"ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ნატოს თავისუფლად შეუძლია საქართველოს "მაპი" შესთავაზოს" - Deutsche Welle - კვირის პალიტრა

"ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ნატოს თავისუფლად შეუძლია საქართველოს "მაპი" შესთავაზოს" - Deutsche Welle

გერმანული რადიოსადგურის - "დოიჩე ველეს" («Deutsche Welle») ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რუსი ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის, კონსტანტინე ეგერტის კომენტარი სათაურით - "მოსკოვის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში დრო გაუვიდა, დგება თურქეთის დრო", სადაც ავტორი აანალიზებს რეგიონში არსებულ სიტუაციას და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს:

"ვლადიმერ პუტინს არასდროს მიუცია ისეთი ფრთხილი და დელიკატური ინტერვიუ, როგორიც მან 17 ნოემბერს რუსულ მასმედიას მისცა მთიანი ყარაბაღის პრობლემატიკაზე. ოფიციალური მოსკოვი მუდმივად იმეორებს, რომ თურქები არ ჩაერევიან სამშვიდობო მისიის შესრულების პროცესშიო, მაგრამ აშკარაა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეები უკვე ოფიციალურად ასრულებენ სამხედრო-პოლიტიკურ ფუქნციას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთისთვის ერთობ მგრძნობიარე რეგიონად მიიჩნევა. თურქების მოქმედება იმის გამოხატულებაა, რასაც პუტინის რეჟიმი მუდმივად უფრთხოდა. ამისთვის კრემლმა თავისი ნეოიმპერიული "პრივილეგირებული ინტერესების ზონის" კონცეფციაც შეიმუშავა.

ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ აშკარად სიტუაციის შელამაზების მცდელობაა: იგი ლაპარაკობს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, რომ რეჯეფ ერდოღანი ის კაცია, რომელმაც რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ისტორიული ანტაგონიზმი გადალახაო (კონრად ადენაუერისა და შარლ დე გოლის მსგავსად, რომლებმაც გერმანელები და ფრანგები შეარიგეს) და ერთგვარ სინანულს გამოხატავს, რომ თავის დროზე სომხეთმა არ გააკეთა მთიანი ყარაბაღის მიმართ ის, რაც რუსეთმა ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ განახორციელა.

რეჯეფ ერდოღანთან კრემლის მრავალწლიანი თამაშის მთავარ მიზანს ნატოს სამხრეთის ფლანგის დასუსტება და ალიანსში განხეთქილების შეტანა წარმოადგენდა. რასაკვირველია, თურქეთის პრეზიდენტმა ეს ყველაფერი კარგად იცის და ისიც თავის მხრივ, ცდილობს, ვითარება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. თურქეთის "კავკასიური ნახტომი" და მისი ფაქტობრივი მონაწილეობა რუსეთის რეგიონული მოკავშირის წინააღმდეგ მიმართულ ომში მკაფიოდ ადასტურებს მოსკოვი-ანკარის [მტკიცე] პარტნიორობის იმიტაციას. კრემლის თურქეთთან თამაშები ვლადიმერ პუტინისთვის სამომავლოდ უსიამოვნო შედეგების მომტანი იქნება.

აშკარაა, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენას გააძლიერებს, და არა მარტო იქ. ანკარის ამოცანაა, დომინირებული ძალა გახდეს შავი ზღვის რეგიონში. ამ საკითხში მას მხარს დაუჭერს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც, რომლის მიზანს ნატოს რიგების გამთლიანება წარმოადგენს. ჯო ბაიდენი, ალბათ, ბარაკ ობამას პოლიტიკას გააგრძელებს - ყველანაირად ეცდება ნატოს რიგებში თურქეთის შენარჩუნებას.

როგორც თბილისში ჩემი კონტაქტების წყალობით ვიცი, სომხეთის (ანუ პუტინის) დამარცხებამ საქართველოში ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება გამოიწვია. ამ ფონზე საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა, რომელიც ბოლო ათწლეულებში დადებითად ვითარდებოდა, ალბათ, უფრო გაუმჯობესდება - კავკასიაში ხომ ძლიერებს და წარმატებულებს ყოველთვის პატივს სცემენ!

გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ (იგი მუდამ ამბობდა, რომ მოსკოვის გაღიზიანება არ შეიძლებაო), ნატოს თავისუფლად შეუძლია საქართველოს "მაპი" (Membership Action Plan) შესთავაზოს, მით უმეტეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის მიმართულებას ბრიუსელი საკვანძო რეგიონად მიიჩნევს... თუმცა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამისთვის მზად. საერთო ჯამში, დონალდ ტრამპის შემდეგ გერმანია და საფრანგეთი შეეცდებიან ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ამიტომ დიდი შანსია იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე დიდი ხნის წინ მიცემული დაპირება საქართველოს აუსრულდეს.

სხვათა შორის, თბილისმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მიანიშნა ნატოს, რომ გაწევრების შესახებ ხელშეკრულებაში საქართველო მზად არის სპეციალურად აღინიშნოს ერთი მომენტი: ალიანსის პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არ გავრცელდება. როგორ მოიქცევა ასეთ სიტუაციაში კრემლი? 2008 წელს, თეორიულად მაინც, რუსული ტანკებით თბილისზე შეტევა შეიძლებოდა, დღეს ამის განხორციელება საეჭვოა, და არამარტო გარდაუვალი სანქციების შიშით. უბრალოდ, ახლა რუსეთს საქმე ექნება რეგიონის ახალ და ძლიერ მოთამაშესთან - თურქეთთან.

აცნობიერებს თუ არა ვლადიმერ პუტინი იმას, რომ დრო, როცა მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეზე დომინირებდა, უკან მოუბრუნებლად წავიდა? ამ კითხვაზე შეიძლება პარადოქსული პასუხი გავცეთ: ალბათ, აცნობიერებს. "აზერბაიჯანი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. მას უფლება აქვს,  თავისი მოკავშირე თვითონვე ამოირჩიოს. ვინ ეტყვის ამაზე უარს?", - ამბობს ვლადიმერ პუტინი ინტერვიუში. პარადოქსული ის არის, რომ მისი ნათქვამი თითქმის ზუსტი ციტირებაა იმ ტექსტისა, რაც ნატოს დოკუმენტებშია მოცემული. ეს თბილისსაც ეხება. და თუ საქართველო ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდება, ამაში რეჯეფ ერდოღანს უნდა უმადლოდეს“.  წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