მონაწილეობას, რომელიც კონცენტრირებული იქნება არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებით, ანუ, ახალი არჩევნების მოთხოვნით ჩატარებულ აქციებში მონაწილეობას ვიღებთ, მაგრამ არ ვიღებთ ისეთ აქციებში მონაწილეობას, რომელსაც აღნიშნულ თემატიკასთან საერთო არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა ერთობამ გავაჟღერეთ. ამიტომ არ ჩათვალა "ლელომ" გუშინ გაეგრძელებინა მონაწილეობის მიღება აქციაში, რომელიც გადაიზარდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნაში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"