"ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო"

"ოპოზიციის საქმეა მონიტორინგი აწარმოოს ქვეყნის ხაზინაზე და გამოამზეუროს, რაში რამდენი ფული იხარჯება"

ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რიცხვის ყოველდღიური ზრდა, ჩაკეტილი ქვეყანა, დაკარგული სამუშაო ადგილები, სოციალური პაკეტების იმედად დარჩენილი მოსახლეობა, რეგიონში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და აგრესორი რუსეთის გაძლიერებული გავლენა კავკასიაში - ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დავის საგანი ისევ არჩევნები და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხია. რა იქნება მესამე რაუნდზე, რა გამოსავალი შეიძლება გამოინახოს ამ ურთულესი ვითარებიდან, "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება.

- ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა პანდემიის მართვაში და ეს უნდა აღიაროს.

პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დიდი ხნის წინათ ბოდიშს მოუხდიდა ქართველ საზოგადოებას 8-თვიანი ჩაფლავებული მენეჯმენტის, უუნარო მართვის გამო. ახლა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ჩაკეტონ და ასე გადაწყვიტონ პრობლემები. ჩაკეტვაც ისეთივე ერთჯერადი ღონისძიებაა, როგორიც არაერთხელ გაუტარებიათ. ეს ნიშნავს, ისევ არა აქვთ გეგმა, არ არიან თანამიმდევრული და სამართლიანი.

რატომ ჩაკეტეს ქვეყანა ახლა და არა უფრო ადრე, რატომ ჩაკეტეს მარნეული და სვანეთი რამდენიმე ათეული შემთხვევის გამო და არ ჩაკეტეს აჭარა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ასეულებს მიაღწია? რატომ დაუშვეს გამონაკლისი დენდროლოგიურ პარკში?! სამართლიანობა მხოლოდ სასამართლოში კი არ არის აუცილებელი, ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თანასწორუფლებიანი არიან და რაც აკრძალულია ერთისთვის, ის ხელმისაწვდომი არ არის მეორისთვის.

გაზაფხულზევე ვიცოდით ყველამ, რომ ინფიცირების მეორე ტალღა დაიწყებოდა. რატომ არ ამზადებ ჯანდაცვის სისტემას, სამედიცინო პერსონალს, რატომ არ ყიდულობ სამედიცინო მოწყობილობებს, თუნდაც ჟანგბადის აპარატებს, რატომ არ ამზადებ არაპროფილურ პერსონალს, როცა იცი, რომ შესაძლოა ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები დაავადდნენ?! როცა ყოველივე ამას არ აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ვითარებას პოლიტიკური მიზნისთვის იყენებ.

ნახეთ, რა მოხდა - მთავრობამ უზარმაზარი ვალი აიღო მაშინ, როცა საგანგებო რეჟიმის გამო პარლამენტს აღარ ექვემდებარებოდნენ ანგარიშვალდებულებით. ცეცხლის ჩასაქრობად 200-200 ლარი დაარიგეს, დანარჩენი სად წაიღეს?! ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყეს, რომლის არსი უკვე თავად აღარ ესმით. უაზროდ გაანიავეს თანხები და ბიზნესს სასუნთქი ბალიში არ მიაწოდეს.

26 ნოემბერს გამოაცხადეს, 27-ში ჩავკეტავთ ქვეყანასო და თბილისში თავ-პირის მტვრევა დაიწყო. ხომ ნახეთ, რამხელა რიგები და საცობები იყო მაღაზიებსა თუ გზებზე, ტრანსპორტი გადაჭედილი დადიოდა. ეს წინასწარ ხომ უნდა გაეთვალათ?

- გასაგებია, რომ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება შექმნილ ვითარებაზე, თუმცა ხანდახან ოპოზიციის ქმედებებიც უარყოფით გავლენას ახდენს პროცესზე. თქვენ, რაში ხედავთ გამოსავალს? - გამოსავალია სიყალბეზე უარის თქმა. თუ გვსურს მუშაობა დაიწყოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, რიგგარეშე არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ. ახლა გვაქვს ორპოლუსიანობის წელში გადატეხის შანსი, სხვა აღარ გვექნება. მესმის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა მძიმე ვითარებას დაემთხვა, მაგრამ სხვაგვარად ვერც ეკონომიკურ კრიზისს დავძლევთ და ვერც ეპიდემიას მოვერევით. ყველაფრის საწყისი სამართლიანი გარემოა. პრობლემის არსებობა ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც იცის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქმეში უცხოელი ელჩები არიან ჩართული. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ახალი საარჩევნო კოდექსი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. ხელისუფლებისგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ მესამე რაუნდი გაიმართება მაშინ, როცა რაიმე ხელშესახები გვექნება.

ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც არ უნდათ, რომ მოლაპარაკების რაუნდებზე მხარეებმა ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვუთხრათ. ახლა ის მომენტია, როცა რაღაცაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ.

- "ლელომ" საპარლამენტო დაფინანსებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს პარლამენტის ირიბ ლეგიტიმაციას ნიშნავდა. პარტიული დაფინანსების მიღება რას ნიშნავს? - საპარლამენტო დაფინანსებაზე უარი იმიტომ ვთქვით, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ. რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, თუ ოპოზიციურ პარტიას არ ექნება დაფინანსება პოლიტიკური ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, ის გაქრება. დღეს არსებული კანონი პარტიებს პირდაპირ უბიძგებს შავი ფულით დაფინანსებისკენ. "ქართული ოცნება" სრულად აკონტროლებს ბიზნესს. შესაბამისად, ეს სფერო ოპოზიციურ პარტიებს ვერ დააფინანსებს. ვინ აფინანსებს "ოცნებას"?! ის ბიზნესმენები, ვინც ტენდერებს იგებენ. თუ ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლება არა, სხვა ვინ დააფინანსებს?!

- როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიცია გეგმავს ბიზნესმენებთან შეხვედრას. რა მიზანს ემსახურება თქვენი ეს ინიციატივა? - ჩვენი "მარშალის გეგმა" კრიზისის გრძელვადიან და მოკლევადიან მართვაზეა გათვლილი. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან ამ გეგმის შესახებ და ეს ძალიან მახარებს, კარგი პროცესი დაიწყო. ხალხი უკვე კონკრეტული გეგმებით დაინტერესდა, რაც, სხვათა შორის, მთავრობას არა აქვს.

ახლა ოპოზიციის საქმეა მონიტორინგი აწარმოოს ქვეყნის ხაზინაზე და გამოამზეუროს, რაში რამდენი ფული იხარჯება, სად მიდის ჩემი და თქვენი ჯიბიდან ბიუჯეტში შეტანილი ფული, ან რაში იხარჯება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჩვენი სახელით აღებული სესხები. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არავინ აკონტროლებს და როგორც მოუნდება, ისე დაჭრის და შეკერავს ქვეყნის ბიუჯეტს. ხელისუფლებას ბუღალტერია პოლიტიკური ნიშნით ფულის დარიგება ჰგონია. ასეთი მიდგომა გაზაფხულზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ხელში ცარიელი ხაზინა, უზარმაზარი ვალი, გაკოტრებული ბიზნესები და დამშეული ხალხი შეგვრჩება, პრემიერს კი მოხსნიან და რამდენიმე მინისტრსაც ზედ მიაყოლებენ, მაგრამ ჩვენ რა ხეირი? დავრჩებით გაკოტრებული ქვეყნის პატრონებად.

ხათუნა ბახტურიძე