"არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო" - კახა კალაძე ნიკა მელიას პასუხობს - კვირის პალიტრა

"არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო" - კახა კალაძე ნიკა მელიას პასუხობს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, მისი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

მისი თქმით, მელია არის "პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი".

"საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანის და გლდანელების მიმართ.

განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ და თავად შეუძლიათ, გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვას", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

"ინტერპრესნიუსი"