ალეკო ელისაშვილი: "პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკოს მეორე ტურში დავამარცხებდი" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკოს მეორე ტურში დავამარცხებდი"

"რაც მთავარია, გიორგი გახარიამ, კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ კილო შეარბილეს. ეს კარგია და ჩვენ მივესალმებით. ეგზემპლარებად დარჩნენ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებსაც პასუხი არაფერზე მოეკითხებათ..."

"ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციას, თუმცა, ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ. ივანიშვილის თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებრიობამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. პარლამენტში რომ ოპოზიცია აუცილებლად შევა, ამაში დარწმუნებულია დედაქალაქის მერი კახი კალაძეც: "ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და პარლამენტში შევლენ. ხალხმა მათ ხმა იმისთვის მისცა, რომ პარლამენტში შევიდნენ... რაც შეეხება პოლიტიკურ ჩიხს, მოლაპარაკებები დაწყებულია. ჩართულები არიან ფასილიტატორები, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტიდან გაგრძელდება მუშაობა, ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს".

"კალაძემ ჩვენს დამოძღვრას თავი დაანებოს და ქალაქის პრობლემებს მიხედოს. ეს არის მისი ფუნქცია, ამისთვის აირჩიეს. ნუ გვასწავლის, პარლამენტი რა არის", - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის განცხადებას. რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს და როგორია მისი გეგმა, ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება:

- ჩვენ არც ამბიციურები ვართ, არც ემოციურები და არც გადაჭარბებულად გვეჩვენება რამე. ძალიან რაციონალური და პრაგმატული პოზიცია გვაქვს, ისეთი, როგორიც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიას შეშვენის. ტყუილად ნურავის ექნება იმედი, რომ დღეს არსებული მოცემულობით პარლამენტში შევალთ. რას დავთმობთ, დამოკიდებულია "ოცნებაზე". თუ ისევ არხეინად განაგრძეს ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს კომპრომისისთვის არავის განაწყობს. თუ დავინახავთ მათ ადეკვატურ ნაბიჯებს, მზად ვართ. იმიტომ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ თითოეულ საკითხზე.

- კობახიძე ამბობს, რომ მესამე რაუნდში საუბარი იქნება არა რაიმეს დათმობაზე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს.

- რაც მთავარია, გიორგი გახარიამ, კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ კილო შეარბილეს. ეს კარგია და ჩვენ მივესალმებით. ეგზემპლარებად დარჩნენ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებსაც პასუხი არაფერზე მოეკითხებათ. თუ ორივე მხარე გავჯიქდებით და უფსკრულის პირას დავდგებით, მხოლოდ ორივე მხარე კი არა, ქვეყანა დაზიანდება. საშინელი ზამთარი გველის: უმუშევრობა, სიღატაკე, ეპიდემია... ამიტომ ველოდებით, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წავა. ძალიან მინდა მესამე რაუნდი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში არავინ დამარცხდება, მხოლოდ საქართველოს პერსპექტივა, ჩვენი ხალხის ინტერესი გაიმარჯვებს. მე ამ ტენდენციას ვხედავ, ასე გააგრძელონ.

- მამუკა მდინარაძე, რომლის კილო თქვენ შერბილებული გეჩვენებათ, ამბობს, რომ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან წამოყენებული წინადადება და ულტიმატუმი, რომ თუ თქვენი რიტორიკა ისევ რადიკალური იქნება, კომპრომისზე საუბარი ვერ მოხერხდება. ფაქტია, კომპრომისულ წინადადებას ხელისუფლება თქვენგან ელის. - ჩვენ არანაირ ულტიმატუმს არ ვაყენებთ. გონივრული მოთხოვნები და წინადადებები გვაქვს. ჩვენ გვსურს კომპრომისი, გამოსავლის გამონახვა და კრიზისის მართვა.

- რას ელით ხელისუფლებისგან?

- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანურად დაკომპლექტებას, ადამიანური საარჩევნო სისტემის შექმნას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

- რაც ბოიკოტი გამოაცხადეთ, ეს მოთხოვნები მას შემდეგ გაქვთ, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ ვერც ერთი ვერ იქნება განხილვის საგანი. - ხელისუფლება ამბობს, ხელახალი არჩევნები გამორიცხულიაო, მაშინ რიგგარეშე არჩევნებზე შევთანხმდეთ. კალაძე ისევ იმას გაიძახის, ხელახალი არჩევნები არ იქნებაო. კი ბატონო, ნუ იქნება, მაგრამ იყოს რიგგარეშე. ეს ორი სხვადასხვა რამეა, შინაარსობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

- მეორე ტურის შედეგები, ცხადია, მმართველი გუნდის სასარგებლო იქნება. თქვენთვის რა დანაკარგი იქნება, თუ პარლამენტში შესვლამ მოგიწიათ? - დანაკარგი დიდი იქნება. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკოს მეორე ტურში დავამარცხებდი. ამაზე მათემატიკა მეტყველებს. მან პირველ ტურში გაყალბებული არჩევნების წყალობით 43% აიღო, ჯამური ოპოზიციური ხმები 57% იყო. თუმცა არა უშავს, თუ შევთანხმდებით რიგგარეშე არჩევნებზე, დაე, იყოს ეს ოპოზიციისგან გაღებული მსხვერპლი.

ხათუნა ბახტურიძე