"ჩვენი მთავარი ბერკეტი "ქართული ოცნების" პარლამენტში მარტო დარჩენის პერსპექტივაა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მთავარი ბერკეტი "ქართული ოცნების" პარლამენტში მარტო დარჩენის პერსპექტივაა"

"დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციამ ელჩებთან შეხვედრაზე წარადგინა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებია გაწერილი", - ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები და ირწმუნებიან, რომ მთავარი სივრციდან არ გადიან, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. მათი თქმით, დოკუმენტი შეიცავს სამ მნიშვნელოვან მოთხოვნას: პირველი - რიგგარეშე არჩევნები, მეორე - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მესამე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირება. მათივე თქმით, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რიგგარეშე არჩევნებით. მიუხედავად დათქმისა, რომ შუამავალ ელჩებთან წარდგენილ დოკუმენტში შემავალი საკითხები საჯაროდ არ უნდა განხილულიყო, ზოგიერთი მათგანი უკვე განსჯის საგანია. უფრო მეტიც, ზოგიერთ საკითხზე ოპოზიციონერ ლიდერებს განსხვავებული აზრი აქვთ. არის თუ არა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა, რას ემყარება მათი ტაქტიკა-სტრატეგია, ვინ რა დათმო ოპოზიციური ერთობისთვის და ვინ რას ელის ხელისუფლებისგან, "ლელოს" ლიდერი საბა ბუაძე გვესაუბრება:

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი რომ გაადვილებულიყო, საერთაშორისო პარტნიორებმა, მომრიგებელმა ელჩებმა გვთხოვეს, მოლაპარაკების დეტალებზე საჯაროდ არ გვესაუბრა. "ლელო" ითვალისწინებს ამ თხოვნას და არ ვახმაურებთ იმ გამოსავალს, რომლის მეშვეობითაც წარმოგვიდგენია ხელახალი არჩევნების ჩატარება. ოპოზიციის მოთხოვნებში არაფერი შეცვლილა, ისევ ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ.

ელჩებისთვის წარდგენილი დოკუმენტის საშუალებით ჩვენ "ქართულ ოცნებას" შევთავაზეთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეიძლება კრიზისის მოგვარება. ჩვენ შევქმენით დამატებითი სივრცე კომპრომისისა და კონსენსუსისთვის. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

- პლებისციტი არის თუ არა ერთ-ერთი ასეთი გზა კონსენსუსისთვის? - ჩვენ შუამავალი ელჩებისთვის მიცემული სიტყვის ერთგული ვართ და არ ვსაუბრობთ შეთანხმების გზებსა და სხვა დეტალებზე.

- მაგრამ პლებისციტი უკვე გახდა განსჯის საგანი. თქვენ იზიარებთ თუ არა პლებისციტის ჩატარების იდეას? - პლებისციტის ჩატარების მართებულობასა თუ არამართებულობაზე იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ისაუბრონ, რომლებმაც ეს საკითხი გაასაჯაროვეს. ჩვენ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ, სანამ ხელისუფლების პასუხს არ მივიღებთ.

- ოპოზიციონერმა ლიდერებმა ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრამდეც გამართეთ კონსულტაციები და შემდგომაც. სხვათა შორის, ითქვა, რომ "ლელოს" ოფისში შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო ლეიბორისტების ოფისში გამართული შეხვედრის დროსაც. რაზე ვერ თანხმდებით ოპოზიციონერი ლიდერები, აქვს თუ არა ხელისუფლებას მიზეზი, როცა ამბობს, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი მაინც შევა? - ჩვენ შორის მკვეთრი დაპირისპირება არ არსებობს, არის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ჯანსაღ პროცესს ყოველთვის თან ახლავს. ვცდილობთ გამოვნახოთ კომპრომისის და მივიღოთ გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით. პარლამენტში შესვლისა და ხელახალი არჩევნების შესახებ ჩვენ ერთი აზრი გვაქვს.

- "გირჩში" განხეთქილება დაკავშირებულია თუ არა ოპოზიციური ერთობის გადაწყვეტილებებთან? - "გირჩის" შიდა პროცესებზე წარმოდგენაც არა მაქვს.

- სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხი ხელისუფლებაში არ განიხილება და არც სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეჩერებას აპირებს ვინმე. - იმედია, ხელისუფლებაში გამოიძებნებიან პასუხისმგებლიანი პირები, რომლებმაც იციან, რომ კომპრომისის გარეშე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შეუძლებელია. ჩვენ სწორედ იმისთვის შევქმნით დამატებითი სივრცე, რომ "ქართულ ოცნებას" გაადვილებოდა კომპრომისი.

- თუ ხელისუფლებამ არ დათმო, რას აპირებთ? - პროტესტი გაგრძელდება. ოპოზიციური სპექტრი ამ საკითხშიც ერთიანია. საზოგადოება მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გამოსწორების ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია. თუ როგორი იქნება პროტესტი, დრო გვაჩვენებს. თუმცა ჩვენი მთავარი ბერკეტი "ქართული ოცნების" პარლამენტში მარტო დარჩენის პერსპექტივაა. შეიძლება ამას ამომრჩევლის წინაშე არ აღიარებენ, მაგრამ თავად ძალიან კარგად იციან, რომ პარლამენტში მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ და მხოლოდ თვეები იქნება საჭირო, რათა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისით შეწუხებულმა ხალხმა ძალიან ცუდ დღეში ჩააგდონ.

ხათუნა ბახტურიძე