"მგონი, "ოცნების" მომხრეებმაც იციან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. კი არ გაყალბდა, გადაიწერა" - კვირის პალიტრა

"მგონი, "ოცნების" მომხრეებმაც იციან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. კი არ გაყალბდა, გადაიწერა"

"ახლა იმის იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში უპრეცედენტო ერთიანობაა. პარლამენტში რომ არ შედიან, ესეც იძულებითი ნაბიჯია, ამომრჩეველმა მათ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა როგორ უნდა მოსთხოვოს?!"

დაძაბული გარემო, წერტილოვანი შეზღუდვები და გაურკვეველი მომავლის შიშით მოცული მოქალაქეები - ასე შეეგება საქართველო 2020 წლის ზამთარს. ჩვენს პრობლემებზე მსახიობი გია როინიშვილი გვესაუბრება:

- მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შეარქვეს, საქართველოში თითქმის ლოკდაუნი გამოცხადდა: ჩაიკეტა ქალაქები, დაიკეტა უამრავი ბიზნესი და თუ ასე გაგრძელდება, ეკონომიკა უფრო დაიქცევა. არასწორია, როცა საქართველოს ევროპის სახელმწიფოებს ადარებენ: ევროპაში ვიღაცის მაღაზია ან რესტორანი რომ დაიხურება, იმხელა ფულს აძლევენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი მოაკლდება. იქ სახელმწიფო არც ერთ უმუშევარს კომპენსაციის გარეშე არ ტოვებს. სამწუხაროა, მაგრამ ისეთი გაღარიბებული და გასაცოდავებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა, კორონავირუსს მოუმზადებელი შეხვდა. ექიმები შეშინებული თვალებით გვიყურებენ და გვეუბნებიან, კლინიკებში ადგილები არა გვაქვსო. სად წავიდა ამხელა თანხა, რომელიც ვალად ავიღეთ? რა გაკეთდა ამ ფულით? არ იცოდნენ, რომ მეორე ტალღა იქნებოდა? - ეს კითხვები ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს. სიმართლე კი მხოლოდ ერთია: ყველამ იცოდა, რომ მეორე ტალღა იქნებოდა. ახლა მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაშია: ძალიან ბევრი თვითდასაქმებული სარჩოს გარეშე დარჩა. თქვენ რა გგონიათ? მეყვავილეს ან მწვანილის გამყიდველს ქუჩაში, სიცივეში ჯდომა უხარია? ისინი ყოველდღიურ ლუკმას მაინც შოულობდნენ, ახლა კი ამის უფლებაც აღარ აქვთ. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ უკვე შექმნილია რამდენიმე ვაქცინა, რომელსაც ცდიან. კარგი მენეჯერი უკვე თვითმფრინავში უნდა იჯდეს და კონტაქტის დამყარებას ცდილობდეს ამ კომპანიებთან, რომ "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში წამოიღოს. როგორ შეიძლება ასე გულგრილად ელოდნენ, რა მოხდება? მედიკოსებისთვის მაინც ჩამოიტანონ! მესმის, ეს ძნელი იქნება, რადგან ახლა მთელი მსოფლიო ვაქცინას ელოდება, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა გამოჩნდეს, რომ საქმე გააკეთოს? გადარჩენისთვის უნდა იმოქმედო, სხვაგვარად როგორ გადარჩები. ვშიშობ, ვაქცინებზეც იგივე ისტორია არ განმეორდეს, რაც ტესტებზე ვნახეთ!

- ოპოზიცია ახალ პარლამენტს არ აღიარებს, როგორც გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრალდებაზე? - მგონი, "ოცნების" მომხრეებმაც იციან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. კი არ გაყალბდა, გადაიწერა და ეს ყველაფერში ჩანს. ამ გადაწერილ-გადასწორებული ციფრებიდანაც ჩანს, რომ არჩევნები ოპოზიციურმა გაერთიანებამ მოიგო და ხალხმა ცვლილებებს მისცა ხმა. მაქსიმალური ციფრები დაიწერეს, მაგრამ ცესკოს მონაცემებითაც ოპოზიციამ უფრო მეტი - 52% მოაგროვა.

