"ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება..." - კვირის პალიტრა

"ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება..."

ბოლოს როდის იცინეთ გულიანად? როდის აკეთეთ დიდი ენთუზიაზმით საკუთარი საქმე? როდის ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს? მე მგონი, თვალსაჩინო ცვლილებების გარდა, პანდემიამ შეგრძნებების დეფიციტი და ემოციების სიღარიბე დაგვიტოვა და ეს ისე ნელ-ნელა მოხდა, ვერც მივხვდით... ჯერ კიდევ ვირუსთან ომი გვაქვს. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ დანის პირზე მოგვიწევს გავლა. ბუნებას თავისი კანონები აქვს - ყველა პანდემიას აქვს დასაწყისი და დასასრული და ესეც დამთავრდება ან თავისით, ან ვაქცინა მოგვისწრებს. როგორ გავუმკლავდეთ რეალობას და როგორი იქნება პოსტპანდემიური ყოფა? ამ თემაზე ვესაუბრებით ფსიქოლოგ ირინე ტაბუციძეს.

- მომიწევს, ჩემი სუბიექტური ხედვა გაგიზიაროთ, რადგან ამ მიმართულებით კვლევები, მით უმეტეს - ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ასეთი რეალობა ემოციურად რთულად გადაგვაქვს ყველა ასაკის ადამიანს.

სამწუხაროდ, პირველი ტალღა, რომელიც ფიზიკურად არ შეგვხებია, ემოციურად სრულფასოვნად გადავიტანეთ. მაშინდელ აკრძალვებს ჩვენ გავუძელით, სახლში დავსხედით, მაგრამ ასეთი მეთოდები ახლა აღარ მუშაობს და ეს გასაკვირი არც არის. კი ვაბრალებთ ხალხის შეუგნებლობას, ვაბრალებთ, რომ ვიღაცამ რეგულაციები არ გაამკაცრა, მაგრამ ადამიანის ფსიქიკა ასეა მოწყობილი, ამდენ შეზღუდვას ვერ უძლებს.

ყველას მშვენივრად გვაქვს გააზრებული რეალური ხიფათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს აკრძალვები აღარ მოქმედებს, იმიტომ, რომ ვეღარ ვუძლებთ, მით უმეტეს, როდესაც ასეთი აკრძალვები ეხება შენი ოჯახის შემოსავალს. ადამიანები ირჩევენ იმას, რაც უფრო მეტად უღირთ.

რაც შეეხება მომავალს, ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება შეგვიძლია... სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე მოვამზადე კითხვარი. სამეგობროს ვთხოვდი, ეპასუხა, რა იქნებოდა მათთვის პრიორიტეტული პოსტკორონულ პერიოდში, ყველაზე მეტად რა მიანიშნებდათ, რომ ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება გრძელდება.

- რა გიპასუხეს? - ყველაზე მეტმა საკუთარი საქმის სრულფასოვნად კეთება ისურვა. როგორც ჩანს, ადამიანებს ძალიან მოენატრათ თვითრეალიზაციის საშუალება და პირობები. ეს არ არის სამსახურის მონატრება, ეს არის სიტუაცია, როდესაც გინდა, რაღაც მნიშვნელოვანი შექმნა, ვიღაცისთვის იყო საჭირო და აკეთებდე შენთვის საინტერესო და სასარგებლო საქმეს.

ამის შემდეგ კითხვარში ყველაზე მეტი ხმა ერგო მეგობრებთან ურთიერთობას.

ყველაზე მეტად მოგვენატრა სწორედ ურთიერთობა, სტუმრად მისვლა, ერთმანეთის ნახვა, განყენებულ თემებზე საუბარი, რომლებიც არ ეხება არც ჯანმრთელობას და არც პოლიტიკას.

შედარებით ცოტა ხმა მიიღო მოგზაურობამ, გასართობი ადგილების სტუმრობამ და სხვა საკითხებმა.

- როგორ მოვიქცეთ, რომ დღევანდელი რეალობა შედარებით ადვილად გადასატანი იყოს? - დაძაბულ სიტუაციაში ადამიანს ახასიათებს მობილიზება, ასე ვთქვათ, საბრძოლო განწყობა გვაქვს და გზებს ვეძებთ, "რამე რომ იყოს, როგორ მოვიქცეთ. გეგმებსაც ვსახავთ - სად დავრეკოთ, ვის მივმართოთ... მე მგონია, რომ შედარებით რთული სიტუაცია გვექნება, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის. მართალია, პირველი აჟიოტაჟი იქნება - უცებ გავალთ გარეთ, სამსახურებში დავბრუნდებით, მაგრამ მგონია, რომ მოიმატებს შფოთი, სხვადასხვა დეპრესიული გამოვლინება და ალბათ, ჩემი პროფესიაც უფრო საჭირო გახდება. ეს ახასიათებს ადამიანს - სანამ პრობლემაა, მობილიზებული ხარ, მაგრამ როგორც კი მიხვდები, რომ ყველაფერი კარგადაა, სწორედ მაშინ იჩენს თავს გადატანილი სტრესული სიტუაციის შედეგები.

- ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციაც ამძაფრებს... - ცალ-ცალკე, ალბათ, ორივეს მოვერეოდით, ახლა კი ორივე პრობლემა - ქვეყნის მომავალი და საკუთარი ჯანმრთელობა ერთდროულად გვაქვს მოსაგვარებელი. თან ყველა ერთმანეთზე ვართ გადაბმული. ან გავუფრთხილდებით ერთმანეთს და კარგად გავივლით ამ პერიოდს, ან არ გავუფრთხილდებით და ყველანი ცუდად ვიქნებით. თან ვნერვიულობთ, რომ როცა ეს ყველაფერი დასრულდება და ამოვისუნთქავთ, შევძლოთ შეწყვეტილი მუშაობის გაგრძელება, თორემ თუ ყველაფერი ჩამოგვეშალა, მხოლოდ ჯანმრთელობა აღარ გვიშველის. ჯერ კიდევ როდის თქვა სოკრატემ: "ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია. როცა ყველაფერი ჩაივლის, ათმაგად მნიშვნელოვანი გახდება, რომ ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური გარემოც მოწესრიგებული იყოს, ამიტომ ახლა ყველა ვართ სტრესულ მდგომარეობაში. ერთადერთი, რაც გვშველის, არის ის, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების პრობლემა და შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შიში, შფოთი, რაც უდავოდ გვეხმარება.

ვისურვებდი და ძალიან მიკვირს, რომ არ შეიქმნა ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი, სადაც ფსიქოლოგებს საშუალება გვექნებოდა, ადამიანებს უფასოდ დავხმარებოდით. არიან მარტოხელა ადამიანები, რომელთათვისაც ეს ჰაერივით აუცილებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ყველაზე ღირებული ადამიანური რესურსია.

თუ თქვენ გყავთ გვერდით ადამიანები, ვისაც რჩევისთვის, თანადგომისთვის ან თანაგრძნობისთვის მიმართავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ და ადვილად გადაგაქვთ ეს გასაჭირი.

სხვა მხრივ შეგიძლიათ პატარ-პატარა სიამოვნებები მიიღოთ ცხოვრებისგან, მაგალითად, ვიღაცამ კერვა დაიწყო, ვიღაცამ - ქსოვა, ვიღაც სამზარეულოს უფრო "დაუმეგობრდა"...

არაფერზე უთხრათ უარი თავს, აკეთეთ ყველაფერი, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამასთან ერთად, გავუფრთხილეთ ერთმანეთს და დავიცვათ დადგენილი წესები. ეს აუცილებელია.

- სულ ვამბობთ, რომ ქართველები თბილი ხალხი ვართ, მაგრამ ახლა თითქოს დავშორდით ერთმანეთს - ვინმემ ჩვენი გადაკოცნა კი არა, ჩვენთან მოახლოებაც რომ სცადოს, შიშით განზე ვიწევთ. გაჩნდა მოსაზრება, რომ პანდემიის შემდეგ შევიცვლებით, ურთიერთობის ფორმები შეგვეცვლება. - დიახ, არის ასეთი მოსაზრება, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, არ მჯერა. როგორც კი ეს ყველაფერი ჩაივლის, ვფიქრობ, გაათმაგდება შეხების მოთხოვნილება.

ქართველებს, მოგეხსენებათ, ერთმანეთთან შეხება და ახლოს ყოფნა გვიყვარს. პიროვნული სივრცე შედარებით პატარა გვაქვს. ფსიქოლოგები როგორც თვლიან, პირადი სივრცე არის X სმ, რომლის აქეთ სხვა ადამიანის მოსვლა დისკომფორტად ითვლება და მიუღებელია. ჩვენ და ევროპელებს ეს მანძილი დაახლოებით ერთნაირი გვაქვს - 50 სანტიმეტრი. ამერიკელებისთვის ეს მანძილი 80 სანტიმეტრამდეა, აზიელებისთვის - უფრო ნაკლები, "კოვიდმა" კი ეს სივრცე ყველას მოგვიწესრიგა...

- დიახ, ორ-ორი მეტრით დაგვაშორა... - რასაც მაინცდამაინც არ ვიცავთ და როცა ყველაფერი დამთავრდება, ესეც მოირღვევა.

ახლა ყველაფრის დაძლევაში ზამთარი დაგვეხმარება - მოგეხსენებათ, სიცივეში სახლში ჯდომა ჯობია, გაზაფხულზე სიმწვანესა და სითბოში კი ძნელია, გარეთ გასვლისა და ახლობლებთან შეხვედრის ცდუნებას გაუძლო. ახლა უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და მოთმინება. პესიმიზმის უფლება არ გავქვს, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. ალბათ, ერთი წელი კიდევ გაგვიჭირდება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ახლა მწვავე პერიოდი გადაივლის და გაზაფხულზე ოდნავ მაინც ამოვისუნთქავთ.

ეკა სალაღაია