"ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ " - კვირის პალიტრა

"ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ "

"ნაცმოძრაობას" არჩევნები სულ არ აინტერესებს, არც სამართლიანი და არც უსამართლო. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა"

მას შემდეგ, რაც მომლაპარაკებელი ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების ინდივიდუალური შეხვედრები დასრულდა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართებოდა. 27 ნოემბრისთვის დაანონსებული მესამე რაუნდი ჯერ კიდევ არ გამართულა. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათ თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს და ახლა მოლაპარაკების შემდგომი გაგრძელებისთვის ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯს ელიან. რა მიაჩნია ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსავლად, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გვესაუბრება:

- დღევანდელ რეალობას მე კრიზისს არ დავარქმევდი. ეს არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც ოპოზიცია ქმნის. კრიზისი იქნებოდა მაშინ, თუ პოლიტიკური გუნდი ვერ ჩამოყალიბდებოდა. ასეთი კრიზისი იყო ისრაელში, როცა კინაღამ ვერ შეიქმნა მთავრობა და მეოთხე არჩევნების ჩატარების საკითხი დადგა, თუმცა საბოლოოდ გადარჩნენ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობას, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილის მეთაურობით დაგეგმილ შეთქმულებაში ჩართული არიან პოლიტიკური ძალებიც, ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად.

- რა გაძლევთ ასეთი მძიმე ბრალდების საფუძველს? - მსოფლიოში შექმნილი ვითარება სერიოზული დაპირისპირებაა ჩვენს პარტნიორ ამერიკას, ევროკავშირსა და რუსეთს შორის. არის დაპირისპირების სხვა განზომილებებიც, რომელთა ერთ-ერთი სეგმენტი საქართველოც არის. შეაფასეთ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური პროცესი და ნახავთ, ვის აწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა.

- თუ ქვეყანაში ასეთი სახიფათო ვითარებაა, რას აკეთებთ, როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის? - რას გულისხმობთ, ოპოზიციის ულტიმატუმები შევასრულოთ და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანი უგულებელვყოთ? პოლიტიკური დაძაბულობა თქვენ მერე ნახეთ, თუ რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება და სააკაშვილი გაიმარჯვებს. სწორედ ასეთი დაძაბულობის შექმნისთვის იბრძვის სააკაშვილის "ნაცკლასტერი". მათ არჩევნები სულ არ აინტერესებთ, არც სამართლიანი და არც უსამართლო. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა. იყო თუ არ არჩევნები სამართლიანი?A ამის შესახებ მყარი პოზიცია გამოხატეს დასავლელმა პარტნიორებმა.

ერთ მხარეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ცივილიზებული სამყაროა, მეორე მხარეს კი "ნაცკლასტერი" და "კოვიდ-19"-ის გამავრცელებლები.

ეკონომიკური კრიზისი და ვირუსის გავრცელება იმას აწყობს, ვინც არ ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რჩევას, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ნაცვლად იმისა, ოპოზიციას რუსული თამაშის დასრულებისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, ხელისუფლებას ამუნათებენ, დათმობებით რატომ არ ცდილობთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვასო. კი მაგრამ, რა დავთმოთ? ჩვენი მხარდამჭერების ნდობა და ინტერესები?!

ხათუნა ბახტურიძე