"თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - როგორ იხსენებს უბედურ შემთხვევას, შატილის ავარიას გადარჩენილი ნატალია თხელიძე? - კვირის პალიტრა

"თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - როგორ იხსენებს უბედურ შემთხვევას, შატილის ავარიას გადარჩენილი ნატალია თხელიძე?

შატილის ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი სამივე გოგონა, ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატალია თხელიძე, დღეს საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ ამ დრომდე არ აქვთ პასუხები მომხდარზე და გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან.

AMBEBI.GE-მ შევძელით სამივე მათგან ინტერვიუს ჩაწერა. დღეს გთავაზობთ ნატალია თხელიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს და ის პირველად იხსნებს თავს გადამხდარ ამბებს:

ნატალია თხელიძე:

- ჩემს მოსწავლესთან, ხატია ზაალიშვილთან ერთად, რომელიც სამწუხაროდ დავკარგე, შატილის ტურზე წავედი. იმის გააზრება მიჭირს, რაც ჩვენს თავს მოხდა. ხატიას 4 წლის წინ ვასწავლიდი და ძალიან დავმეგობრდით. თვითონაც ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა. გვინდოდა მათი ტურით წავსულიყავით, მაგრამ რადგან მათი ტური გადაიდო, წავედით კომპანია "თრეველე ჯი"-თი. არასოდეს მქონია შიში განსაკუთრებით ტურისტული კომპანიების და არც არასოდეს დავფიქრებულ მანქანის გაუმართაობაზე. ყოველთვის ნდობა მქონდა, შესაბამისად არაფერი გადაგვიმოწმებია.

- იმ საბედისწერო დღეს როგორ გაიხსენებთ?

- მახსოვს როგორ ვერთობოდით. არ მახსოვს მანქანა გაფუჭებულიყო ან რამე პრობლემა გვქონოდა გზაში. გავერთეთ, კარგად იყო ყველაფერი, უკან ვბრუნდებოდით და ის რაც მოხდა, დღემდე დაუჯერებელია ჩემთვის. ზოგადად ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადმაიანი ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს პირველი ტური იყო, სადაც არავინ გამიცვნია. ავედით, მივესალმეთ ყველას, დავჯექით ერთად მე და ხატია და მთელი გზა ერთად ვსაუბრობდით. არავინ გამიცვნია.

ახლა როცა ვიგებ ამბებს და მათ ფოტოებს ვნახულობ, მახსენდება რომ ვნახე ეს ადამიანები, გავიცანი და დაველაპარაკე, მაგრამ სახელი და გვარებით არა. ალბათ ჩემი დაუდევრობაც არის ის რომ მძღოლს არც დავკვირვებივარ, რამე ხომ არ უჭირდა. გზაში არც შემშინებია. ერთ დღეში როგორ უნდა გაიარო ეს გზაო ამბობენ, მაგრამ პირადად მე მგზავრობა არ მღლის, პირიქით, ძალიან მსიამოვნებს და შესაბამისად დაუძლეველი იმ გზაში არაფერი მეჩვენებოდა. დიდად გზისკენ არც ვიყურებოდი და რთულად არც მომჩვენებია რომ დაძაბული ვყოფილიყავი. მერე გავარკვიე რომ ამ კომპანიით წასული ვიყავი კაბადოკიაში. გონზე რომ მოვედი ისიც გამახსენდა გზაში ერთხელ მუცოში ასვლის დროს გიდსაც ველაპარაკე. ფეხით ავდიოდით დასათვალიერებად და მას ვუთხარი მგონი კაბადოკიაში თქვენი ტურით ვიყავი-მეთქი. როდის ვიყავი ის მკითხა და გაახსენდა, რომ იმ დროს გიდი სხვა პირი იყო. მეტი კონტაქტი გიდთან არ მქონია.

- უკან ბრუნდებოდით, როდესაც ავარია მოხდა... რამე გახსოვთ ტრაგედიის მომენტიდან?

- არაფერი დარჩა ჩემს მეხსიარებაში. ჩემი მეხსიერება წყდება იქ, როცა თაფლის საყიდლად გავჩერდით. თქვეს თაფლი შევისყიდოთო, არადა ვაპირებდით ყველანი სადმე ქვევით რესტორანში დავმსხდარიყავით. ზევით ვერავინ ვერ მიგვიღო, გვითხრეს რომ ვერ მოახერხებდნენ ხინკლის შეხვევას. ყველას გვშიოდა. მახსოვს ცოტა უკმაყოფილოც ვიყავი რომ გაჩერეს, რა დროს თაფლია, გვშია-მეთქი. მერე არაფერი მახსოვს, არადა თურმე ამ საშინელი ავარიის შემდეგ გონზე ვყოფილვარ, ბევრიც მილაპარაკია ჩემზე, მაგრამ ეს მე არაფერი მახსოვს.

- ანუ გონება არ დაგიკარგავთ?

- ბოლომდე, საავადმყოფოში შევსულვარ ისე, რომ გონება არ დამიკარგავს. მთელი გზა სასწრაფოს მანქანით რომ მოვყავდით თურმე გონზე ვიყავი. მერე დამირეკა იმ ექთანმა, რომელმაც ბისოდან სასწრაფოთი გადმოგვიყვანა, ეგეც არ მახსოვდა, რომ თურმე სადღაც მცხეთასთან სხვა სასწრაფოში გადავუსვივართ. იხილეთ სრულად