"ახალგორში დარჩენილებმა უნდა იყოჩაღონ, რომ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოცხლებმა ჩააღწიონ..." - კვირის პალიტრა

"ახალგორში დარჩენილებმა უნდა იყოჩაღონ, რომ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოცხლებმა ჩააღწიონ..."

"ახალგორელები რაიონიდან "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით მიდიან, დაბა იცლება"

ახალგორელების თქმით, რაიონში ვითარება ისე დამძიმდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადამსვლელთა რიგები დგას. ისინი "წითელი ჯვრის" დახმარებით სპეციალურ სიაში ეწერებიან, ხელს დაუბრუნებლობაზე აწერენ და ახალგორს ტოვებენ.

"ეს ნიშნავს, რომ აღარავინ დაბრუნდება, რადგან აქაური "ხელმძღვანელობის" მოთხოვნაა, თუ წახვალთ, ვეღარ დაბრუნდებითო. კარგა ხანს ვითმენდით, მაგრამ გაუსაძლის ცხოვრებას უსასრულოდ ვერავინ მოითმენს. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და ყველა გაქცევაზეა. ერთი სიტყვით, ახალგორი იცლება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ერთი ახალგორელი.

როგორც ამბობენ, ახალგორში ვითარება უფრო დაამძიმა რაიონის საავადმყოფოს ქირურგის, 68 წლის ონისე გათენაშვილის გარდაცვალებამ - ის "კოვიდ-19"-მა იმსხვერპლა. ბატონი ონისე რაიონის მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი იმედი იყო. ოჯახმა ინფიცირებული ექიმის თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა ოსურმა მხარემ ცხინვალში გადაიყვანა. მას შემდეგ, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმართავი გახდა, ცხინვალელმა ექიმებმა ის თბილისში გაწერეს. ონისე გათენაშვილი ცხინვალი-თბილისის გზაზე გარდაიცვალა.

"კვალიფიციური ექიმების ხელში უპრობლემოდ დასძლევდა ყველაფერს. უკვე პალატაში იყო გადაყვანილი, წამოდგა და საკუთარი ხელით ჭამა კიდეც, მაგრამ, ალბათ, ორგანიზმში სხვა პროცესები მიმდინარეობდა, რაც ექიმებმა ვერ შეამჩნიეს. ონისე ექიმის თბილისში გადმოყვანაში "წითელი ჯვარი" ჩაერთო. რეანიმობილით უნდა გადმოეყვანათ, თუმცა გზაში სპაზმი დაეწყო, გული ორჯერ გაუჩერდა. სამედიცინო ავტომანქანაში საჭირო აღჭურვილობა არ ჰქონდათ და ვერ დაეხმარნენ. ბატონი ონისე ყველა პაციენტის პატრონი იყო, განურჩევლად დაავადებისა. აქ მხოლოდ ის გვეიმედებოდა", - გვიამბობს შეწუხებული ახალგორელი.

"ჩვენ აქ სიცოცხლისათვის ვიბრძვით"

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ახალგორელებმა ცხინვალამდე ექიმის ან სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროების გამო 62 კილომეტრი უნდა გაიარონ, მაგრამ ხშირად ვერც ცხინვალში ეხმარებიან და ისევ თბილისში უშვებენ. ამასობაში დრო გადის და ადამიანის გადარჩენის შანსი მცირდება.

- გრძელ მანძილთან ერთად, ოთხი, საშინლად ხვეულებიანი მთა უნდა გადავიაროთ ცხინვალში ჩასასვლელად. იქ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვსიმულანტობთ, არ ვიგონებთ ინსულტს ან სხვა დაავადებას და მხოლოდ ამის შემდეგ გვიწყებენ მკურნალობას იმით, რაც გააჩნიათ... აქამდე იმედი მქონდა, რომ ქართული მხარე რამეს იღონებდა, ოსური მხარეც დაფიქრდებოდა, მძიმე პაციენტებს მაინც გაგზავნიდა თბილისში, მაგრამ არაფერი იცვლება. გარდაცვლილთა რიცხვმა ორ ათეულს გადააჭარბა. ამიტომ მიდის აქედან ხალხი. სამედიცინო სფეროში მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის კადრები დარჩა, აქ კი ხალხი ცხოვრობს და უდიპლომო ექიმსა და მასწავლებელს რომ დაუნიშნავ, ალტერნატივის ძებნას დაიწყებს. ამიტომაც გაიქცა ბევრი.

