"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?" - რას ჰყვება ელენე ხოშტარიას დედა შვილის პირად ცხოვრებაზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე
"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, ელენე დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მე კი საწოლში მხვდებოდა, როცა სკოლაში წასასვლელად ვაღვიძებდი. ჩემი ჭკუით, ვაღვიძებდი..."
"ლაკა, სველი ხარ, ჩქარა სახლში, დროზე, რა, გეხვეწები" - ხშირად ასე და უფრო ემოციურადაც უწევს საკუთარი გრძნობების გამოხატვა ჩვენს რესპონდენტს, როცა აქციაზე მყოფი შვილის ფოტოს ხედავს, ან მას პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მყოფს, ადევნებს თვალს.
ხელოვნებათმცოდნე მშობლების ოჯახში გაზრდილმა ელენე ხოშტარიამ პროფესიული არჩევანი თავიდანვე პოლიტიკას დაუკავშირა და, როგორც ქალბატონი ირინა გუნცაძე ამბობს, შვილის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.
- რამ უბიძგა ელენეს პოლიტიკისკენ აეღო გეზი? წარსულში მამის პოლიტიკურმა საქმიანობამ ხომ არა? - მე პატივს ვცემ მის არჩევანს. ვიცი, რომ ეს მისი პრინციპული არჩევანია და პოლიტიკოსობა რომ გადაწყვიტა, ჩემთვის ეს სრულიად კანონზომიერი იყო. ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის მხრიდან, რეპრესირებულების ოჯახი გახლდათ. გოგის ბაბუის ძმა იყო აკაკი ხოშტარია. მოგეხსენებათ, იგი იყო მილიონერი კაპიტალისტი, მეცენატი, რომელმაც სამი გემი უყიდა პირველ ეროვნულ მთავრობას. როცა მწერალთა სახლი იყიდებოდა, სწორედ მას სთხოვეს ეყიდა, რომ არ დაკარგულიყო და ვინმე უცხოს ხელში არ ჩავარდნილიყო. იგი მაშინ პარიზში ცხოვრობდა და მის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მოღვაწეც იყო. "ირანის უგვირგვინო შაჰს" ეძახდნენ. სტალინს პოლიტიკის თვალსაზრისით სჭირდებოდა აკაკი ხოშტარიასთან თანამშრომლობა და სთხოვა კიდეც, საქართველოსთვის პური შემოეტანა. როდესაც ბოლშევიკები შემოდიოდნენ, მაშინ აკაკიმ, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, ერთ-ერთი გემით გაიტანა აი, ის ოქროს ფონდი და მთელი მენშევიკური მთავრობა საფრანგეთში გაიყვანა. რადგან თვითონ ვეღარ რჩებოდა ქვეყანაში, იმდენი მოახერხა, რომ ბოლშევიკებს ხელოვანებისთვის გადაეცათ მწერალთა სახლი და ეს სურვილიც შეუსრულეს იმიტომ, რომ ძალიან გავლენიანი პიროვნება გახლდათ.
არსებობს მასალები "კაგებეს" არქივში, რომელიც ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ, მისი სახელი ტაბუირებული იყო. მერე კი ძალიან ცუდად მოექცნენ. გოგის მამა 28 წლის ასაკში დახვრიტეს, ბიძა კი - 29 წლის ასაკში, რადგან აკაკი ხოშტარიას ძმისშვილები იყვნენ. ამიტომ ეს ოჯახი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. ელენეს ეს ისტორიები ბავშვობიდან ესმოდა და მუდმივად ჰქონდა უსამართლობის გრძნობა.
ჩემს მეუღლეს, გარდა ხელოვნებათმცოდნეობისა, ისტორიის ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული და დისიდენტიც იყო. კავშირები ჰქონდა კავალიოვთან და სხვებთან. 9 აპრილის მოვლენების დროს ელენე 9 წლის იყო და ყველაფერმა მის თვალწინ გაიარა. მინდა ვთქვა, რომ თვითონ იყო სხვანაირი ბავშვი, ჩემი ვაჟიც, რომელიც ელენეზე 2 წლით უფროსია, ხომ, ამ სიტუაციაში გაიზარდა, მაგრამ ელენეს ჰქონდა სხვაგვარი დამოკიდებულება, განსხვავებული, უშიშარი, დამოუკიდებელი იყო, სულ გვეგონა, რომ არაფრის ეშინოდა.
- აღნიშნეთ, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე ბავშვი იყო ელენე, რამე გამორჩეულ ამბავს ხომ არ გაიხსენებთ მისი ბავშვობიდან?
