"9-წლიანი რეჟიმის დროს ბევრია მათზე განაწყენებული" - რას ამბობს შუკაკიძეების ადვოკატი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე - კვირის პალიტრა

"9-წლიანი რეჟიმის დროს ბევრია მათზე განაწყენებული" - რას ამბობს შუკაკიძეების ადვოკატი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე

ცხრაწლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული. გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადგაზე ჩაიდინა აღნიშნული, - ამის შესახებ ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატმა, ია გაბედავამ განაცხადა, რომლებმაც, ნიკა მელიას მტკიცებით გლდანში მისი საარჩევნო შტაბი გადაწვეს.

როგორც უფლებადამცველმა „კვირის პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნიკა მელიას ბრალდება უსაფუძვლოა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ არანაირი შემხებლობა არ აქვს.

„გუშინ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი დაწვეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისი. აღნიშნულ ოფისში როგორც თავად მელიამ აღნიშნა, კამერები არ გახლდათ, თუმცა მათ ყველა დანარჩენ ოფისში განთავსებულია ეს კამერები. ნიკა მელიამ გუშინ დაადანაშაულა კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ძმები შუკაკიძეები. მან ისინი უწესო ადამიანებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ლევან შუკაკიძე მითითებებს აძლევს კალაძეს და კობიაშვილს. ბუნებრივია ამისათვის საჭიროა მტკიცებულებები. მელიამ სახალხოდ, ყოველგვარი მტკიცებულებეის გარეშე განაცხადა, რომ მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული.

ნიკა მელიამ ასევე გააჟღერა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ნოდარ შუკაკიძე საბერძნეთის ციხიდან ჩამოვიდა და საქართველოში იმყოფებოდა. ჩვენ გვაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ნოდარ შუკაკიძეს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება და ციხეზე მკურნალობას გადის, ის სამჯერ იყო გადაყვანილი საავადმყოფოში.

9 - წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადგაზე ჩაიდინა აღნიშნული. თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტაცია ან მტკიცებულება აქვს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, არავისთვის დავალება არ მიუცია და არავისთან კონტაქტი არ აქვს. კალაძეს და კობიაშვილს რომ შევეკითხე, ამ ადამიანს მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობენ. როდესაც ამბობ, რომ ორგანიზებული ჯგუფი ასრულებს, ამას ორგანიზატორიც სჭირდება და შემსრულებელიც“, - განაცხადა ია გაბედავამ.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

"ინტერპრესნიუსი"