"დღეს ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, ვინაიდან გარდაცვლილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, ვინაიდან გარდაცვლილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან მისი ოჯახის მიმართ გარკვეული წნეხი და ძალადობა ხორციელდება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდე გამართულ ბრიფინგზე მსგავსი ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ მის ოჯახზე მორალური ზეწოლა დღესაც გრძელდება.

"მე მინდა გავაკეთო სამწუხაროდ პირადი განცხადება. არ შემიძლია ეს ფაქტი გამოხმაურების გარეშე დავტოვო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა, ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღეს იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ საჯარო პირი ვარ და შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა რა თქმა უნდა, პასუხგაცემული უნდა იყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, მიმაჩნია, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, ვინაიდან გარდაცვლილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში, ყველა კითხვას შესაფერისი პასუხი გაეცემა, მაგრამ ის, რაც დღეს მიმდინარეობს, ნამდვილად დასაგმობია. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს", -განაცხადა ტიკარაძემ.