როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს
ქართლის ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისთვის (XVI-XVIII სს.)
ნაწილი III
ბაქარ I
(მმართველობის მეორე პერიოდი)
1723 წელს საქართველოში შემოიჭრა ოსმალეთის იმპერიის ჯარი, რომელმაც 10 ივნისს ქართლის სამეფოს სატახტო ქალაქი - თბილისი აიღო.
მეფე ვახტანგ VI-სთან შეთანხმებით, მისმა ვაჟმა, სამეფო ტახტის ლეგიტიმურმა მემკვიდრე უფლისწულმა და მეფედყოფილმა ბაქარმა დამპყრობლებთან მორიგება სცადა, რაც წარმატებით მოახერხა.
ბაქარის თხოვნით, ოსმალთა ჯარის სარდალმა დააპატიმრა იმჟამად დედაქალაქში მყოფი კახეთის მეფე კონსტანტინე II, იგივე მაჰმად-ყული-ხანი, რომელიც 4 მაისიდან (თბილისის აღებიდან) ერთ თვეზე მეტხანს ქართლის სამეფოს ნაწილსაც განაგებდა.
დამპყრობლებმა ქართლის მმართველობა გადასცეს ბაქარს, რომელიც სუნიტურ ისლამზე მოექცა და იბრაჰიმ-ფაშად იწოდა.
ოსმალთა დატუსაღებულმა კონსტანტინემ ბაქარს პირობა მისცა, რომ ქართლის მეფობაში არასდროს აღარ შეეცილებოდა, რის შემდეგაც იგი საპატიმროდან გამოაპარეს და კახეთს გაისტუმრეს.
ბაქარი მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა ქართლის მონარქად, ვინაიდან ფაქტობრივი ძალაუფლება ოსმალთა ხელში იყო.
საისტორიო წყაროს ცნობით, ერთწლიანი მეფობის შემდეგ, 1724 წლის ივნისში, "ვერ გაუძლო ბაქარმა ოსმალთა მტარვალობასა და გაეცალა".
ასე დასრულდა ბაქარ I-ის ქართლში მმართველობის მეორე ეტაპი, რომელიც პირველზე მცირე ხანს გაგრძელდა.
იმავე წლის ივლისში ვახტანგ VI იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. თავისი ცოლ-შვილისა (მათ შორის ბაქარის) და მრავალრიცხოვანი სამეფო ამალის თანხლებით, ვახტანგი კავკასიონის ქედიდან ყაბარდოს გავლით გადაიხვეწა რუსეთის იმპერიაში. მისი წასვლის მიუხედავად, ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელთა მმართველობა ამით არ დასრულებულა. ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი.
იესე I
(მმართველობის მეორე პერიოდი)
მეფედყოფილი მამა-შვილის - ვახტანგ VI-ისა და ბაქარ I-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ, სამშობლოში დარჩენილი იესე I სუნიტურ ისლამზე მოექცა და მუსტაფა-ფაშად იწოდა. ამის შემდეგ მას ოსმალებმა ქართლის სამეფოს მართვა მიანდეს.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: "იესე მიიქცა სჯულსა მათსა ზედა... ვინაითგან იყო ხორცთმოყუარე. ამისთვის მიენდუნენ მას ურუმნი... იესეს თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდნენ და იქმოდნენ საქმესა ქართლისასა მის მიერ. გარნა იგი ხუეჭდა და იღებდა ქუეყანათა ნარდად და ამით მოირჭვაცა ფრიად".
მკვლევარ მანანა ქიქოძის შეფასებით, "იესეს საბოლოო პოზიცია, მისი მოღვაწეობის ბოლოს ერთგვარად გამოიკვეთა. იგი წმინდა სოციალური სულისკვეთებით, ფეოდალური ფსიქიკის დაძლევის უუნარობით შეპყრობილი, ერთხელ მოპოვებული და შემდეგ დაკარგული ქართლის სამეფოს გამგებლობის უფლებების აღდგენაზე ფიქრს შეუდგა".
