"სასტუმროში წყლის მიმ­წო­დე­ბე­ლიც კი არა­ვინ ჰყავ­და. ექიმს სა­ერ­თოდ არ შე­უ­ხე­დავს" - რას ჰყვება კოვიდით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა - კვირის პალიტრა

"სასტუმროში წყლის მიმ­წო­დე­ბე­ლიც კი არა­ვინ ჰყავ­და. ექიმს სა­ერ­თოდ არ შე­უ­ხე­დავს" - რას ჰყვება კოვიდით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა "მთავარ არხთან" საუბრისას ჰყვება, რომ მისი შვილი დაგვიანებული რეაგირების მსხვერპლია. მისი ინფორმაციით, ვირუსი გოგონას ერთი კვირის წინ დაუდასტურდა.

როგორც ირმა ხელაშვილი ამბობს, ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პაციენტის კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

"საერთო დახმარებაც არ აღმოუჩენიათ ნორმალურად ბავშვისთვის. სასწრაფოში რომ დავრეკე, დიაბეტიანი ბავშვი მყავს და ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-თქო, მოვიდნენ, ტესტირებაზე გადაგვიყვანეს, დადებითი რომ აჩვენა, ისევ უკან სახლში გამოგვისტუმრეს.

ვრეკავდი, ვემუდარებოდი, რომ ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ. წაგვიყვანეს კოვიდ-სასტუმროში. მე ჰოსპიტალი მჭირდება-თქო, ვეუბნებოდი. დამძიმდა ბავშვი, შაქარი ზემოთ ჰქონდა. იქ წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავდა. ექიმს საერთოდ არ შეუხედია. სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ბავშვს, სასწრაფოში ვრეკავდი, ის ჯანდაცვაში მამისამართებდა. ამ სიტუაციას შეესწრო სასტუმროში გერმანული ჰოსპიტალის თანამშრომელი და ხვეწნის შემდეგ მოახდინეს ჰოსპიტალიზაცია.

ვითხოვდით, რემდესივირი იქნებ ჩართოთ მკურნალობაში-თქო, თქვეს მას უკუჩვენებები აქვსო. ერთი სიტყვით, უარი გვითხრეს. დექსამეტაზონის გადასხმა მიდოდა, მაგრამ დექსამეტაზონიც არ შეიძლებოდა, რადგან დიაბეტიანი იყო ბავშვი", - ამბობს ხელაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 19 წლის თეკლა თორდია გუშინ გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.