- მაგრამ ამ 52%-ში ისეთი ხალხი შედის, რომელიც არც "ოცნების" მომხრეა და არც "ნაციონალების". - გეთანხმებით, რადგან ამ არჩევნებზე იმდენი პარტია იყო წარმოდგენილი, ხალხს თავისუფლად შეეძლო ამოერჩია, ვინც მოსწონდა. ხალხმა კოალიციური მთავრობა აირჩია - უმეტესობამ ასე გადაწყვიტა.

- "ოცნება" მთელ ოპოზიციას "ნაცებს" უწოდებს და მოსახლეობას სააკაშვილის დაბრუნებით აშინებს. - არა მგონია, ვინმე დღეს ამ სატყუარას წამოეგოს. ოპოზიციურ სპექტრში არიან პარტიები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ პლატფორმაზე დგანან, იქ არიან ახალი სახეებიც და გამოცდილი პოლიტიკოსებიც.

- თუმცა ხელისუფლება ზოგიერთი მათგანის "არც ისე სუფთა წარსულს" ხშირად გვახსენებს... - ეს ხომ პოლიტიკაა? ზოგს უფრო სუფთა წარსული ექნება, ზოგს ნაკლებად. ცუდი წარსულის მქონე ექიმი ან მსახიობი არ გინახავთ? - როგორ შეიძლება პოლიტიკაში ყველა უცოდველი იყოს? ოპოზიციურ სპექტრში არის განათლებული ხალხი, რომელსაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია, თანაც ხალხმა მოითხოვა, რომ ერთმა კაცმა ან ერთმა პარტიამ კი არ მართოს ქვეყანა, არამედ რამდენიმემ. საუბედუროდ, ჩვენს ხალხს ეს არჩევანი წაართვეს. იმასაც ამბობენ, კოალიციაში თანხმობა არ იქნებაო. არც არის საჭირო: მთავრობაში შეიძლება კამათიც იყოს, აზრთა ჭიდილიც, მაგრამ ბოლოს რაღაცაზე შეთანხმდებიან. რაც მთავარია, ერთ ადამიანზე არ იქნება ყველაფერი დამოკიდებული.

- სააკაშვილის დაბრუნებაზე რას იტყვით?

- ხალხი გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ დატოვოს, ვინ ჩამოიყვანოს და რა გააკეთოს. ახლა მთავარია, ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და რაც ხდება, შეჩერდეს. ყველა სფეროში კრიზისია. ამ სიტუაციაში ჯანდაცვა ან განათლების სისტემა კარგად როგორ იმუშავებს?

- ბევრი ამბობს, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს. თქვენ როგორ ხართ განწყობილი? - ახლა საქართველოს ურთულესი პერიოდი უდგას, როგორღაც უნდა გადავრჩეთ. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ღირსეული ხალხი, რომელსაც ბევრი რამ გადაუტანია. ამ ხალხს, ამ ქვეყანას განვითარების საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეს. როცა 52%-იანი სრული ოპოზიციური გაერთიანება კოალიციურ მთავრობას მოითხოვს, უნდა დაუჯერო, რადგან თითოეული პარტიის უკან ამომრჩეველი დგას. ამ არჩევნებზე ყველა პარტია დაიჩაგრა, საზოგადოდ, ხალხი დაიჩაგრა. ახლა იმის იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში უპრეცედენტო ერთიანობაა. პარლამენტში რომ არ შედიან, ესეც იძულებითი ნაბიჯია, ამომრჩეველმა მათ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა როგორ უნდა მოსთხოვოს?! ჩემი შეხედულება ასეთია: მდგომარეობა რაც უფრო მალე განიმუხტება და ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს რაც უფრო სწრაფად დანიშნავს, მით უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხათუნა ჩიგოგიძე