"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს"

"გაყალბების მიუხედავად, გაიმარჯვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომლის კოალიციითაც უნდა შეიქმნას ახალი მთავრობა"

როგორი იქნება ოპოზიციის გეგმა, თუ მოლაპარაკების მესამე რაუნდი არ გაიმართა, ამ და სხვა საკითხებზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე გვესაუბრება:

- ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკვე კარგად ესმით, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში შეუძლებელია სიმართლის დამტკიცება სასამართლოში ან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება. ჩვენი ყველა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი აღნიშნავს, რომ არჩევნები მოსყიდვითა და ძალადობით ჩატარდა. უბრალოდ, მაინც გვირჩევენ, ჯობია შეხვიდეთ პარლამენტშიო. თუმცა ჩვენ გვაქვს წინა წლების გამოცდილება, როცა ოპოზიციის არც ერთი მოსაზრება არ გაიზიარეს.

არჩევნების გაყალბების მიუხედავად, გაიმარჯვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომლის კოალიციითაც უნდა შეიქმნას ახალი მთავრობა, "ქართულმა ოცნებამ" კი ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს. ასეთია ქართველი ხალხის ნება და ხომ ვერ უგულებელვყოფთ? ამას არც დასავლელი პარტნიორები გვირჩევენ. უბრალოდ, ისინი ცდილობენ სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარონ, ისინი არ არკვევენ, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

- ხელისუფლება არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას განიხილავს და მით უფრო, არც ხელახალ არჩევნებს. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება შეთანხმდეთ მესამე რაუნდზე?

- ჩვენ ამომრჩევლის ნებისა და ინტერესის შესაბამისად ვმოქმედებთ, მათ კი განსაზღვრეს, რომ "ქართული ოცნება" გადავიდეს ოპოზიციაში და ხელისუფლებაში კოალიციური ძალა მოვიდეს. თუ სხვაგვარად მოვიქცევით, მოგვიწევს ჩვენი ამომრჩევლის წინააღმდეგ წასვლა.

- ორივე მხარე ირწმუნებით, კომპრომისზე არ წავალთო. რა გამოდის, შეიძლება ვერაფერზე შეთანხმდეთ და მესამე რაუნდი აღარ გაიმართოს? - გამორიცხული არაფერია. "ოცნებამ" არჩევნების გაყალბების ფონზეც კი ოპოზიციას 52% დაუწერა. რაზეა ლაპარაკი? თავიანთი გაყალბებული რეზულტატის მიხედვითაც კი ქართველი ხალხის ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციაში უნდა გადავიდეს.

- როგორი იქნება თქვენი სტრატეგია, თუ მოლაპარაკების მესამე რაუნდი არ შედგა? - გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, დამძიმდება ეკონომიკური და სოციალური ვითარება და ეს იქნება უზურპატორი ივანიშვილის ბრალი.

- თქვენს გადაწყვეტილებას, მიგეღოთ საბიუჯეტო დაფინანსება, მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ეს უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ოპოზიციის იმ ნაწილისთვისაც, ვინც საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე გადაწყვიტა ბრძოლის გაგრძელება. - ჩვენ უარი ვთქვით დაფინანსებაზე, რომელიც სადეპუტატო საქმიანობისთვის არის განკუთვნილი, ასევე იმ დამატებით თანხაზე, რომელიც პარტიას ფრაქციის შექმნისთვის ეკუთვნის. ჩვენ არ ვამბობთ უარს იმ დაფინანსებაზე, რომელიც კანონით გვეკუთვნის ჩვენთვის მოცემული ხმების რაოდენობის მიხედვით. თუ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას მშვიდობიანი გზით, პარტიას დაფინანსება სჭირდება.

ხათუნა ბახტურიძე