"რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი" - კვირის პალიტრა

"რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული უბანი მმართველმა გუნდმა პირწმინდად წააგო და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს.

"ახლა ვარ "გაერთიანებული ოპოზიციის" გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი. ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა - კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი "კანონიერი ქურდი" ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ასევე, მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს. ესენი არიან ნოდარ შუკაკიძე "კანონიერი ქურდი" და კობიაშვილ-კალაძე და ლევან შუკაკიძე, რომელიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. ვუცხადებ ბრძოლას "კანონიერ ქურდებს"!", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"