"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები"

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყველაფერი დაბალანსებულადაა წარმოდგენილი.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები და „ამიტომ სჯობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა პარლამენტში გადაინაცვლოს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები“.

„მე ვფიქრობ, რომ დასკვნაში ყველაფერი დაბალანსებულადაა წარმოდგენილი და აქცენტები საკმაოდ ზუსტადაა დასმული. ორივე შემთხვევაში, პარლამენტში არშესვლის და პარლამენტში შესვლის ვარიანტში, პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია. შესაბამისად, სჯობს, რომ ეს კრიზისი გადავიდეს საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები. ჩვენ დღეს ბევრი ტიპის სახელმწიფოებრივი გამოწვევები და რისკები გვაქვს და ეს ქუჩის პროტესტი მაინც ძალიან ბუნდოვანი განვითარებითაა. ყოველთვის სჯობს, რომ სიმართლე ასეთ ფარგლებში ამტკიცო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღიარებ არჩევნების შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ დე ფაქტო მდგომარეობას და შემდგომი განვითარებით, საგამოძიებო კომისიის შექმნით არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისი პროცედურებით, მიდიხარ ისევ რიგგარეშე არჩევნებამდე. მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაში არის სწორი რეკომენდაციები. ჯობდა, რომ ოპოზიცია თავიდანვე ასე მოქცეულიყო. ახლა ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ხელისუფლების გარკვეულ კომპრომისებზე წამოყვანა და გარკვეული დათქმით ამის გაკეთება, ახლა ხელისუფლება გრძნობს, რომ მას, თუნდაც ირიბად, ლეგიტიმაცია მიღებული აქვს და კომპრომისული ვარიანტების მოძებნა უკვე გართულებულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ამ განცხადების შემდეგ მოვლენებმა ნელ-ნელა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

„მე ვფიქრობ, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამ განცხადების შემდეგ უნდა დაიწყოს „დრეიფი“ კრიზისის საპარლამენტო კედლებში გადაყვანისკენ. რა პირობებზე და რა კომპრომისებზე იქნება ეს აგებული, მე წინასწარ, არ ვიცი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მხარეებმა სახე არ დაკარგონ. პარლამენტში შესვლა არ უნდა ჩაითვალოს იმის დადასტურებად, რომ ან ერთმა ან მეორემ წააგო. შეიძლება მოიძებნოს ის ფორმულა, რომლითაც ოპოზიცია ერთი მხრივ, შევიდეს პარლამეტში, მაგრამ ამასთანავე, მათ თავის ამომრჩეველთან ექნებათ სათქმელი, თუ რატომ დგამენ ამ ნაბიჯს. ეს ფორმულა თუ არ მოიძებნა და გამოვიდა ისე, რომ ოპოზიცია გუშინ ერთს აცხადებდა და დღეს უპირობოდ შევიდეს პარლამენტში, ეს იქნება მათთვის კატასტროფის ტოლფასი, ამიტომ, ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი დასჭირდება კიდევ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსი დარღვევები დაინახეს, მათ შორის, მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს.

"ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"