"სამშობლო გიჟივით მენატრება... ვიცი რას ნიშნავს ეს ტკივილი" - კვირის პალიტრა

"სამშობლო გიჟივით მენატრება... ვიცი რას ნიშნავს ეს ტკივილი"

“სამშობლო გიჟივით მენატრება... ვიცი რას ნიშნავს ეს ტკივილი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის კონტექსტში და აღნიშნა: "გვეუბნებიან: კი არჩევნები გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც რაღაცაზე მოილაპარაკოთ“.

"ჯერ ერთი, მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა დაანონსებული არ იყო და ბოლო წუთში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი, რომელიც არის ევროპის და აზიის მიმართულების ხელმძღვანელი, შეხვდა ჯერ არასამთავრობო სექტორს, შემდეგ ქართულ ოპოზიციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაინახეს, რომ ძალიან მძლავრი პროტესტი იყო შაბათს, თბილისში და ბათუმში. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბებით ჩატარდა, არ შეესაბამებოდა არჩევნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს და ისინი შეხვდნენ ოპოზიციას.

როგორც ვიცი, ოპოზიციამ რაც ელაპარაკა დარღვევებზე, წინააღმდეგობრივი არგუმენტები მათ არ ჰქონდათ, ისინი ხვდებიან, რომ ყველა დარღვევას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ამბობენ, კი, გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც მოილაპარაკოთ.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და ვერ მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ახლა გვაქვს დასაკარგი დრო, რომ ვიღაც შევიდეს, დაჯდეს, იცოდვილოს გაყალბებულ პარლამენტში და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“,- აღნიშნა მან და დასძინა: "არავის ვახვევ ჩემ აზრებს“.