"არასასიამოვნოა, როცა ამ ტიპის შეფასებები გვესმის ქვეყანაზე, რომ 30 წელი ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე დადის და როგორც ამბობენ, ეს ფილმი ნანახი აქვთ" - კვირის პალიტრა

"არასასიამოვნოა, როცა ამ ტიპის შეფასებები გვესმის ქვეყანაზე, რომ 30 წელი ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე დადის და როგორც ამბობენ, ეს ფილმი ნანახი აქვთ"

ასეთი დაუგეგმავად დანიშნული შეხვედრები ხდება ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლის საზოგადოებაც ვერ ახერხებს მედიატორის გარეშე ერთმანეთთან ლაპარაკს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ განზომილებაში ვართ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილის ფილიპ რიკერის მიერ საქართველოში გამართულ ორ წინასწარ დაუგეგმავ შეხვედრას ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მისივე თქმით, როცა ვერ ახერხებ ერთმანეთთან ლაპარაკს და პროცესი მიდის პოლარიზაციისკენ, გჭირდება დამხმარე, რომელიც ამ პოლარიზაციის გადაიყვანს კონსტრუქციულ რეჟიმში.

„გუშინდელი ვიზიტიც და შეხვედრებიც მეტყველებს ინტერესზე იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიდის. მხედელობაში მაქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული მდგომარეობა. იცით, რომ ამერიკული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ეს პროცესი გადავიდეს დიალოგის რეჟიმში და მოხდეს იმ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისაღები იქნება, განმუხტავს ამ არსებულ კრიზისს. ასე რომ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებს ჩვენი პარტნიორის არამხოლოდ გულშემატკივრობაზე, არამედ აქტიურ ნაბიჯებზე, რომ საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს და პოლიტიკური ძალები პოლარიზაციიდან გადავიდნენ დიალოგის რეჟიმში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ვინც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ნახა და წაიკითხა არა პარტიული ხედვით, არამედ სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე, ვერავინ დარჩებოდა კმაყოფილი.

„ნამდვილად არასასიამოვნოა, როცა ამ ტიპის შეფასებები გვესმის ქვეყანაზე, რომ 30 წელი ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე დადის და როგორც ამბობენ, ეს ფილმი ნანახი აქვთ, რომ ეს ის დემოკრატია არ არის, რომელიც უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, ისევ ამაზე გვიწევს საუბარი და ვფიქრობ, ელემენტარულად, თავმოყვარე ქვეყანა, ძალიან ღრმად უნდა ჩაეძიოს ამ პრობლემას და ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს აღმოიფხვრას. საქართველო იმ გამოწვევების წინაშე დგას და ამბიცია აქვს გახდეს არა რეგიონში პირველი, არამედ გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა რომ გინდა, მაშინ დემოკრატიის სხვა სტანდარტიც უნდა აჩვენო. მე მაინც მინდა, რომ ოპტიმისტი ვიყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახლაც რაღაც გადაწყვეტილებამდე მივლენ“, - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. მან ოფიციალური შეხვედრები, ქვეყნის პირველ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა. მისი გამგზავრების შემდეგ კი გაირკვა, რომ მისი მოადგილის ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაინიშნა. ის, დამატებით ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

"ინტერპრესნიუსი"