"ქართველები სხვაგვარი სითბოსა და სიყვარულის ხალხი ვართ... ბევრი რამ უცხო და გასაკვირიც აღმოჩნდა, თუმცა ეს ჩემი არჩევანია" - კვირის პალიტრა

"ქართველები სხვაგვარი სითბოსა და სიყვარულის ხალხი ვართ... ბევრი რამ უცხო და გასაკვირიც აღმოჩნდა, თუმცა ეს ჩემი არჩევანია"

"არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაგიბათილებს სამშობლოს, ოჯახისა და შვილების მიტოვების ტკივილს"

"მესროლეთ, ოღონდაც გულს არ ააცილოთ, უკან სამშობლო დგას და იმას არ მოხვდეს" - ეს სიტყვები პოეტ ნანა მეფარიშვილს ეკუთვნის. ის წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და მისი ტკივილიც და სიხარულიც საქართველოს უკავშირდება.

- დღეს სოციალურ ქსელებში უკვე იმდენი ინფორმაციაა თითოეულ ადამიანზე, რომ გადაშლილ წიგნებს დავემსგავსეთ. მარტო წარსული და სამომავლო გეგმები კი არა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებიც კი სამზეოზეა გამოტანილი. სოციალურმა ქსელებმა ძალიან მოგვიახლოვა ადამიანთა ცხოვრების კადრები, ძალიან ბევრს გააცნო ერთმანეთი და, იმავდროულად, თითქოს გააუბრალოვა კიდეც ურთიერთობა. რამდენჯერმე უარი ვთქვი ინტერვიუზე, რადგან არ მინდოდა  მკითხველისათვის მომაბეზრებელი გავმხდარიყავი ჩემი, ვფიქრობ, არაფრით გამორჩეული პოეზიითა და ცხოვრებით. ამავე მიზეზით განვაცხადე უარი რამდენიმე საღამოზეც. ორჯერ ზედიზედ მოეწყო ჩემი პოეზიის საღამო სამების ახალგაზრდულ ცენტრში და ეს საკმარისად ჩავთვალე. …

- "ზღვაში წვეთი ვარ,/ ქვათა შორის პატარა კენჭი,/ ცასთან შეხებაც კი არა მაქვს,/ შორიდან ვუმზერ,/ ერთი ცრემლი ვარ განშორების/ და ქალის ეჭვი,/ მიწის მტვერი ვარ,/ ჩაფენილი ნაგვალავ ხნულზე", - ამბობთ ერთ ლექსში და მაინც, ვინ არის ნანა მეფარიშვილი? - ერთი უბრალო ქალი, არავისგან არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი თავისი ცოდვა-მადლითა და ავ-კარგით, სამშობლოსა და პოეზიაზე  შეყვარებული ისე, რომ ცხოვრების ორომტრიალით მოყენებულ სულის ტკივილებს ამ სიყვარულით იკურნავდა და იკურნავს დღემდე... ნანა მეფარიშვილი იმ ბერმუხის ერთი ფოთოლია, რომელსაც საქართველო ჰქვია.

პროფესიით ფილოლოგი ვარ, ვმუშაობდი სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ჟურნალისტადაც, ვაქვეყნებდი ლექსებსაც.

წერა მეორე კლასიდან დავიწყე. არ ვიცი, რამ აღმიძრა ეს სურვილი, მაგრამ მახსოვს, დიდი ხანი ვმალავდი შემოდგომისადმი მიძღვნილ პატარა ლექსს. სკოლაში როდის გავამჟღავნე ჩემი პოეტობა, არ მახსოვს, მაგრამ თავისუფალ თემებს ხშირად საკუთარ თითოსტროფიან ლექსს რომ ვურთავდი, მახსოვს. მერვე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად  ჩოხატაურის რაიონის გაზეთმა დამიბეჭდა ლექსი დედაზე. ეს ჩემთვის ენით აუწერელი ემოცია იყო. შემდეგ იყო ""ნობათი", "ცისკარი", "მწერლის გაზეთი", "უნივერსიტეტის ალმანახი" და ა.შ. იმ პერიოდში უნივერსიტეტში ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ბატონი  ტრისტან მახაური, უნივერსიტეტის პროფესორი და ფოლკლორისტი,  შესანიშნავი ადამიანი, რომელთანაც ვმეგობრობდი და მერე  ყველა ახალი ლექსი უკვე მასთან მიმქონდა წასაკითხად.

ძალიან ძნელი, მძიმე და  სევდიანია მარტოობა, მაგრამ იმავდროულად, საოცარი მკურნალია ღვთის გზას აცდენილი სულისთვის.… ხშირად  სწორედ მარტოობა აპოვნინებს თავის თავს ადამიანს. მარტოობის გზას მეტწილად მაინც ღვთისკენ მიჰყავხარ - "სულს შეგამეცნებს ტანჯვებით განვლილს, მარტოობაში ნაპოვნი ღმერთი.