მუსტაფა-ფაშად სახელდებული იესე (ყოფილი ალიყული-ხანი) ქართლში ამჯერად სამი წლის განმავლობაში მეფობდა. 1727 წლის 7 მარტს ქართლის მეფე იესე I თბილისში გარდაიცვალა.
იესე I-ის მეუღლე - ქართლის დედოფალი ელენე-ბეგუმ დავითის (დათუნას) ასული (1687-1750) გახლდათ ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი, მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი. იესესა და ელენე-ბეგუმის ვაჟი - უფლისწული თეიმურაზი (1720-1788) მოგვიანებით ბერად შედგა და 1744-1755 და 1764-1788 წლებში ანტონ I-ის სახელით კათოლიკოს-პატრიარქად მოღვაწეობდა.
ალექსანდრე II
1735 წლის აგვისტოში, სპარსეთის სარდალმა თაჰმასბ-ყული-ხანმა (იმავე თამაზ-ყული-ხანმა), რომელიც მომდევნო წელს ნადირ-შაჰის სახელით გამეფდა, დასაჯა თეიმურაზ II და კახეთი ჩამოართვა. მან ქართლ-კახეთის ვალის თანამდებობა უბოძა სამეფო ტახტიდან გადაყენებული თეიმურაზ II-ის ძმისწულს, გამაჰმადიანებულ ალი-მირზას, იმავე ალექსანდრეს, რომელიც გახლდათ კახეთის მეფის დავით II-ის, ანუ იმამ ყული-ხანის (1678-1722) ერთ-ერთი ვაჟი.
იმავე წლიდან ქართლ-კახეთის მეფედ აღზევებული მეფე ალექსანდრე იყენებდა რვაკუთხა ბეჭედს, რომელსაც ამშვენებდა შემდეგი მხედრული წარწერა: "ძირმოდგმით დავითიანი, ალექსანდრე ვარ სვიანი".
მეფედყოფილი თეიმურაზ II ამ ვითარებას არ შეგუებია. იგი დროებით გაიხიზნა ფშავში, საიდანაც 1736 წლის გაზაფხულიდან სამეფო ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლა გააჩაღა. ასე დაიწყო კახეთში "ორიანობა" ანუ ორმეფობა.
იმავე წლის ოქტომბერში ნადირ-შაჰმა ალექსანდრეს ქართლი ჩამოართვა და მხოლოდ კახეთი დაუტოვა. შაჰინშაჰმა ქართლის ვალის თანამდებობა უბოძა ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელს - არჩილ იესეს ძეს (იმავე აბდულა-ბეგს).
1736 წლის მიწურულს სპარსელებმა თეიმურაზ II დააპატიმრეს.
ნადირ-შაჰმა ინდოეთზე მოწყობილ ლაშქრობაში თან იახლა კახეთის მეფე ალექსანდრე, რომელიც 1737 წლის 23 ნოემბერს, გზად გარდაიცვალა.
1738 წელს, თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, სპარსელებმა თეიმურაზ II გაათავისუფლეს და სამშობლოში გამოისტუმრეს. მან კახეთის დაკარგული სამეფო ტახტი დაიბრუნა.
ვინაიდან მართალია, მცირე ხნით, მაგრამ ალექსანდრე დავითის ძე მაინც მეფე იყო, მას, როგორც ბაგრატოვან ხელმწიფეს, შესაბამისი რიგითი ნომერიც უნდა ჰქონდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართლის ბაგრატიონმა ხელმწიფეებმა, დაწყებული კონსტანტინე II-დან (მეფობდა 1478-1505 წლებში) განაგრძეს ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია, გამოდის, რომ ალექსანდრეს უნდა ვუწოდოთ ალექსანდრე II, ვინაიდან ამ სახელწოდების მქონე მონარქი საქართველოს უკვე ჰყავდა ალექსანდრე I დიდის სახით, რომელიც 1412-1442 წლებში მეფობდა. იმავდროულად, რადგან კახეთში ამ სახელის მქონე მეფე ორჯერ მეფობდა, კერძოდ, ალექსანდრე I - 1476-1511 წლებში და ალექსანდრე II - 1574-1601 და 1602-1605 წლებში, ზემოხსენებული ალექსანდრე დავითის ძე, როგორც კახეთის მეფე, გამოდის - ალექსანდრე III.
