გოგონა სერიალიდან - კულულა თმით და სევდიანი თვალებით - კვირის პალიტრა

გოგონა სერიალიდან - კულულა თმით და სევდიანი თვალებით

ახალგაზრდა მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე საქართველომ სერიალ "ხელოვნური სუნთქვით" გაიცნო. სერიალში გოგონა 12-13 წლისა იყო, ლამაზი კულულები და თავისი ასაკისთვის შეუფერებელი სევდიანი თვალები ამშვენებდა. მერე იყო "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც რუსკამ ლამაზი ცეკვით ყველას თავი დაამახსოვრა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მსახიობმა "კოვიდ-19" გადაიტანა. როგორ ცხოვრობს ამ ამბის შემდეგ და რა გეგმები აქვს, რუსკა თავად გვიამბობს:

- რუსკა, ვიცით, რომ ვირუსი გადაიტანეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- საბედნიეროდ, მსუბუქი ფორმა მქონდა. ჩემს ოჯახში ფილტვების ანთებას მარტო მე გადავურჩი, დედას, მამას და ჩემს და-ძმებს კი ჰქონდათ.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობის ვირუსი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში - რაც უფრო ცოტაა, მით უფრო მარტივად გადავიტანთ, ამიტომ, პირბადე აუცილებლად უნდა ვატაროთ და რეკომენდაციები შევასრულოთ.

თუ "კოვიდი" გაქვთ, ნერვებს არ უნდა აჰყვეთ, რადგან ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადამწყვეტია. ჩემმა ოჯახმა ეს გამოცადა, ერთმანეთს ვამხნევებდით და სიმშვიდე არ დაგვიკარგავს. დედას, მამას და ჩემს და-ძმას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ, რომ მათთვის სპეციალური მკურნალობა ჩაეტარებინათ. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდნენ და შინ დაბრუნდნენ. ამბობენ, ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია იმათთვის, ვინც რისკჯგუფში შედისო, მაგრამ ეს ყოველთვის არ მართლდება: კორონავირუსი ყველასთვის ინდივიდუალურია და ექიმებმა წინასწარ არ იციან, ვისზე როგორ იმოქმედებს.

- არჩევნებზე თუ იყავით და საერთოდ, პოლიტიკა თუ გაინტერესებთ? - სამწუხაროდ, არჩევნებზე ვერ მივედი, რადგან ის დღე ჩემი მკურნალობის პერიოდს დაემთხვა. რასაკვირველია, პოლიტიკა მაინტერესებს. მიკვირს, როცა ამბობენ, აპოლიტიკური ადამიანი ვარო. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ და ჩვენს თავს ხდება პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია, აუცილებლად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე. ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები და სპეციალობაც არჩეული მაქვს - საჯარო მმართველობა.

- ონლაინსწავლებას როგორ შეეგუეთ? - თავიდან ყველამ უარყოფითად მიიღო, თუმცა ეს მსოფლიოში აპრობირებული ხერხია. ჩვენთან ჯერ კიდევ სიახლეა და დრო გვჭირდება შესაჩვევად. მე ამ გზით ცოდნის შეძენას მშვენივრად ვახერხებ. თუ ადამიანს გულით სურს სწავლა, ხელს ვერაფერი შეუშლის.

- მსახიობები მაყურებლის გარეშე დარჩნენ. თქვენ როგორ ახერხებთ ამ დანაკლისის შევსებას?

- მეც ძალიან მენატრება თეატრი, სადაც ფეხი ავიდგი და ძალიან მიყვარს, ეს მუსიკისა და დრამის თეატრია. ამ დიდ დანაკლისს იმით ვინაზღაურებ, რომ ტელეწამყვანი ვარ: ჩემი გადაცემები ორ არხზე გადის: "იმედსა" და "ფორმულაზე". ძალიან მშველის იმის შეგრძნება, რომ მაყურებელთან კონტაქტს არ ვწყვეტ.

- ბოლო დროს კულულების ნაცვლად სწორი თმა გაქვთ და თქვენი იმიჯიც მკვეთრად შეიცვალა. ეს რამ გამოიწვია? - უბრალოდ, გავიზარდე, ხალხმა სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" გამიცნო. მაშინ 12-13 წლისა ვიყავი, ახლა კი 18 წლის ვარ. დიდი დრო გავიდა, თანაც, ამ ასაკში ადამიანს გარეგნული ცვლილებები მკაფიოდ ეტყობა. ხუჭუჭა თმას რაც შეეხება, ხან ხუჭუჭა მაქვს, ხან სწორი... ვცდილობ ყოველთვის განსხვავებული იმიჯი მქონდეს. სხვებიც ხშირად მეკითხებიან, სად არის ის რუსკა, რომელიც 5 წლის წინ ტელეეკრანზე გავიცანითო? ზოგჯერ ეს ძალიან მიკვირს: უკვე 5-6 წელი გავიდა, გავიზარდე და რატომ ვერ ეგუება ამას ჩემი მაყურებელი?

- უამრავმა ადამიანმა "ცეკვავენ ვარსკვლავებითაც" გაგიცნოთ. ახლო მომავალში თუ აპირებ მსგავს პროექტებში მონაწილეობას? - ეპიდემიის გამო ახალ პროექტებზე ლაპარაკიც კი შეწყვეტილია. არის რაღაც გეგმები, მაგრამ კორონავირუსი ყველას ძალიან გვიშლის ხელს. იმის იმედზე ვარ, რომ ეპიდემია როგორმე დამთავრდება, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით და ოცნებასაც ავისრულებ: სამსახიობო კარიერის გაგრძელებას უცხოეთში ვაპირებ - ყველაფერი უკვე დაგეგმილია.

- ევროპაში აპირებთ სამსახიობო კარიერის გაგრძელებას თუ ამერიკაში? - ამერიკაში. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.

ხათუნა ჩიგოგიძე