"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს"

ვამბობ და ბევრჯერ მითქვამს, სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ამ არჩევნებმა დაადასტურა.

„სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზეა დამოკიდებული ქართული ოპოზიციის აზრი? 120/30-ს მივაღწიეთ? - ხომ მივაღწიეთ? 150-ს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ 77/73-ს ხომ ვაჯობეთ? როგორც გადავარჩინეთ საარჩევნო სისტემა თითქმის, ჩემი ხედვით, ასე თითქმის უნდა ვეცადოთ, გადავარჩინოთ არჩევნები. უცხოელების მეშვეობით თუ მოხერხდება შეთანხმება, ეს იქნება არსებითი საკითხი. თუ მოხერხდება გადათვლა, ასევე, თუ მოხერხდება იმ უბნების გაბათილება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი ასევე ტყუილს უწოდებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ხმების გადათვლაზე უარი განაცხადა.

„კახი კალაძემ უამრავჯერ თქვა ერთი და გააკეთა - მეორე. კახი კალაძემ ჩარაზა ბევრჯერ კარები 77/73-ზე, თქვენ არ იცით, რომ მოიტყუა? მერე ხომ გახსნეს? მერე თქვეს 100/50-ზეო, გახსოვთ? მერე თქვეს 110/40-ზე, ხომ გახსოვთ? ასე, რომ კახი კალაძის განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარად გადაჭარბებული იყო მრავალგზის, რომ უკან არ დაიხევდნენ“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.