ამდენად, ალექსანდრე დავითის ძე ბაგრატიონი ქართლში გამოდის ალექსანდრე II, ხოლო კახეთში - ალექსანდრე III.
არჩილ III
ქართლის მეფე იესე I-ს შვილები მხევალთაგანაც ჰყავდა. მისი ვაჟი არჩილი, იგივე აბდულა-ბეგი, ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტად ითვლებოდა. იგი ქართულ საისტორიო წყაროებში 1716-1762 წლებში იხსენიება.
1735 წელს სპარსელებმა არჩილი დანიშნეს ჯერ ქალაქ გორის, ხოლო შემდეგ - თბილისის ნაიბად ანუ გამგებლად.
მომდევნო წელს, უკვე შაჰინშაჰად აღზევებულმა ნადირ-შაჰმა, 1736 წლის ოქტომბერში არჩილი ქართლის ვალის თანამდებობაზე (ანუ მეფედ) დაადგინა. იგი ტახტზე 1737 წლის ნოემბრამდე ანუ წელიწადზე ოდნავ მეტხანს იჯდა.
1738-1744 წლებში ქართლის გამგებლებად (ვალის სტატუსით) ინიშნებოდნენ მხოლოდ მუსლიმი (სპარსელი, ყიზილბაში ან სხვა წარმომავლობის) ხანები, რომელთა ქრონოლოგიური რიგიც დადგენილი აქვს მკვლევარ დოდო ლომიძეს თავის ნაშრომში "ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში" (თბ., 2007).
ამდენად, ფაქტია, რომ არჩილ ბაგრატიონი ერთ წელიწადზე მეტხანს ქართლის ვალი ანუ მეფე გახლდათ. ხსენებულ პერიოდში იგი იყენებდა ოთხკუთხა ბეჭედს, რომელსაც ამშვენებდა ორსტრიქონიანი მხედრული წარწერა: "მეფე არჩილ".
ვფიქრობთ, რომ არჩილს, როგორც ერთ-ერთ ბაგრატოვან ხელმწიფეს, თავისი კუთვნილი რიგითი ნომერი უნდა განესაზღვროს.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ამ სახელის მატარებელი მეფე ქართლში ორჯერ უკვე მეფობდა. კერძოდ, მხედველობაში გვყავს არჩილ I, რომელიც V საუკუნეში მეფობდა და არჩილ II, რომელიც VIII საუკუნეში ერისმთავრობდა და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავდადებისთვის წმინდანად შერაცხეს. ეს უკანასკნელი ჯუანშერის თხზულებაში "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" იხსენიება როგორც "მეფე არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა, ხოსროიანი", ხოლო ლეონტი მროველის თხზულებას ეწოდება: "წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა". ასე რომ, ორივე ზემოხსენებულ თხზულებაში არჩილი მეფედ იხსენიება.
აქვე უნდა ითქვას, რომ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით 1955 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრების" I ტომის საძიებლებში ზემოთ დასახელებული არჩილ მირდატის ძე მოხსენიებულია როგორც - არჩილ I, ხოლო არჩილ სტეფანოზის ძე იმავე საძიებლებში იხსენიება, როგორც არჩილ II.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, მართებული იქნება, თუ მეფე არჩილ იესეს ძეს - არჩილ III-დ მოვიხსენიებთ.
მეფედყოფილი არჩილის როლი ქართლის მმართველობაში XVIII საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისიდან ნომინალური გახდა. იგი რეალურად, თბილისში მჯდომი სპარსელი ვალის მრჩეველი გახლდათ. 1744 წელს კი მას საუფლისწულო მამულად ქვემო ქართლი გადასცეს.
