"ყვავილოვანი" ფსიქოთერაპია
მოყვარულ მეყვავილეთა შორის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი არასდროს ჩამიწერია. სოფია ვერულაშვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მცენარეებთან და ამაზე მისი სახლის ულამაზესი ყვავილებიც მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფია ძალიან მოუცლელია - კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორია და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტი - მცენარეებისთვისაც იცლის და ეს მისთვის უდიდესი განტვირთვაა.
სოფია ვერულაშვილი: - რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში მცენარეებზე ზრუნვა ერთ-ერთი სერიოზული საქმე იყო. იმერეთში ბებოს სულ ჰქონდა ქოთნის ყვავილებიც და ეზოში მშვენიერი ბაღიც. რაღაც პერიოდი მასთან ვიზრდებოდი და ვხედავდი, როგორ უვლიდა მცენარეებს. წლეულს გაზაფხულზე, კორონაპანდემიის გამო იმერეთში წავედი და იქიდან დისტანციურად ვმუშაობდი. ზაფხულიც იქ გავატარე და მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ეზოში ყველა ვარდი, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევს და რაც თავი მახსოვს, იქ არის - ბებოს დარგული და ჩემზე უფროსია. როგორც მე ვიზრდებოდი, ასე იზრდებოდნენ ისინიც... ამ ზაფხულს თბილისში რომ ჩამოვედი, 40 ძირამდე ახალი ვარდი ვიყიდე, იმერეთში წავიღე და დავრგე. მევარდეებს ჩვენი ვარდები რომ ვაჩვენე, გაოცებული დარჩნენ, ასეთი ახლა თითქმის აღარც არსებობსო... მოკლედ, მხოლოდ წლეულს გავაცნობიერე, რომ ჩვენი ვარდები 40 წელზე მეტი ხნის არის და ახლაც ხარობს. სამწუხაროა, რომ ბებო აღარ არის...
- თუმცა თბილისშიც მშვენიერი მცენარეები გაქვთ ულამაზეს აივანზე... - ძალიან მიყვარს ცხოველებიც, მაგრამ ბევრს ვმოგზაურობ და მათ ვერ მოვუვლიდი. ყვავილები კი უფრო შესაძლებელი იყო. ჩემი არყოფნისას რძალი აკითხავს, მეც იქიდან რჩევებს ვაწვდი... ყველა ყვავილს თავისებური მოვლა უნდა.
თბილისის ყვავილებიდან ზოგი 15 წლის არის, ზოგი - 10-ის, ზოგიც - ნაკლების. სულ ვაახლებ, ვამატებ. რამე ლამაზს რომ დავინახავ, ვყიდულობ, ან თუ ვინმესთან შევნიშნავ, ტოტს, ფოთოლს ვთხოვ გასამრავლებლად... როცა აქ ვარ, თავს საუკეთესოდ გრძნობენ, რადგან ვეფერები, ველაპარაკები. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ბალბების მიმართ.
- ბალბა ულამაზესია, მაგრამ სპეციფიკური სუნი აქვს და ბევრი ამიტომ არ ამრავლებს... - ამას წინათ ჩემმა დისშვილმაც მითხრა, ამის სუნს ვერ ვიტანო. რას ამბობ-მეთქი? ვგიჟდები მის სუნზე, რადგან ეს ჩემი ბავშვობაა, მას მაგონებს... ბებოს გაზაფხულზე გარეთ გაჰქონდა მცენარეები, შემოდგომით შინ ისინი შემოჰქონდა, რომლებიც ყინვას ვერ უძლებდა. ეს მთელი რიტუალი იყო. ახლა მეც ასე ვარ. წლეულსაც აივანზე მხოლოდ ყინვაგამძლეები დავტოვე. ბებოს მოშენებულებიდან იმერეთში ახლაც ცოცხალია დეკემბერა, აქ კი ჩემი დარგული დეკემბერა მაქვს. ქარი და ადგილის შეცვლა არ უყვარს. უკვე დახუნძლულია და თავისი სილამაზით ძალიან მახარებს. ვისაც ყვავილი უყვარს, ეს ბუნების თერაპიაა, ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს.
- მოყვარულ მეყვავილეებს შორის ფსიქოლოგი რესპონდენტი ჯერ არ მყოლია... ადამიანის ცხოვრებაში ყვავილებს რა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს? - ყვავილებს ფსიქოთერაპიული მნიშვნელობა აქვს. ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს. ეს პატარებისთვისაც კარგი მაგალითია. ვხედავდი, უფროსები როგორ ზრუნავდნენ მცენარეებზე და მოგვიანებით იგივე სურვილი მეც გამიჩნდა. სწორედ უფროსების მზრუნველი დამოკიდებულება მცენარეების, ცხოველების მიმართ იყო პირობა, რომ მგონი, ცუდ ადამიანად არ ჩამოვყალიბდი და პროფესიაც ისეთი მაქვს, რომ ხალხზე ზრუნვა მიწევს. ასე რომ, ფსიქოთერაპიული გავლენა დიდია. ჯგუფებიც მქონდა, სადაც მონაწილეებს ვთხოვდი, მათთვის საყვარელი ყვავილი მოეტანათ და დაედგათ ოთახში, სადაც ვმუშაობდით. როგორც ყვავილები გაიზრდება მოვლისას, ასე ფსიქოთერაპიულად ვიზრდებით ჩვენც. ჯგუფთან მუშაობა რომ დასრულდა, თავისი ყვავილი ყველამ შინ წაიღო.