თბილისიდან ისე ნათლად არ ჩანს ჩვენი უმძიმესი რეალობა. ჩვენ აქ სიცოცხლისათვის ვიბრძვით. დღეს დილით (ინტერვიუ ჩაწერილია 16 ნოემბერს - ავტ.), 60 წლამდე ქალი ნახეს სახლში გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გულით. დიდი ალბათობით, უექიმობითა და უწამლობით მოკვდა. ასეთი რამ პირველად არ ხდება. რამდენიმე დღის შემდეგაც უნახავთ მიცვალებული. რომ არ გამოჩნდა, მოიკითხეს მეზობლებმა, ან უპატრონოდ დარჩენილი საქონლის ბღავილი მოხვდათ ყურში, მიაკითხეს და ლოგინში გარდაცვლილი ნახეს.

ასეთი რამეების შემდეგ, ვის გინდა უთხრა, რომ არ წავიდეს, სახლის კარი არ დაკეტოს და საფლავები არ დატოვოს. ნუ გაკიცხავთ მათ, ვინც "წითელ ჯვარს" სთხოვს, წამსვლელთა სიაში ჩაწერონ. აქ მარტოობაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილებიც ნანობენ, რომ მოხუცი მარტო დატოვეს, არ აიძულეს, რომ მათთან ყოფილიყო.

არ მინდა სულ ცუდზე ლაპარაკი, სულ რაღაცაზე ჩივილი, მაგრამ რა ვქნა... ყველაფერს ვწერ, რაც გარშემო ხდება როგორც ქართული, ასევე ოსური მხრიდან და მაინც არავინ გვაქცევს ყურადღებას. რომ გავჩუმდე, ისე გავქრებით, ვერავინ შეამჩნევს.

აქ სიტუაცია დიდი ხანია მიშვებულია. არც "კოვიდ-19"-ს ერიდებიან. ყველა, ვისაც ფული აქვს, 800-კაციან ქორწილებს იხდიან. კორონა არ არსებობსო და, შედეგიც მივიღეთ.

მილიცია ყველაფერზე თვალს ხუჭავს. აქაურობა თანდათან ცარიელდება, რომ აცივდება, უფრო მეტი წავა აქედან. მოხუცებს შეშისა და სურსათის მომარაგების თავი არა აქვთ, უმეტესობას ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტები.

- რაიონში დეფიციტია? - პროდუქტები არის, მაგრამ თუ პენსია არ აიღეს, რით იყიდიან?

მედიკამენტების დეფიციტია, მაგალითად, ვერ ვშოულობთ გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტიანი და პარკინსონიანი პაციენტების პრეპარატებს. ზოგიერთი მედიკამენტი, რაც თბილისში თეთრები ღირს, აქ 4-ჯერ ძვირია.

გამოსავალი ერთადერთია, აქ დარჩენილმა ოჯახებმა უნდა იყოჩაღონ, რომ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოცხლებმა ჩააღწიონ. სხვა გზა აღარ გვრჩება. ბიბილოვი როგორმე უნდა ვაიძულოთ "ქაღალდების მოწესრიგება" ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დააყენოს.

ზამთარში ახალგორის ზოგიერთ სოფელში თოვლი, ყინვა და ძლიერი სიცივე იცის, ტრანსპორტი კი ხან არის, ხან არა, ისევე როგორც ექიმი და წამალი.

- ამას დაემატა "კოვიდ-19"-ც. - დიახ, ეს საშინელი ვირუსიც დაგვემატა. ერთხანს სიმშვიდე იყო, კოვიდკონტაქტის მქონენი კარანტინში გადაჰყავდათ. ახლა ასე არ არის.

ცხინვალში წასვლის შესაძლებლობა ყველას არა აქვს, რადგან შორსაა... ადგილობრივი ექიმების ცნობით (დაბის საავადმყოფოში სულ 15-მდე სამედიცინო პერსონალია), რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი ქალი ფილტვების ანთებით ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს, 2 ინფიცირებული კი ამბულატორიულად მკურნალობს. 11 პაციენტი ადგილობრივ საავადმყოფოშია, უამრავი ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება. ოღონდ ვისაც სიცხე არა აქვს, ტესტს არ უკეთებენ. ასეთი შედეგები პატარა დაბისთვის კატასტროფაა და რაც მთავარია, ინფიცირების საშიშროება მატულობს.

პ.ს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მინისტრის აპარატი სხვა უწყებებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებს, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობამ კრიტიკულად საჭირო დახმარება მიიღოს.

"ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია, ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს, გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე", - აცხადებს უწყება.