- იცით, რომ გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო. ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ 12 წლის ელენე აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მე კი საწოლში მხვდებოდა, როცა სკოლაში წასასვლელად ვაღვიძებდი. ჩემი ჭკუით, ვაღვიძებდი... ძალიან კარგად სწავლობდა გერმანულ სკოლაში, რომლის დირექტორიც ნინო რამიშვილი იყო. ჩვენ ძიძად რუსი ქალი გვყავდა, რომელმაც გაზარდა ელენე და წლების მერე, ლოგინად ჩავარდა, მარტოხელა ქალი იყო და რითაც შეგვეძლო, ვეხმარეოდით. მერე, მეზობლებმა გვითხრეს, რომ, თურმე 14 წლის ელენე უვლიდა და უცვლიდა.
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება. როცა ელენეს კლასი შვეიცარიაში გაგზავნეს, იქ პრაქტიკის მისაღებად, სხვადასხვა სამუშაოზე ნახევარ დღეს უნდა ესწავლათ და ნახევარ დღეს უნდა ემუშავათ. იმ სამსახურების ჩამონათვალი, სადაც პრაქტიკას გაივლიდნენ, წინასწარ იყო შედგენილი. ელენემ სიაში მოხუცთა თავშესაფარიც შეატანინა. ნინო რამიშვილმა თქვა, ისე უვლიდა მოხუცებს, გამოშვება არ უნდოდათო და იქიდან სკოლას გამოუგზავნეს პირველი კომპიუტერი, - ასე გასახელათ ამ ბავშვმაო. მაშინ კომპიუტერი ახალი ხილი, იშვიათობა იყო.
- ოპონენტები ნაკლად უთვლიან და წამოაძახებენ ხოლმე ელენეს, რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო განათლება. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? - ჩემს შვილს სულ უნდოდა წასვლა ინგლისში ან საფრანგეთში. ინგლისური კარგად იცოდა და შეეძლო, საფრანგეთშიც ესწავლა, ინგლისურენოვან სასწავლებელში. ფრანგული მაშინ არ იცოდა, მერე შეისწავლა. იმ პერიოდში, "ესენგე"- ში ვიყავით და სხვა არჩევანი არ გვქონდა, რუსეთში სასწავლებლად უნდა გაგვეშვა, თან იქ კარგი განათლების მიღება შესაძლებელი იყო. რადგანაც პოლიტიკა აინტერესებდა, "გიმო"-ში მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსები არ გვქონდა, სხვა ქვეყანაში გაგვეშვა სასწავლებლად და რადგან ჩემი მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ეკუთვნოდა ლიმიტი და ელენეს შეეძლო უფასოდ ესწავლა, ეს შესაძლელობა გამოვიყენეთ. ელენე ძალიან კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა, რომელიც ამერიკის პოლიტიკას ეხებოდა... სხვათა შორის, ივანიშვილს ძალიან უნდოდა თავისკენ წაეყვანა, მაგრამ ელენე კატეგორიულ უარზე იყო...
- როგორი მეოჯახეა ელენე, რამდენად ახერხებს აქტიური პოლიტიკური საქმიანობის ფონზე, სახლის საქმეებით დაკავდეს? - ძალიან კარგი დედაა. ძალიან ზრუნავს შვილების აღზრდაზე და მათთვის კარგი განათლების მიწოდებაზე. 4 შვილი ჰყავს და ადრე დგება, რომ რაღაც მოუყვეს მათ, რაღაც წაუკითხოს. კვირას სულ მათთან ერთად ატარებს. ყოველგვარი აღელვების გარეშე უთითებს ბავშვებს, თუ რამის თქმა უნდა. იცით, როგორი კარგი მზარეულია? მის მეუღლეს ძალიან უყვარს ელენეს გაკეთებული კერძები და ამის გამო, ელენე სამსახურიდან გარბოდა, რომ გაეკეთებინა და მისთვის სამსახურში სადილი მიეწოდებინა. სახლში ისეთ სუფრებს შლიდა და შლის, ყველას აოცებს. არავინ ეხმარება, ისე, სულ თავისით იგონებს ახალ-ახალ კერძებს. ვეუბნები, თუ დრო გექნება, რეცეპტები ჩამოწერე-მეთქი. ელენეს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, არ ვიცი, ასეთ კარგ ადამინს სად შეხვდა. სულ გვერდში უდგას და ხელს უწყობს. იგი პროფესიით არქიტექტორია, ძალიან თავმდაბალი და ღირსეული ადამიანია.