1741-1742 წლებში, დაღესტანზე ლაშქრობისას ნადირ-შაჰმა თავისთან მიიწვია ქართველ წარჩინებულთა ნაწილი და მათ შორის არჩილიც, რომელსაც ჯამაგირად 300 თუმანი დაუნიშნა და სამეფოს "იხტიარობა" ანუ რწმუნება მიანდო.
აღსანიშნავია, რომ ნადირ-შაჰი არჩილს, როგორც ქართლის ბაგრატიონს, განიხილავდა თითქმის კახი ბაგრატიონების, გვირგვინოსანი მამა-შვილის - თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად არჩილი მეფე აღარ იყო.
მემატიანე გვაუწყებს: "მოვიდა ხელმწიფისაგან ხალათი მძიმე, მეფის თეიმურაზისათვის და მეფის ერეკლესათვის, რაყმები დიდის წყალობისა, ერთი ხალათი აბდულა-ბეგ ბატონიშვილისათვის".
1747 წელს, როცა ნადირ-შაჰის მიერ დაბარებული ქართლის მეფე თეიმურაზ II სპარსეთში გაემგზავრა, მან სამეფო მმართველობა თავის ძეს, ერეკლე II-ს მიანდო, ხოლო მის თანაშემწედ მეფედყოფილი არჩილი დატოვა.
შაჰინშაჰთან მიმავალმა თეიმურაზ II-მ არჩილს დაუბარა: "რადგან მეფე ერეკლე მუდამ ქართლისათვის ვერ მოიცლის, ქართლს მოუარე, ერთმანეთის ნებით და შეკითხვით ორივ ქვეყნები მტრისაგან კარგა გაამაგრეთ და ჩემდა მოსვლამდის მშვიდობიანად იყვნეთო".
სპარსეთში მყოფ თეიმურაზ II-ს სამშობლოში დაბრუნება შეაგვიანდა. ამით ისარგებლა არჩილმა, რომელმაც როგორც ქართლის ყოფილი მეფის ვაჟმა და თავადაც ერთხელ უკვე ნამეფარმა, კვლავ გამეფება მოინდომა. მას გაუცხადებია: "თუ მეფეს თეიმურაზს დაუშავდა, ქართლი ჩემი არის და აღარავის დავანებებო".
საკუთარ რეზიდენციად ქცეულ სამშვილდის ციხეში გამაგრებულმა არჩილმა მიიმხრო ქართლის ფეოდალთა ნაწილი, თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშთა გარნიზონი, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელთა ბელადები და სამეფო ტახტის მოსაპოვებლად ბრძოლა გააჩაღა.
არჩილმა ერეკლე II-ს მისწერა: "მეფე არჩილობით ქართლი ჩემია, დამანებე და შენ კახეთს მიეპატრონეო", რამაც კახეთის მეფე იძულებული გახადა, საომარ სამზადისს შესდგომოდა.
გვირგვინოსანი მამა-შვილის, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის პოზიციები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ნადირ-შაჰის მოკვლისთანავე (1747 წ.) სპარსეთის სამეფო ტახტზე ამ უკანასკნელის ძმისწული ადილ-შაჰი ავიდა. მას ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე II-ის და - ქეთევან ბატონიშვილი.
ერთწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, ერეკლე II-მ არჩილი საბოლოოდ დაამარცხა. მათი ხანგრძლივი დაპირისპირება ქართულ ხალხურ სიტყვიერებაშიც აისახა.
1749 წელს ერეკლე II დამარცხებული არჩილის დაპატიმრებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა ამ უკანასკნელის ნახევარძმის, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის თხოვნით. არჩილმა სამშვილდეში თავისი ძმა უსეინ-ბეგი დატოვა და თვითონ თავრიზისაკენ გაემგზავრა.
არჩილს ცოლად ჰყავდა კახი ბატონიშვილი ქეთევანი, ასული მეფე ერეკლე I-ისა. ამდენად, არჩილი იყო სიძე (დისწულის ქმარი) მეფე თეიმურაზ II-ისა.