- საქართველოდან წასვლა არ იქნებოდა იოლი. რას გრძნობდით, როგორი იყო და არის დღეები სამშობლოს გარეშე?

- არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაგიბათილებს სამშობლოს, ოჯახისა და შვილების მიტოვების ტკივილს. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება და არც იოლი გზა. ეს არის უმძიმესი გოლგოთა, ჯვარცმა, სიკვდილი ძველის და დაბადება ახალი ადამიანისა, რომელსაც ცხოვრებამ რეალობის მიღება ასწავლა. ამას მხოლოდ სახარებისეულ მეორედ შობას თუ შევადარებთ, სადაც უერთდები სულის თვითმყოფადობის საუფლოს. ეს თემა ძალიან ვრცელი და მტკივნეულია, უსამშობლო წლებით მიყენებული ტკივილი არასდროს შუშდება.

2009 წლის 1-ლ თებერვალს დავტოვე საქართველო და როცა  თვითმფრინავი ღრუბლებში აიჭრა, უნებურად ისე ღრმად შევისუნთქე, მეგონა ფილტვები დამისკდებოდა. პირველი ჩანაწერი მაშინვე გავაკეთე - ჩემს სამშობლოს ვთხოვე, ეს ჰაერი ეკმარებინა უკან დაბრუნებამდე. ყველაზე რთული უჰაერობა იყო ჩემთვის, სხვა სუნი, რომელიც სულ არ ჰგავდა ჩემსას! ურთულესი იყო და დღემდე ვერაფრით შევეგუე იმას, რომ სხვა ენა მესმოდა. მუდამ მქონდა განცდა, რომ ქართულად მეძახდნენ. არაერთხელ გამიცია პასუხი ქართულად და ეს თავისთავად ხდებოდა. თანაცხოვრება რთულია, აქ კი უცხო ადამიანებთან გიწევს ცხოვრება, შეგუება და კეთება ისეთი რაღაცების, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი.

- ამერიკაში ყოფნისას და მუშაობისას რამ გაგაკვირვათ, რა მოგეწონათ ან, პირიქით, რა იყო თქვენთვის მიუღებელი? - შეიძლება ითქვას, რომ მიუღებელიც იყო ბევრი რამ და  მისაღებიც.

აღსანიშნავია ამერიკელების პრაქტიკულობა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას  აქვს  შესაძლებლობა, მოკრძალებულ სახლებში ცხოვრობენ, ავეჯიც ჩვეულებრივი აქვთ და ძვირად ღირებულ სამოსშიც არ  ხარჯავენ ბევრს. მომეწონა ის, რომ დიდი და პატარა მუშაობს ყველანაირ სამუშაოზე

აქ არავინ დაგცინებს იმისთვის, რომ ნაგავს ყრი და ამაში იღებ გასამრჯელოს, ან იმისათვის, რომ ინგლისურად გამართულად ვერ ლაპარაკობ. მომეწონა პიროვნების დაცული უფლებები და თავისუფლება, რომელიც ჩვენც სწორად უნდა გავიგოთ. ეს ნიშნავს, უპირველესად, პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, მრწამსის, მომავლისა და ქვეყნის წინაშე, რაც უკავშირდება შრომისმოყვარეობას. ეს არის ქვეყანა, სადაც მოზარდმა იცის, რომ თუ არ იშრომა, ვერავის ხარჯზე ვერ მოიწყობს უზრუნველ მომავალს.

კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ  ქართველები სხვაგვარი სითბოსა და სიყვარულის ხალხი ვართ და, ბუნებრივია, ბევრი რამ  უცხო და გასაკვირიც აღმოჩნდა, თუმცა ეს ჩემი არჩევანია, აქ წამოსვლა არავის დაუძალებია.

- თქვენი არაერთი ლექსი "ამღერდა". ერთ-ერთია "თუ იავნანა არ გესმით", რომელსაც საინტერესო ამბავი უდევს საფუძვლად... - საოცარი განცდაა, როცა შენს გულსა და სულში ტკივილად ან სიხარულად გამოწურული სიტყვა ფრთებს შეისხამს და ჰანგებად დაიღვრება. "თუ იავნანა არ გესმის" განაწყენებულმა დავუწერე ჩემს იტალიელ ბებოს, რომელმაც ნაღიღინები "იავნანა" დამიწუნა.