კარგია, რომ ბოლო დროს ბევრი ადამიანი აქცევს ამას ყურადღებას, მცენარეებს უვლის, აშენებს, გამოჰყავს. პანდემიამ ეს ტენდენცია უფრო გაააქტიურა. ადამიანი ქვეცნობიერად მივიდა აქამდე - რგავდნენ, უვლიდნენ... ყველას უნდოდა, გაზაფხულზე რამე ეკეთებინა...
აივანზე რეჰანი და პომიდორი მქონდა, თან რეჰანი ძალიან ლამაზია, სურნელოვანი, ყვავილიც მშვენიერი აქვს. ეს ყველაფერი ადამიანს მალამოსავით ედება... ბალბა ვახსენეთ... ის ღამითაც გამოყოფს ჟანგბადს და მისი საძინებელში დადგმაც შეიძლება, არადა, ყვავილების უმეტესობა ნახშირორჟანგს გამოყოფს. თერაპიაზე ვსაუბრობდით და მწვანე ფერი ყველაზე ჯანმრთელი ფერია, რომელიც ენერგიას გვაწვდის. მცენარე ყვავილს რომ გამოიტანს, ამას მოულოდნელი სიხარული მოაქვს... დიახ, ყვავილი თავისი კვირტებით გველაპარაკება.
- მარადმწვანე, ფოთლოვანი, მოყვავილე - რის მიხედვით არჩევთ? - ვითვალისწინებ მხოლოდ იმას, რომ არ მინდა აივანი ზამთარში ცარიელი იყოს. ვარდების უმრავლესობა იქ მაქვს, ახლა ქრიზანთემები ყვავის და მათი აივანზე დატოვება შეიძლება, კარგად გრძნობენ თავს, ლამაზია და ახლა მათი პერიოდია. დეკემბრის ბოლომდე ყვავილობენ. მაქვს ბროწეულიც. გარეგნულად ხომ ლამაზია, პროდუქტიც სასარგებლო აქვს და ბარაქის სიმბოლოცაა. იმერეთში მისი ხე გვაქვს, აქ კი - ჯუჯა ბროწეული. ჩვენ გვჭირდება საყრდენი, რათა ჯანმრთელად, ჯანსაღად და მშვიდად ვიყოთ. ბავშვობის ყვავილი ბავშვობის ენერგიას გვაძლევს აწმყოში, რომ ყოველდღიურ სირთულეებს თავი ადვილად გავართვათ. მათი მოვლა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა... ცნობილია, რომ კლასიკური მუსიკა, ჯაზი უყვართ. თუ ამას მოასმენინებთ, ან ადამიანების ტკბილად საუბარს, მცენარეები ბედნიერად ხარობენ. ამაზე უამრავი სამეცნიერო კვლევა არსებობს. მცენარე, რომელიც "ისმენს" კლასიკურ ნაწარმოებებს, თავის ჯიშთან შედარებით უფრო მაღალი, ფართოფოთლოვანი იზრდება და საუკეთესო ხდება.
- ულამაზესი მცენარეები გაქვთ. რა სასუქით ანოყიერებთ? - ორ წელიწადში ერთხელ ბუნებრივი, ორგანული სასუქით გამომწვარი ნაკელით, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ კი ჩვეულებრივ მინერალებსა და ვიტამინებს წყალში ვხსნი და ვუსხამ. ვინც ამბობს, რომ მცენარის მოვლა არ შეუძლია და არ გამოსდის, ცდება. აქ საქმე გვაქვს სურვილთან. ვინც ასე ამბობს, მათ არ სურთ ბუნებასთან ახლოს ყოფნა და სხვისი ცხოვრებით უფრო ცხოვრობენ, ვიდრე თავისით. ასეთი ადამიანები ყვავილს ვერ გაახარებენ. მათ არ აქვთ სიყვარულის, სითბოს, ზრუნვის გამოხატვის უნარი... თუ ქალაქის კორპუსებში ოთახის ყვავილებს მოაშენებთ, შინ თუ გარეთ თქვენი აქტივობა შეიცვლება, ჯანმრთელობაც გაგიუმჯობესდებათ, აგიმაღლდებათ განწყობა და მოსაწყენად ვერ მოიცლით. თვალსაც გაუხარდება სურნელოვან, ლამაზ ყვავილებთან ურთიერთობა. თანაც, ეს ყველაფერი მაინცდამაინც დიდ ფინანსებს არ ითხოვს. შესაძლოა ადამიანს კარგი განათლება ჰქონდეს, მაგრამ თუ ბუნებასთან ურთიერთობა არ შეუძლია, წარმატებას ვერ მიაღწევს და თუ რაღაც მიზეზით წარმატებული გახდა, ბედნიერი ვერ იქნება.