თეიმურაზ II
1744 წლის დასაწყისში ნადირ-შაჰმა კახეთის მეფე თეიმურაზ II (1700-1762) ქართლის მეფედ დაადგინა. მომდევნო წელს ის სვეტიცხოველში მეფედ აკურთხეს.
ვინაიდან ამ სახელის მქონე ბაგრატოვანი ამ სამეფოში უკვე მეფობდა, კერძოდ, მხედველობაში გვყავს ზემოხსენებული პირთა დიდი პაპა (ანუ პაპის მამა) - კახეთის მეფე თეიმურაზ I, რომელიც 1625-1632 წლებში ქართლის ნაწილსაც განაგებდა, კახეთის მეფე თეიმურაზ II, ქართლშიც - თეიმურაზ II გამოდის.
ქართლში გამეფებული თეიმურაზ II-ის საბეჭდავებზე დატანილია მხედრული ლეგენდები, რომლებშიც ხაზგასმულია მისი მფლობელის მეფედ ნაკურთხობის ანუ მირონცხებულობის ფაქტი: 1) "მე ქრისტეს მონა, ქუეყნად შაჰანშასი, მეფე ცხებული საქართველოსი, თეიმურაზ"; 2) "ქ. დავითის ტომად, მკუიდრად ტახტზედ მჯდომად, მყო საქართველოს ღმერთმან ცხებულად, მეფე თეიმურაზ"; 3) "უფლისა მიერ მეფედ ცხებული თეიმურაზის დამტკიცებული".
ამდენად, ქართლის დამოუკიდებელი სამეფოს უკანასკნელი მეფე იყო კახი ბაგრატიონი თეიმურაზ II, რომელიც მეფობდა 1744 წლის დასაწყისიდან - რუსეთში დიპლომატიური მისიით გამგზავრებამდე (1761 წლის მაისი), თუმცა გარდაცვალებამდე (1762 წლის 8 იანვარი) მეფედ ითვლებოდა.
1762 წლიდან გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე გახდა ერეკლე II (1720-1798), რომელიც სამეფოს გარდაცვალებამდე, ანუ 1798 წლის 11 იანვრამდე განაგებდა.
იესე I-ისა და არჩილ III-ის შთამომავლობა
1743 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის სამეფოს ნაიბად ანუ მმართველის მოადგილედ (ნაცვალად, დამხმარედ) დაადგინა უფლისწული ისაყ-ბეგ ისეს ძე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1781 წლამდე). იგი გახლდათ ერთ-ერთი ვაჟი ქართლის მეფე იესე I-ისა და ძმა მეფედყოფილი არჩილ III-ისა, იმავე აბდულა-ბეგი.
ნაიბის მოვალეობაში შედიოდა როგორც ყიზილბაშური გადასახადების გაწერა-შეგროვება, ასევე მათგან გათავისუფლებაც.
მეფე თეიმურაზ II-მ, რომელიც ნადირ-შაჰმა 1744 წლიდან ქართლის ვალის თანამდებობაზე დაადგინა, თავისი მოადგილეობა ისაყ-ბეგს შეუნარჩუნა და ჯამაგირად 60 თუმანი დაუნიშნა.
ისაყ-ბეგი ქართლის მეფის მოადგილედ 1749 წლამდე მსახურობდა. მას ქრისტიანი მეფის მეთვალყურეობა ევალებოდა.
1735-1749 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში არსებული "ყიზილბაშობის" ეპოქის დასრულებისთანავე, ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ ქრისტიანულად მონათლა ისაყ-ბეგი და მას ქრისტიანული სახელი - ალექსანდრე უწოდა. მეფემვე მონათლა ალექსანდრეს ვაჟებიც, რომლებსაც ასევე ქრისტიანული სახელები - ივანე და სოლომონი უწოდეს. ალექსანდრეს საუფლისწულო მამული უწყალობეს.