- ელენეს მამის, ბატონი გოგის მისამართით არცთუ იშვიათად ვაწყდებით ბრალდებას, რომ მან ზვიდ გამსახურდიას უღალატა. რას გვეტყვით ბრალდების საპასუხოდ? - ელენე რომ აქტიურად არის პოლიტიკაში ჩაბმული, ხან რას იგონებენ, ხან - რას. ეს არის „სუს"-ის სრული დეზინფორმაცია და ტროლების დაწერილი ჭორი. პირდაპირ გეტყვით, გოგის ჰქონდა უსიამოვნება მანანა არჩვაძესთან. ზვიადმა გოგის შემცვლელად რუსეთის სახელმწიფოს პუტჩისტი მურმან ომანიძე რომ მოიყვანა, ეს დასავლეთისთვის კურსის შეცვლას ნიშნავდა. გოგის დასავლეთში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. არეულობა რომ დაიწყო და გოგი მიხვდა, ვერაფერს გააწყობდა, ჩვენ ინგლისში წავედით და, დაახლოებით, ერთ თვეში რომ დავბრუნდით, აქ უკვე ზვიადისტებს იჭერდნენ. შევარდნაძეს უნდოდა, გოგი "მოქალაქეთა კავშირში" შეეყვანა, მაგრამ ახლოსაც არ გაკარებია, ამიტომ 40-ჯერ დაიჭირეს. დაიჭერდნენ და უშვებდნენ - გოგის კავშირები ჰქონდა ამერიკელ სენატორებთან და მათი ძალისხმევით ათავისუფლებდნენ.
იმიტომ იჭერდნენ, რომ ზვიადისტებს იცავდა, გოგი გელბახიანის პროცესზე მათი სამოქალაქო დამცველი იყო ადამიანის უფლებების "მოსკოვის ჰელსინკის გრუპის" ფარგლებში. შევარდნაძეს კი მათი დახვრეტა უნდოდა. ზვიადისტები გოგისთან მოდიოდნენ, რომ ისინი დაეცვა და ეს ფაქტიც ხომ მეტყველებს, რომ მათი წინააღმდეგი არ ყოფილა. ჩემი მეუღლე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამოჩენილი სიმამაცისთვის, ლილიან ჰელმანისა და დეშიელ ჰამეტის სახელობის ფონდის გრანტით დააჯილდოვა "ჰუმან რაითს ვოჩმა".
ზვიადი ჩეჩნეთიდან რომ ჩამოვიდა, ჩვენთან ახლაგაზრდა ბიჭი გამოგზავნა, რომელსაც წერილიც კი არ გამოატანა და უთქვამს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვენდობი, გოგი ხოშტარიააო. გოგი არავის ეწინააღმდეგებოდა, გარდა ომანიძისა და მანანა არჩვაძისა, რომელსაც დღესაც თვლის, რომ აგენტია და ძალიან ბევრი ცუდი საქმე გაუკეთა, როგორც თავის მეუღლეს, ასევე - ქვეყანას.
- ახალი წლის შეხვედრა პანდემიის პირობებში გვიწევს. რა აზრის ხართ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე?
- ჩვენ ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხდებოდით ახალ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, არანაირი საახალწლო და საზეიმო განწყობა არ გვაქვს. პანდემიის გამო ხშირად ვერ ვნახულობ შვილიშვილებს, კვირაობით ტაბახმელაში ვაკითხავთ ხოლმე. კალაძე მილიონებს რომ ხარჯავს საახალწლო დეკორაციებისთვის, ეს ყოვლად მიუღებელია. მე მომხრე ვარ წერტილოვანი შეზღუდვების, მაგრამ ტრანსპორტს აუცილებლად უნდა ემუშავა. მთავრობა სიტუაციას კი არ მართავს, ქვეყანა ჩაკეტა. თუ ამბობენ, რომ ევროპაშიც დაიკეტა ყველაფერი, იმას რატომ არ ამბობენ, იქ როგორ ეხმარებიან ხალხს? საფრანგეთში მინიმუმ 1500 ევრო გადაუხადეს ყველას. 200 ლარი არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს ყველას არც ეგ მისცეს. დღეს რომ მიტინგებს აბრალებენ ეპიდსიტუაციის გართულებას, მაშინ სად იყვნენ, ბათუმში რომ იფეთქა? ზაფხულში, ბათუმში რომ ვიყავით, ჩემი თვალით ვნახე, რა რაოდენობის რუსულნომრიანი მანქანები დადიოდნენ. სვანეთი დაკეტეს და ბათუმში რა ამბავი იყო, ვერ აღგიწერთ. დენდროპარკში რაც ხდებოდა, ეს ყველამ ნახა. რაც კი ამ პანდემიიის პირობებში ხელისფლებამ მოიმოქმედა, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ჩემი აზრი ასეთია, რომ ამ ხელისუფლებას საქართველო უნდა ქართველების გარეშე.