საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 036 755 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ, ევროპაში კი პირველი ქვეყანაა, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონზე მეტია.

ამასთან, საფრანგეთში დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. ფატალური შემთხვევების რაოდენობით ის მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში.

საფრანგეთში 7 ნოემბერს ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 87 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორშაბათს კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მცირე დღიური ზრდა, 9 406 შემთხვევა, დაფიქსირდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსზე კონტროლის აღდგენას ახერხებს, თუმცა, "ლოქდაუნის“ შესამსუბუქებლად ჯერჯერობით მზად არ არის.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ე.წ. საყოველთაო "ლოქდაუნი“ 30 ოქტომბერს, 1 დეკემბრამდე დაწესდა.

"ინტერპრესნიუსი"