მეფე არჩილ III-ის ასული მარიამ-ბეგუმი (საისტორიო წყაროებში ჩანს 1753-1818 წლებში) ცოლად გააყოლეს აზატ-ხან ავღანს, რომელიც გახლდათ ნადირ-შაჰის სამსახურში ჩამდგარი ტომით პუშტუნი სარდალი და აზერბაიჯანის (იგულისხმება ირანის შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ აზერბაიჯანი) ვიცე-გუბერნატორი.
ნადირ-შაჰის მოკვლის (1747 წ.) შემდეგ, აზატ-ხანმა თანდათან დაიპყრო სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთი, კერძოდ, აზერბაიჯანი - თავრიზითურთ, აღმოსავლეთი ქურთისტანი, ურუმი, ხოი, თურქმენეთის სამხრეთ-დასავლეთი და სამეფო ტახტზე პრეტენზია განაცხადა. 1751 წელს მან ააოხრა ქართლ-კახეთის მოხარკე ერევნის სახანო. იმავე წელს, ერევნის მახლობლად მდებარე ყირბულახთან მომხდარ ბრძოლაში იგი სასტიკად დაამარცხა ერეკლე II-მ და ერევნის სახანოდან განდევნა. ამ მარცხის მიუხედავად, მან წარმატებები მოიპოვა თავის მეტოქე ქერიმ-ხან ზენდთან ბრძოლაში და ისპაჰანი და შირაზი დაიკავა. შემდგომ პერიოდში აზატ-ხანი ჯერ ისპაჰან-შირაზიდან, ხოლო 1757 წელს - სამხრეთ აზერბაიჯანიდანაც გააძევეს. 1760 წელს ერეკლე II-მ აზატ-ხანი დაატუსაღა და სპარსეთის ფაქტობრივ მმართველს - ქერიმ-ხანს გაუგზავნა. აზატ-ხანმა სიცოცხლე 1781 წელს, საპატიო ტყვეობაში დაასრულა.
ქერიმ-ხან ზენდთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებითა და ისპაჰან-შირაზის დაუფლებით გათამამებულმა სამხრეთ აზერბაიჯანის მპყრობელმა აზატ-ხანმა, როგორც პაპუნა ორბელიანი გვაუწყებს, ქართლისა და კახეთის ბაგრატოვან ხელმწიფეებს შემოუთვალა: "ჩემი სამსახური გეპრიანებათ და ჩემგან გულის დაჯერება, ერთი თქვენი სახლის ქალი ჩემდა საცოლოდ მომეცით და მერე მე ვიცი, რამდენს თქვენს ქვეყანას შევმატებო".
მარიამ-ბეგუმ არჩილის ასული ბაგრატიონი თავის საქმროს, აზატ-ხანს 1754 წელს ჩაუყვანა თოფანქჩიაღასმა, ანუ მეთოფეთა მეთაურმა ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანმა, რომელიც ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის ერთგული თავადი გახლდათ.
აზატ-ხანის დაპატიმრებისა და სპარსეთის მბრძანებელთან - ქერიმ-ხანთან გაგზავნის შემდეგ, მისი ყოფილი მეუღლე მარიამ-ბეგუმი ცოლად გააყოლეს თავად რევაზ პაპუნას ძე ანდრონიკაშვილს, რომელიც ცნობილი სარდალი და ქიზიყის მოურავი გახლდათ.
მეფე არჩილ III-ის ვაჟი - დავით ბატონიშვილი დააპატიმრეს ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ვაჟის, უფლისწულ პაატას (1720-1765) შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობისთვის. 1765 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, რიყეზე მოწყობილი შეთქმულთა საჯარო დასჯის დროს, უფლისწული დავით არჩილის ძე ბაგრატიონიც მოკლეს. მას თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა თავადმა, ნაზირმა ბარამ გურგენიძემ. აქვე დავძენთ, რომ დავითი იყო ბიძაშვილის შვილი ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა.
