"მთავარი მესიჯი იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანა" - რა გამოიკვეთა პომპეოს ვიზიტით, რა გავიგეთ და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს პარტნიორი ქვეყნისგან - კვირის პალიტრა

"მთავარი მესიჯი იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანა" - რა გამოიკვეთა პომპეოს ვიზიტით, რა გავიგეთ და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს პარტნიორი ქვეყნისგან

"უკვე 30 წელიწადია, შესანიშნავი მეგობრები ვართ. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშობთ თემებზე, რომელიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის მხარდასაჭარად, ინტიტუტების გასაძლიერებლად და სამართლიანი არჩენებისთვის..." - ამ განცხადებით დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო. ანალიტიკოსები ჯერ კიდევ პომპეოს ვიზიტამდე განიხილავდნენ მისი ვიზიტის ფუნქციასა და მნიშვნელობას. რა გამოიკვეთა პომპეოს ვიზიტით, რა გავიგეთ და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს პარტნიორი ქვეყნისგან? - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე:

- ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რეგიონული უსაფრთხოება, ნატოსთან ინტეგრაცია, შიდა დემოკრატია - ეს ის თემებია, რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაცია ამერიკასა და საქართველოს შორის. მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგად ახალი დეტალი არ გამოკვეთილა. ჯერ ვერც გამოიკვეთება. რეგიონში განვითარებული პროცესების ფონზე, პომპეოს ვიზიტი, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ალბათ, ისაუბრეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელოვან დეტალებზეც, თუმცა არა მგონია, ასეთი თემები საჯარო განხილვის საგანი გახდეს.

- თქვენი ვერსიით, პომპეო თავად რატომ არ შეხვდა ოპოზიციას? მისი წასვლისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, ოპოზიცია მის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდებაო.

- მე კი ვვარაუდობდი, რომ პომპეო შეხვდებოდა ოპოზიციას. ტრაგიკული არაფერია იმაში, რომ მის მაგივრად მოადგილეს დაეკისრა ეს მისია. ლოგიკურიც იყო. ადმინისტრაცია, რომელსაც პომპეო წარმოადგენს უკვე წამსვლელია. მან საქართველოს პრემიერთან დემოკრატიულ პრინციპებზე ზოგადად ისაუბრა, ხოლო შიდა, მიმდინარე პროცესებში მკვეთრად ჩართვა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეროგატივა არ არისა, მით უფრო - მიმავალი ადმინისტრაციისა. ისე კი, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც ამერიკის ელჩიც არის ჩართული, პომპეოსა და გახარიას შორის აუცილებლად იქნებოდა განხილული. დაპირისპირების მშვიდობიანად ამოწურვის რჩევაც იქნებოდა პომპეოსგან გაცემული. დარწმუნებული ვარ, ფილიპ რიკერი შეეცდება, ოპოზიცია დაარწმუნოს, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაიტანონ.

- პომპეომ ისე დატოვა საქართველო, რომ ჩვენ არც კი ვიცოდით, თუ მისი მოადგილე შეხვდებოდა ოპოზიციას. როგორც ცნობილია, ეს შეხვედრა გაუთვალისწინებლად ჩაინიშნა. მანამდე ამერიკის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ პომპეოს შეცდომად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ შეხვდა. - იან კელი ცოტა სხვა პრიზმაში უყურებს ამ საკითხს. ის სამი წელი მუშაობდა აქ და კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მიიჩნია მართებულად ოპოზიციასთან შეხვედრა. თუმცა, დღეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მგონია, რომ პომპეო სწორად მოიქცა. თავად რომ შეხვედროდა ოპოზიციას, შეხვედრას სხვაგვარი დატვირთვა მიეცემოდა. დარწმუნებული ვარ, ტრამპს რომ გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, პომპეო თავად შეხვდებოდა ქართულ ოპოზიციას. სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად არ იცვლება. შესაძლოა, რაღაც განსხვავება იყოს, მაგრამ ძირითადი მიმართულება რჩება უცვლელად. დღეს არსებულ მოცემულობაში, როცა საქმე ეხება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, პომპეო ოპოზიციასთან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებაზე ვერ ისაუბრებდა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში წასასვლელად გამზადებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართვა აუცილებელი არ იყო. მთავარ მესიჯს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ფილიპ რინკერიც გადასცემს. და ეს მთავარი მესიჯი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანა იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის) ხათუნა ბახტურიძე