"ზოგიერთებმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაისროლეს" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთებმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაისროლეს"

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსებას 14 პარტია მიიღებს. საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცესკოს მიმართა: "ქართულმა ოცნებამ", "ევროპულმა საქართველომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალმა "მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", "პროგრესი და თავისუფლებამ", რესპუბლიკურმა პარტიამ და "ევროპელმა დემოკრატებმა"; ასევე, "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელმა" და "კანონი და სამართალმა". ხუთ პარტიას: "გირჩს", "ლელოს", "პატრიოტთა ალიანსს", "მოქალაქეებსა" და ლეიბორისტულ პარტიას ცესკოში განაცხადი არ შეუტანიათ.

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი: - ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და "ოცნების" ეულად დატოვებას, მათ შორის არა მარტო საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას. გასაგებია, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ ამის შანსი, მაგრამ ზოგიერთებმა ისევ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაისროლეს.

პარტიას რესურსი სჭირდება და ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება ბოიკოტის რეჟიმში მოსულაო, ნონსენსია. მაშინ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში? პარლამენტარის ხელფასი, საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა, სადეპუტატო იმუნიტეტიც ხომ რესურსია? მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს გულისხმობს. ესე იგი, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებს არ დავესწრებით, მაგრამ სხვა ყველაფერი შეიძლება, რადგან პარტიას სჭირდება?! "გირჩი" ამას არ იზამს.

გასაგებია, რომ საპარლამენტო ტრიბუნა სხვა მასშტაბზე გაგვიყვანდა, მაგრამ არა უშავს, ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკური ბრძოლის მილიონი სხვადასხვა ფორმა გამოვნახოთ. ყველაფერი წინ გვაქვს.

ხათუნა ბახტურიძე