ზემოხსენებული ისაყ-ბეგის ანუ იმავე ალექსანდრე იესეს ძის შთამომავალთა შორის გამოირჩეოდნენ: მისი შვილიშვილი, რუსეთის სახელოვანი მხედართმთავარი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1765-1812); მისი ძმისწული - პეტრე რევაზის (იმავე რომანის) ძე ბაგრატიონი (1818-1876), რომელიც იყო ცნობილი მეცნიერი (ქიმიკოსი და ფიზიკოსი), გენერალ-ლეიტენანტი, ბალტიისპირეთში მდებარე გუბერნიების - ესტლანდიის, ლიფლანდიისა და კურლანდიის გენერალ-გუბერნატორი (1870-1876 წლებში); ასევე ისაყ-ბეგის ვაჟის, კირილეს შვილთაშვილები - ალექსანდრე (1862-1920) და დიმიტრი (1863-1919) პეტრეს ძე ბაგრატიონები რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ.
მეფე იესე I-ის შთამომავლობა პირდაპირი (მამაკაცთა) ხაზით 1920 წელს შეწყდა ალექსანდრე პეტრეს ძე ბაგრატიონის გარდაცვალებით.
ქართლის ბაგრატოვან მმართველთა - მეფეთა და გამგებელთა ქრონოლოგიური რიგი (1569-1762 წლები)
წინამდებარე გამოკვლევიდან გამომდინარე, ქართლის სამეფოს ბაგრატოვან მმართველთა - მეფეთა (იმავე მოლქ-ი მოურუსებისა და ვალიების) და გამგებელთა (იმავე ჯანიშინების) ქრონოლოგიური რიგი XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან ამ სამეფოს გაუქმებამდე (1762 წ.), ანუ ორი საუკუნის განმავლობაში, ამგვარად გამოიყურება:
1) სვიმონ I (1537-1611), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1556-1569 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
2) დავით XI (1540-1582), იგივე დაუთ-ხანი, მეფობდა 1569-1578 წლებში;
3) სვიმონ I (1537-1611), იგივე ნავაზ-ხანი, მეფობდა 1578-1600 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
4) გიორგი X (1560-1606), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1600-1606 წლებში;
5) ლუარსაბ II (1592-1622), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1606-1614 წლებში;
6) ბაგრატ VII (1569-1619), იგივე ბაგრატ-ხანი, მეფობდა 1615-1619 წლებში;
7) სვიმონ II (?-1630), იგივე სვიმონ-ხანი, მეფობდა 1619-1630 წლებში ქართლის ნაწილში;
8) თეიმურაზ I (1589-1663), მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1625-1630 წლებში კახეთსა და ქართლის იმ ნაწილში, რომელსაც სვიმონ II ვერ აკონტროლებდა, ხოლო 1631-1632 წლებში - ქართლ-კახეთში;
9) როსტომ I (1565-1658), იგივე ხოსრო-მირზა, შემდეგ - როსტომ-ხანი, მეფობდა 1633-1658 წლებში;
10) ვახტანგ V (1598-1675), იგივე შაჰ-ნავაზ I, მეფობდა 1658-1675 წლებში;
11) გიორგი XI (1651-1709), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1675-1676 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
12) ლევან I (1652/56-1709), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი 1676-1677 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
13) გიორგი XI (1651-1709), იგივე შაჰ-ნავაზ II, მეფობდა 1677-1688 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
14) ერეკლე I (1640-1709), იგივე ნაზარალი-ხანი, მეფობდა 1688 წლიდან - 1703 წლის მაისამდე, ხოლო 1692-1695 წლებში - ქართლის ნაწილში, თბილისის ჩათვლით;
15) გიორგი XI (1651-1709), იგივე შაჰ-ნავაზ II, მეფობდა 1692-1695 წლებში ქართლის იმ ნაწილში, რომელიც ერეკლე I-ს არ ემორჩილებოდა (მმართველობის მესამე პერიოდი);
