"ეს გულსატკენია ჩემთვის, როგორც ექიმისთვის" - რას აცხადებს ლევან რატიანი - კვირის პალიტრა

"ეს გულსატკენია ჩემთვის, როგორც ექიმისთვის" - რას აცხადებს ლევან რატიანი

"სამწუხაროდ ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო" - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"სამწუხაროდ ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო.  თქვენ იცით, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინა პერიოდში აირჩია მიდგომა, ვირუსის შეკავების მიზნით, რასაც "სახლში დარჩი ერქვა", ე.წ. თვითიზოლაციის საკითხთან დაკავშირებით, ამ მიდგომამ იმ ეტაპისთვის გაამართლა, ვინაიდან არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა. წინა პერიოდში საბედნიეროდ, რადგანაც გვყავდა ინფიცირებულთა ცოტა რაოდენობა, ყველა ინფიცირებული ხვდეობდა საავადმყოფოში, მათზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ ექიმები, მედპერსონალები.  თუ გახსოვთ, მე სულ ვიძახდი, მთავარია, არ დადგეს ჩვენს ქვეყანაში საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს.

თქვენ კარგად იცით, ევროპის სამედიცინო საზოგადოება, სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რაც არ უნდა ვიძახოთ, ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა არ არის ისეთი, როგორიც ევროპის წამყვან ქვეყნებშია. იცით, რომ ჩვენი სამედიცინო სერვისების დაფინანსების ბიუჯეტი მკვეთრად განსხვავდება ევროპული ქვეყნებისგან.  ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს ასეთდატვირთვას, თუნდაც ევროპის წამყვანი ქვეყანა.

საბედნიეროდ მქონდა კარგი თვისება, როგორც ექიმს, რომ როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში არა არ მითქვია პაციენტის მიღებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მე ჩემს მაგალითზე გეუბნებით, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის 10 დღეა, რომ ბევრი არა მაქვს პაციენტის გადმოყვანასთან დაკავშირებით, ეს გულსატკენია ჩემთვის, როგორც ექიმისთვის", - განაცხადა ლევან რატიანმა.