ჯერ კიდევ ახალჩამოსული ვიყავი ამერიკაში, როცა ქუჩაში მანქანიდან თეონა ქუმსიაშვილის ტკბილი ხმა გავიგონე. ჩემთვის მაშინ ერთნაირად ქართულად მღეროდა ეს უცხო ქუჩებიც, ცაც, მიწაც და იქ მოარული ყველა რჯულის ადამიანიც. ვმღეროდი მეც და თან გულამომჯდარი ვტიროდი; მეგონა, ქუჩაში დაკარგული ბავშვი ვიყავი, რომელსაც დედამ დაუძახა. ვეღარავის ვხედავდი, მხოლოდ თეონას ხმა მესმოდა. ვინ მოთვლის მსგავსი ემოციებით განვლილ დღეებსა და წუთებს,  ვინ მოთვლის გულისტკივილამდე შემძვრელ უამრავ მოსაგონარს...

შვიდი წელია აქ ვარ და დღემდე გულს მითრთოლებს ქუჩაში გაგონილი ჩემი ღმერთების ენა, ჩემი ქართული!

ერთხელ ბრუკლინში გაჩერებაზე ვიდექი და ტელეფონით დედაჩემს ველაპარაკებოდი, ვუყვებოდი ჩემი ნანა-ნიტას ამბავს - როგორ აჰყოლია მგალობლებს ეკლესიაში და თავგანწირული გალობდა "ღირს არს". საუბარს რომ მოვრჩი, ახალგაზრდა ვაჟი დამიდგა წინ, ღიმილით, წრფელი და განათებული თვალებით. გავიგონე, თქვენ რომ ლოცულობდითო, მითხრა ქართულად - რატომღაც ჩათვალა, რომ ხმამაღლა ვლოცულობდი. ზოგჯერ ქართული ჩემთვის ღვთის ხმაა, გამოსაფხიზლებელი და აზრზე მოსასვლელი, ქართველებს ზურგიდანაც კი ვცნობ და წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა ეს ბიჭი გამომელაპარაკა... ვფიქრობდი, ნეტავ, მალე წავიდეს, რომ სადმე ქუჩის კუთხეში გავიქცე და ყელში გაჩხერილი ბურთი ცრემლად ამოვანთხიო-მეთქი. მერე თვალი გავაყოლე მიმავალს და გავიფიქრე, ნეტავ, დედა სად ჰყავს, აქ თუ საქართველოში-მეთქი? მიდიოდა ზურგჩანთამოკიდებული, ჩემი შვილის ტოლი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ქართველი უცხო მიწაზე და თან მიჰქონდა ჩემი გულიდან ამოხეთქილი ლოცვა, ლოცვა დედისა, ის ლოცვა, ჩემი შვილებისთვის რომ ვამბობ ხოლმე; მიდიოდა და მხრებით მიჰქონდა ჩემი საქართველო, ჩვენი საქართველო... დარდი მიჰქონდა და რაღაც ენით აუწერელი ენერგია.

მაშინ გამახსენდა რამდენიმე დღის წინ ერთი ახალჩამოსული ქართველის ნაამბობი - მეტროში დავიკარგე და ერთი ქართველი აღმოვაჩინე, მაგრამ შეშინებულმა დახმარება რომ ვთხოვე, გაიქცაო. ეს გაჰკიდებია ხვეწნით, ნუ დამტოვებთ აქ, გზები არ ვიციო. ბოლოს, ალბათ, იძალა რაღაც მიძინებულმა და უსწავლებია გზა, თან გაუფრთხილებია, აქ ქართველებისაგან თავი შორს დაიჭირეთო. გულში ისეთმა ტკივილმა გამიარა, ვიფიქრე, ახლა მოვკვდები-მეთქი. მერე დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, მინდოდა რაღაც გამართლება მომეძებნა იმ ქართველისთვის.

- საქართველოში ვბრუნდები და ეს სიხარული სამყაროს ვერ დაიტევსო, მითხარით. როგორ წარმოგიდგენიათ ამდენწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოსთან შეხვედრა და აქ ცხოვრება? - წამმზომი უკვე ჩაირთო. მალე ღვთის ნებით ჩემს უტკბეს სამშობლოს დავუბრუნდები, თუმცა რაღაც პერიოდის წინ სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი. ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრის გეგმა შეცვალა.… ცუდმა ადამიანებმა" მთელი სამყარო რომ ყირაზე დააყენეს და ადამიანური ურთიერთობები მიზანმიმართულად მოშალეს, ეს ყველაზე აისახა. ცხადია, ჩემზეც, მაგრამ უკან დასახევი გზა არ არსებობს, ეს არის თეთრისა და შავის დაუნდობელი ბრძოლა, სადაც ყველა დამარცხდება, ვინც სიმართლის მხარეს არ დადგება. დედამიწაზე თითქოს დაღამდა და ყველა თავის "ბუნაგს" უბრუნდება.…ვფიქრობ, დაბრუნება არის "ჟამი მოქცევისა" - ქართველთა მოქცევისა საკუთარ  სამშობლოში!

ნინო ჯავახიშვილი