16) გიორგი XI (1651-1709), იგივე შაჰ-ნავაზ II, მეფედ ითვლებოდა 1703-1709 წლებში, თუმცა იმხანად სპარსეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა (მმართველობის მეოთხე პერიოდი - დე ჯურე მეფობა);
17) ვახტანგ VI (1675-1737), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1703 წლის მაისიდან - 15 ივლისამდე (მმართველობის პირველი პერიოდი);
18) ლევან I (1652/56-1709), იგივე შაჰ-ყული-ხანი, გამგებლობდა 1703-1704 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
19) ვახტანგ VI (1675-1737), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1704-1712 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
20) ქაიხოსრო I (1674-1709), იგივე ხოსრო-ხანი, მეფედ ითვლებოდა 1709-1711 წლებში, თუმცა იმხანად სპარსეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა (დე ჯურე მეფობა);
21) სვიმონ III (1683-1741), გამგებლობდა როგორც ქრისტიანი - 1712-1714 წლებში;
22) იესე I (1682-1727), იგივე ალი-ყული-ხანი, მეფობდა 1714-1716 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
23) ვახტანგ VI (1675-1737), იგივე ჰუსეინ-ყული-ხანი, მეფედ ითვლებოდა 1716 წლიდან, თუმცა იმხანად სპარსეთში იმყოფებოდა (მმართველობის მესამე პერიოდი - დე ჯურე მეფობა);
24) ბაქარ I (1700-1750), იგივე შაჰ-ნავაზ III, მეფობდა 1716-1719 წლებში (მმართველობის პირველი პერიოდი);
25) ვახტანგ VI (1675-1737), იგივე ჰუსეინ-ყული-ხანი, მეფობდა 1719-1723 წლებში (მმართველობის მეოთხე პერიოდი);
26) კონსტანტინე III (?-1732), იგივე მაჰმად-ყული-ხანი, მეფობდა 1723 წლის 4 მაისიდან - 10 ივნისამდე;
27) ბაქარ I (1700-1750), იგივე იბრაჰიმ-ფაშა, მეფობდა 1723 წლის ივნისიდან - 1724 წლის ივნისამდე (მმართველობის მეორე პერიოდი);
28) იესე I (1682-1727), იგივე მუსტაფა-ფაშა, მეფობდა 1724-1727 წლებში (მმართველობის მეორე პერიოდი);
29) ალექსანდრე II (?-1737), იგივე ალი-მირზა, მეფობდა 1735-1736 წლებში;
30) არჩილ III (ჩანს 1716-1762 წლებში), იგივე აბდულა-ბეგი, მეფობდა 1736-1737 წლებში;
31) თეიმურაზ II, მეფობდა როგორც ქრისტიანი - 1744-1762 წლებში.
* * *
ამრიგად, ორი საუკუნის განმავლობაში - XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან XVIII საუკუნის 60-იან წლებამდე, ქართლის სამეფოს 21 ბაგრატოვანი მეფე (მოლქ-ი მოურუსი და ვალი) ანდა გამგებელი (ჯანიშინი) ჰყავდა. მათგან 16 იყო ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელი, ხოლო 5 - კახეთისა.
ქართლის ბაგრატიონთა სამი წარმომადგენელი (სვიმონ I, იესე I, ბაქარ I) ორჯერ მეფობდა, მეოთხე (ლევან I) - ორჯერ გამგებლობდა, მეხუთისა (გიორგი XI) და მეექვსის (ვახტანგ VI) მმართველობა კი იყოფოდა ოთხ-ოთხ პერიოდად.
ქართლის დამოუკიდებელი სამეფოს უკანასკნელი ხელმწიფე იყო კახი ბაგრატიონი თეიმურაზ II, რომელიც ამ სამეფოში 1744-1762 წლებში მეფობდა.
ამ ნარკვევში ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად, შესაბამისი რიგითი ნომრები მივაკუთვნეთ ქართლის ხუთ ბაგრატოვან მმართველს, რომელთა შორისაც არიან: ლევან I (გამგებლობდა 1676-1677 და 1703-1704 წლებში), სვიმონ III (გამგებლობდა 1712-1714 წლებში), კონსტანტინე III (მეფობდა 1723 წლის 4 მაისიდან - 10 ივნისამდე), ალექსანდრე II (მეფობდა 1735-1736 წლებში) და არჩილ III (მეფობდა 1736-1737 წლებში).
ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი" #116