"ხელისუფლებას მოუწევს კონკრეტული შეთავაზებით მოსვლა მესამე რაუნდზე" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას მოუწევს კონკრეტული შეთავაზებით მოსვლა მესამე რაუნდზე"

"ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალია, რომ პოლიტიკური კრიზისი გვაქვს"

"არასოდეს საქართველოს ისტორიაში, 90-იანი წლების გარდა, ამდენი გამოწვევის წინაშე არ დავმდგარვართ. ეკონომიკური, პოლიტიკური და სამედიცინო კრიზისი ერთდროულად მიმდინარეობს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არც ერთი მათგანის გადაწყვეტის გეგმა და პერსპექტივა არ ჩანს", - ამბობს პარტია ""მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი:

- ყველაზე დიდი ჩავარდნა ჯანდაცვაში გვაქვს. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მთავარი დარტყმისთვის მომზადებულიყო. ზაფხულში თაფლობის თვე მოიწყვეს, ამაზე კი ჩვენს მოსახლეობას მოუწია პასუხისგებამ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეპიდემიური ვითარების დამძიმებაში წვლილი ოპოზიციასაც მიუძღვის თუნდაც ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის გამო? - როგორ შეიძლება ოპოზიციას დააბრალო აქციების გამო ვირუსის გავრცელება, როცა "ოცნება" მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მორიდებია ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვას, დენდროლოგიური პარკით დაწყებული წინასაარჩევნო შეკრებებით დამთავრებული?! ჩვენ გარე სივრცეში ხალხის შეკრების გამო გვადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში და იმაზე არაფერს ამბობენ, სამარშრუტო ტაქსები და მეტროები ხალხით რომ არის გადაჭედილი. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, პანდემიის დასაწყისში ხელისუფლებამ თქვა, რომ ჯანმრთელობა უპირველესია ეკონომიკაზე, ყველა სხვა სიკეთეზეც და ქვეყანა დახურა. ყველანი დავეთანხმეთ და დავრჩით შინ, საბოლოოდ კი მივიღეთ განადგურებული ეკონომიკა და ვერც პანდემია შევაჩერეთ.

"ქართულმა ოცნებამ" ვირუსთან ბრძოლის საბაბით აიღო საგარეო ვალი და მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიას მოახმარა.

ასევე "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალია, რომ პოლიტიკური კრიზისი გვაქვს. ოპოზიციისთვის ხმების მოპარვა და საკუთარ ყულაბაში ჩაყრა რომ არ გადაეწყვიტა, დღეს იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები ერთად არ დადგებოდნენ.

- საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლაზე უარი თქვით, საპროტესტო აქციებს მძიმე ეპიდემიური ვითარების გამო ვეღარ გამართავთ, რა დარჩა თქვენი ბრძოლის არსენალში? - სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება მეგობარი ელჩების მეცადინეობით მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, რესურსი კიდევ არის, არის იმედი, რომ ხელისუფლება გადახედავს თავის პოზიციას.

- ხელისუფლება ამბობს, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს. - "ქართული ოცნება" 8 მარტის მოლაპარაკების დროსაც ამხნევებდა თავის ამომრჩეველს, რომ მყარად იდგა თავის პოზიციაზე და უკან დახევას არ აპირებდა, მაგრამ როცა საქმე მიდგა ფასილიტატორების თანდასწრებით დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, უკან დაიხიეს. ერთია რას ამბობენ საჯაროდ და მეორე, რაზე მოუწევთ უკან დახევა. მოლაპარაკება გულისხმობს ორმხრივ კომპრომისს და მას არა ჰყავს დამარცხებული. დღეს ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. ჩატარდა ორი რაუნდი და ჩვენ ხელისუფლებას მივაწოდეთ ჩვენი მოთხოვნები.

- სწორედ ამ მოთხოვნებზე გეუბენიან, რომ არ განიხილება. - ხელისუფლებას ელჩების თანდასწრებით არ უთქვამს, რომ ჩვენი მოთხოვნები არ განიხილება. მათ მოუწევთ კონკრეტული შეთავაზებით მოსვლა მესამე რაუნდზე.

ხათუნა ბახტურიძე