"სადეპუტატო მანდატის შემადგენელი პრივილეგიაა, უარი თქვა მანდატზე - ძალით პარლამენტში ვერავინ გაგაჩერებს" - კვირის პალიტრა

"სადეპუტატო მანდატის შემადგენელი პრივილეგიაა, უარი თქვა მანდატზე - ძალით პარლამენტში ვერავინ გაგაჩერებს"

სადეპუტატო მანდატის შემადგენელი პრივილეგიაა, უარი თქვა მანდატზე - ძალით პარლამენტში ვერავინ გაგაჩერებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის თქმით, სადეპუტატო მანდატი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტის წევრმა მანდატზე უარი თქვას და ამას უმრავლესობამ პატივი უნდა სცეს.

“მართალია ირაკლი კობახიძე, როცა ამბობს, რომ 76 დეპუტატს პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობა შეუძლია. რაც შეეხება დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, სადეპუტატო მანდატის შემადგენელი პრივილეგიაა უარი თქვა მანდატზე - ძალით პარლამენტში ვერავინ გაგაჩერებს. პოლიტიკური ბოიკოტის ფარგლებში უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა და მოსწონს თუ არა უმრავლესობას, ეს დემოკრატიული მექანიზმია. ოპოზიციას ამ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს, როგორი მძიმე შედეგებიც არ უნდა გამოიღოს და როგორ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა შეგვიყვანოს მან. პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ანუ საკითხს უყაროს კენჭი და მათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს. პარლამენტის უმრავლესობამ პატივი უნდა სცეს დეპუტატის მოთხოვნას, უარი თქვას პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციის პარლამენტში ძალით დაბმა ოპოზიციონერი ამომრჩევლის უპატივცემულობაა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.

მისივე განმარტებით, კონსტიტუცია ითვალისწინებს ბერკეტს, უმცირესობამ არ მოახდინოს პარლამენტის მუშაობის ბლოკირება, რისი მექანიზმიც არის ის, რომ 76 ადამიანს 150 კაცის უფლებამოსილების ცნობა შეუძლია. მენაბდე იმასაც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ინსტრუმენტები გათვალილია ისეთ შემთხვევებზე, როცა უმრავლესობა ოპოზიციას უფლებამოსილებას უკანონოდ უწყვეტს და ამით საკანონმდებლო ორგანოში საქმის გაიოლებას ცდილობს.

“ამის საკონსტიტუციო მექანიზმია, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება და თუ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი უკანონოდ შეუწყვიტეს, მას სასამართლო მანდატს აღუდგენს. მაგრამ შემთხვევა, როცა ოპოზიციას პარლამენტიდან წასვლა უნდა და არ უშვებენ, კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ფართოდ გავრცელებული არ არის და ამიტომ ჩვენი კანონიც “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ამაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს.

როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“.

ამ კონტექსტში კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს.

კითხვაზე, არის თუ არ მზად “ქართული ოცნება“ ოთხი წელი მარტო დარჩეს პარლამენტში, კობახიძემ განაცხადა, რომ “ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება“.